Thumbnail

ინგლისის ნაკრების ყოფილი მორაგბის, სტიუარტ ბარნსის სტატიამ The Times-ში იტალიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. სარაგბო მიმომხილველი და Sky Sports-ის კომენტატორი ბარნსი იტალიის ნაკრების ექვსი ერიდან დაქვეითებას ითხოვს, ბუნებრივია, ამან იტალიაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია...

ბარნსის სტატიას იტალიური რაგბის ლეგენდა მაურო ბერგამასკო გამოეხმაურა, რომელსაც 106 კეპი აქვს მოხვეჭილი: 

2015 წლის შემდეგ იტალია 6 ერზე მხოლოდ მარცხდება

მაურო ბერგამასკო (იტალიის ნაკრების ყოფილი მორაგბე): "იტალია ექვსი ერის მიღმა - ეს ფრაზა უკვე ათასჯერ გვაქვს მოსმენილი. ერთი მხრივ, ეს სტატია ჩვეულებრივი ინტრიგაა, მეორე მხრივ, ისიც მართალია, რომ ჩვენ ვერ გავამართლეთ იმედები. ბრიტანელები ყოველთვის ეჭვის თვალით გვიყურებდნენ, თუმცა 20 წელი გავიდა და წარმატება საერთოდ არ გვქონია. 

რას გვთავაზობენ ისინი, ხუთ ერს დაუბრუნდებიან? თუ აღზევება/დაქვეითების სისტემას შემოიღებენ? ვერ ვხედავ სხვა რომელიმე ნაკრებს, რომელიც ჩვენს ადგილს იტალიაზე ღირსეულად დაიკავებს. განსხვავებულ აზრს პატივს ვცემ, მაგრამ ახლა იტალია უკვე ექვსი ერის წევრია და იბრძვის ყოველ მატჩში გამარჯვებისთვის. არა მგონია, ასე რომელიმე სხვა ნაკრებმა მოახერხოს".

La Repubblica წერს, რომ პრესტიჟული გამოცემის კრიტიკას არანაირი აზრი არ აქვს, სერ ბილ ბომონტმა უკვე განაცხადა, რომ ექვს ერს ცვლილებები არ შეეხება. იტალიურ გამოცემას სულ სხვა ვერსია აქვს: "არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ მსოფლიო რაგბის ჩვენს ფედერაციაზე ზეწოლის მოხდენა სურს და ეს მაშინ, როცა კორონავირუსმა სპორტის გრანდებიც კი მუხლებზე დააჩოქა". მოკლედ, იტალიაში სერიოზულად დაფიქრდნენ.

მაურო ბერჰამასკო და მასიმო ჯოვანელი ინგლისთან თამაშის წინ. 1998 წ.

მასიმო ჯოვანელი (იტალიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი): "ის უფლება, რაც ხუთი სეზონი დიდებული თამაშით მოედანზე მოვიპოვეთ, ხელიდან გვეცლება, როგორც ქვიშის მარცვლები. ჩვენ რეგრესი განვიცადეთ. არასწორი მწვრთნელების დანიშვნა ერთმანეთის მიყოლებით, თუ ბერბაზიეს არ ჩავთვლით, ამას ხელს უწყობდა.

ჩვენ გვესაჭიროებოდა მიზანსწრაფული ფედერაცია, რომელიც მუდმივად ახლის ძიებაში და განვითარებაში იქნებოდა. 

ასე რომ, მეც მიმაჩნია, რომ ექვს ერში პლეი ოფის შემოღებით არაფერი დაშავდება. არც მეორე ეშელონის ექვსი ერის საუკეთესო გუნდი ითამაშებს ჩვენზე ცუდად და იტალიისთვისაც გაკვეთილი იქნება სამომავლოდ. ეს კარგი იქნება ევროპული რაგბისთვისაც. კონკურენცია შობს პროგრესს და ჩვენც უფრო გავძლიერდებით. თუკი რაგბი სხვა ქვეყნებშიც განვითარდება, მსოფლიო რაგბიც მეტ შემოსავალს მიიღებს.

წარმოიდგინეთ, რუსებს რამხელა ინვესტიციის ჩადება შეუძლიათ სპორტში, თუ მათ გუნდს "თვიქნემზე" თამაშის შანსი გაუჩნდებათ? ყველაფერი შეიცვლება.

ვფიქრობ, "ტაიმსში" ერთი ჩვეულებრივი სტატია არ დაწერილა, ეს იყო მკაფიო მესიჯი. უნდა მივბაძოთ იაპონიას და ვაჩვენოთ ანალოგიური პროგრესი ვიყოთ კონკურენტუნარიანები. 

კორონავირუსის პანდემიამ დეტონატორის როლი შეასრულა და მექანიზმი მოძრაობაში მოიყვანა - მსოფლიო რაგბის გარდაუვალი ცვლილებები ელის და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის". 

სულ სხვა აზრისაა ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი ჯამპიერო დი კარლი, მას მიაჩნია, რომ მეორე ეშელონის ევროპულ გუნდებს იტალია თავისუფლად მოუგებს 50-60 ქულით, მათ შორის საქართველოსაც:

ჯამპიერო დი კარლი

ჯამპიერო დი კარლი (ნაკრების ყოფილი მორაგბე და შერკინების მწვრთნელი): "მოსაზრება, რომ ჩვენ არ ვიმსახურებთ ექვს ერში თამაშს, შეურაცხმყოფელია ჩვენთვის. მათთვის, ვინც ბევრი ვიშრომეთ ამის მისაღწევად და კვლავაც ვშრომობთ. დიახ, ჩვენ უკვე ხუთი წელიწადია, რაც ტურნირზე თამაში ვერ მოგვიგია. მაგრამ სხვებთან ჩვენი უპირატესობა თვალშისაცემია. რომელ გუნდსაც არ უნდა ვეთამაშოთ მეორე ეშელონიდან 50-60 ქულას იოლად დავუდებთ. თუნდაც მათ შორის საუკეთესო საქართველოსთან შესაძლებელი იყო ერთი წლის წინ ამდენი ქულის მოგროვება. უბრალოდ, დიდი ზეწოლის გამო თამაში ბიჭებმა ნერვიულად დაიწყეს. 

ახლა რომ ვუყურებ ექვსი ერის სხვა გუნდებს, ისინი ჩვენ უკვე გვაფასებენ, ეშინიათ ჩვენი და ყოველთვის საუკეთესოდ ემზადებიან ჩვენთან დაპირისპირებისთვის. რა შესაძლებლობაც გვაქვს იმის კვალობაზე, იტალიური რაგბი შესანიშნავად მუშაობს".

შეგახსენებთ, რომ სტიუარტ ბარნსმა სტატიაში გამოთქვა მოსაზრება, რომ იტალიის დაქვეითების დროა, რადგან გუნდი კონკურენციას ვერ უწევს მეტოქეებს და თანაც წლიდან წლამდე რეგრესირებს. იტალიის ნაკრებს 2015 წლის მერე ექვს ერზე თამაში არ მოუგია.

კომენტარები

ბოლო ამბები