Thumbnail

ოფიციალურად: სებასტიან ფეტელი ფერარის ტოვებს! გერმანელის განცხადება

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სებასტიან ფეტელი წლის ბოლოს ფერარიდან წავა
  • გერმანელი პილოტი და იტალიური გუნდი ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ
  • სკუდერიამ სებას წასვლა ოფიციალურად დაადასტურა

ეს მოსალოდნელიც იყო, თუმცა მაინც ბევრს ჰქონდა იმედი, რომ სებასტიან ფეტელი და ფერარი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდებოდნენ. მაგრამ ეს არ მოხდა და 32 წლის გერმანელი სკუდერიასთან ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს. ეს იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი, რომელიც ფერარიში 2015 წლიდანაა, წლის ბოლოს სკუდერიას დატოვებს.

“გუნდმაც და მეც შევამჩნიეთ, რომ ამ სეზონის შემდეგ თანამშრომლობის გაგრძელების ერთობლივი სურვილი აღარ არსებობდა,” - ვკითხულობთ ფეტელის ოფიციალურ განცხადებაში. 

სებასტიან ფეტელის განცხადება

“სკუდერია ფერარისთან ჩემი თანამშრომლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება. იმისათვის, რომ ამ სპორტში საუკეთესო შედეგებს მიაღწიო, ყველასათვის მნიშვნელოვანია სრულყოფილ ჰარმონიაში მუშაობა. გუნდმაც და მეც შევამჩნიეთ, რომ ამ სეზონის შემდეგ თანამშრომლობის გაგრძელების ერთობლივი სურვილი აღარ არსებობდა. ამ ერთობლივ გადაწყვეტილებაში ფინანსურ საკითხს არანაირი როლი არ ჰქონია.

იმ ყველაფერმა, რაც ბოლო თვეებში მოხდა, ცხოვრებაში ნამდვილ პრიორიტეტებზე დაგვაფიქრა. პირადად მე ამ დროს გამოვიყენებ იმაზე ფიქრისთვის, თუ რა არის ჩემი მომავლისთვის მართლაც მნიშვნელოვანი.

სკუდერია ფერარის ფორმულა 1-ში განსაკუთრებული ადგილი აქვს და იმედი მაქვს, მიაღწევს იმ წარმატებას, რომელსაც იმსახურებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ფერარის მთელ ოჯახს და განსაკუთრებით ტიფოზებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც წლების მანძილზე მხარს მიჭერდნენ. ახლა ჩემი მიზანია, სეზონი ისე ჩავატაროთ, რომ კიდევ რამდენიმე ლამაზი მოგონება დაგვრჩეს.”

შეგახსენებთ, რომ სებასტიან ფეტელმა 2019 წლის სეზონი, ბევრისთვის მოულოდნელად, მეხუთე ადგილზე დაასრულა. მას ახალმა თანაგუნდელმა, 22 წლის შარლ ლეკლერმაც აჯობა. დიდი ხანია, აღარავინ უარყოფს, რომ ფეტელსა და ლეკლერს შორის პრობლემებია. მიუხედავად ამისა, 2020 წლის დასაწყისში ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ სება სკუდერიასთან კონტრაქტს გააგრძელებდა. ფერარის გუნდის შეფი მატია ბინოტო ხშირად იმეორებდა, სებასტიან ფეტელი ჩვენთვის პირველი არჩევანიაო. ცოტა ხნის წინ სებამ ჟურნალ AUTO BILD-თან ინტერვიუშიც განაცხადა, რომ ფერარის მის გულში განსაკუთრებული ადგილი აქვს.

ფერარის გუნდის შეფი მატია ბინოტო

ფეტელი ფერარიში 2015 წელს, რედ ბულიდან გადავიდა და დიდი მოლოდინები ჰქონდა. ბევრი მას მიხაელ შუმახერის მსგავს გზასაც უწინასწარმეტყველებდა. სებასთან ერთად ფერარის მართლაც ჰქონდა პროგრესი. ჰეპენჰაიმელმა 101 რბოლაში 14 გამარჯვება იზეიმა, მაგრამ ეს ის არ არის, რასაც მისგან ელოდნენ და ითხოვდნენ. 2020 წლის სეზონშიც, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო არ დაიწყო, მთავარ ფავორიტად ისევ ლუის ჰემილტონი (მერსედესი) მიიჩნეოდა. შეგახსენებთ, რომ ფორმულა 1-ში იძულებითი პაუზა მინიმუმ ივლისის დასაწყისამდეა გამოცხადებული.

კომენტარები

ბოლო ამბები