Thumbnail
  • სანდრო მამუკელაშვილმა თანამემამულის ძლიერი თვისებები ჩამოთვალა
  • 19 წლის ქართველ კალათბურთელს გამთამაშებლებში მე-13 ადგილი მიაკუთვნეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა გამთამაშებელი რატი ანდრონიკაშვილი NCAA-ს ბინადარ კრეიტონში გადასვლის შემდეგ, პირველად მოხვდა ამერიკულ რეიტინგში და ამით, თავისი ახალი კლუბის წინსვლაც განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ანდრონიკაშვილი ბიგ ისთის ერთ-ერთ ლიდერ ბლუ ჯეისში სამიოდ დღის წინ ჩაირიცხა და პირველადი კომენტარების გათვალისწინებით, ამერიკული მხარე მასზე დიდ იმედებს უნდა ამყარებდეს.

დღეს, 247sports-მა ე.წ. 2020 წლის კლასის კლასიფიკაცია განაახლა და მასში რატის დებიუტი შედგა. ქართველ უკანახაზელს 64-ე ადგილი მიუჩინეს, გამთამაშებლებს შორის კი, ის მეცამეტეა, რაც არცთუ ცუდი მაჩვენებელია.

ანდრონიკაშვილი რაიან კალკბრენერის შემდეგ, რეიტინგის TOP 100-ს მხოლოდ მე-2 წარმომადგენელია, რომელიც კრეიტონში ითამაშებს, ამან კი, ბლუ ჯეისის წონის მომატებასაც შეუწყო ხელი. კრეიტონმა NCAA-ს მთლიან კლასიფიკაციაში 24-ე ადგილამდე აიწია, კონკრეტულად ბიგ ისთში კი, მესამეა.

მამუკელაშვილს ანდრონიკაშვილის დიდი იმედი აქვს

საკონფერენციო ბატალიების დროს ბლუ ჯეისის ერთ-ერთი უმთავრესი მეტოქე სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლი იქნება და შესაძლოა, ქართველთა დაპირისპირებაც ვიხილოთ. ეს, იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი სანდრო NBA-ს მომავალი დრაფტიდან თავის კანდიდატურას მოხსნის და მომავალ სეზონსაც NCAA-ში გაატარებს.

საინტერესოა, რომ მამუკელაშვილი ანდრონიკაშვილის კრეიტონში ტრანსფერს გამოეხმაურა და ვარაუდი გამოთქვა, რომ რატის სტუდენტური ლიგაში წარმატებული კარიერა ელის.

“რატის უკვე ვესაუბრე და შემიძლია ვთქვა, რომ ის აღფრთოვანებულია. კრეიტონშის გადასვლა მისთვის დიდი ნაბიჯია. ვფიქრობ, კარგ გუნდში მოხვდა და იქ მის განვითარებაზე ნამდვილად იზრუნებენ. ანდრონიკაშვილი ჩინებული უკანახაზელია და მრავალმხრივი თამაშით გამოირჩევა. შეტევაში განსაკუთრებით ძლიერია და გადამწყვეტ მომენტებში ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას არ ერიდება. რატი ბურთს კარგად ატარებს, სწრაფად გადაადგილდება, ფარქვეშ კარგად შედის და თავისუფლად მყოფ თანაგუნდელსაც არ დაუგვიანებს პასს. მჯერა, ის კრეიტონში სროლასაც დახვეწავს და დიდებული კალათბურთელი დადგება”.

კომენტარები

ბოლო ამბები