Thumbnail

ყოფილმა ინგლისელმა მორაგბემ და ახლა TV კომენტატორმა სტიუარტ ბარნსმა The Times-ში სტატია გამოაქვეყნა სათაურით: "იტალიის დატოვება 6 ერში მხოლოდ მდიდრებს აწყობთ"...

"დროა, იტალია 6 ერიდან გავუშვათ. ეს კარგი იქნება ტრადიციული ტურნირის რეპუტაციისთვის. პარადოქსია, მაგრამ ეს კარგი იქნება თავად იტალიისთვისაც" - წერს ბარნსი.

თავისი არგუმენტის გასაძლიერებლად ბარნსმა ბოლო 20 სეზონი (მათ შორის წლევანდელი ვერდასრულებული) მოიყვანა მაგალითად - იტალიის ნაკრებმა 103 თამაშში მხოლოდ 12 გამარჯვება იზეიმა (აქედან 7 შოტლანდიასთან). "სკუადრა" ყოველ 9 მატჩში ერთს იგებდა...

ამ თემაზე: 

წლევანდელ ორ მატჩში იტალიელებმა ქულაც კი ვერ მოიპოვეს, 0:42 უელსთან და 0:17 შოტლანდიასთან რომში. ბოლოს მათ ასეთი რამ 2015 წელს საფრანგეთთან დაემართათ. უკანასკნელად იტალიის ნაკრებმა 6 ერზე ედინბურგში მოიგო, როცა შოტლანდია 22:19 დაამარცხა, მაგრამ ეს იყო 2015 წლის თებერვალში. 2016, 2017, 2018, 2019 და 2020 წლების სეზონებში იტალიის ნაკრები მხოლოდ მარცხდებოდა. 

სტიუარტ ბარნსს მიაჩნია, რომ იტალია ექვს ერში არა სპორტული პრინციპით, არამედ ეკონომიკური ფაქტორებით რჩება. სტიუარტი წერს, რომ რომთან ამ მხრივ, ბუქარესტი და თბილისი ახლოსაც ვერ მოვლენ. "მაგრამ საქართველო, რუმინეთი და სხვები, თუნდაც გერმანია, იმსახურებენ შანსს, რომ ძველი კონტინენტის ელიტაში თამაში დააგემოვნონ".

სტატიის ავტორი 6 ერში გავარდნა/აღზევების სისტემის შემოღების მომხრეა, რაც იტალიას მოდუნების საშუალებას არ მისცემს. ამიტომაც მიაჩნია სტიუარტ ბარნსს, რომ 6 ერის მაჩანჩალის ტურნირიდან დაქვეითებით თავად ის ისარგებლებს და მომავალში უფრო ძლიერად ჩაატარებს ტურნირს. 

57 წლის სტიუარტ ბარნსი Sky Sports-ზე მოღვაწეობს. ინგლისის ნაკრების ყოფილ "ათიანს" სულ 10 კეპი აქვს და 34 ქულა მოხვეჭილი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2018 წლის 10 ნოემბერს ფლორენციაში დაუპირისპირდა იტალიის ნაკრებს და 17:28 წააგო. მსოფლიო რაგბის რეიტინგში "ბორჯღალოსნებს" მე-12 პოზიცია უკავიათ, იტალიის ნაკრებს - მე-14. 

კომენტარები

ბოლო ამბები