Thumbnail
  • ხაბიბმა გეიჯისთან დამარცხებული ტონი ფერგიუსონი გაამხნევა
  • ფერგიუსონმა ბევრი რთული დარტყმა მიიღო, თუმცა ფეხზე დარჩა

სპორტულ სამყაროში მთავარი ამბავი UFC 249 და ტონი ფერგიუსონი-ჯასტინ გეიჯის ბრძოლაა. გეიჯიმ სოლიდურად იჩხუბა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, ტონი ფერგიუსონმა თავისი ამტანობით და ბრძოლისუნარიანობით კი ყველა კიდევ ერთხელ გააოცა - "ელ კუკუი" თავში მიღებული უამრავი მძიმე დარტყმის მიუხედავად, ბრძოლის ბოლომდე ფეხზე დარჩა. კლინიკაში მისვლის შემდეგ კი ის სულაც ცეკვის ხასიათზე იყო, მიუხედავად იმისა, რომ ორბიტალური ძვალი აქვს გატეხილი.

📸 IG/tonyfergusonxt

რა თქმა უნდა, ბრძოლას თვალს ადევნებდა ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელმაც თავდაპირველად ჯასტინ გეიჯის ჭკვიანური საბრძოლო სტრატეგია შეაქო, შემდეგ კი ტონის გამოსვლაც შეაფასა. მათი შეხვედრების წინ, პრესკონფერენციაზე ურთიერთშეურაცხყოფის მიუხედავად, ხაბიბმა მხარდაჭერა გამოხატა და ფერგიუსონის გაბედულობა შეაქო.

"რაც არ უნდა ყოფილიყო წარსულში, იმედი მაქვს, კარგად ხარ შენც და შენი ოჯახიც. ტონი, თავი მაღლა ასწიე. როდესაც შენი შვილი გაიზრდება, ის შენით იამაყებს", - თქვა ხაბიბმა.

თავად ფერგიუსონმა მეტოქეს გამარჯვება ბრძოლის შემდეგ კიდევ ერთხელ მიულოცა და მისთვის ჩვეული სტილითა და პათოსით სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მისი დღე არ იყო და მოგების და წაგების შემხვევაშიც ჩემპიონივით უნდა მოიქცე.

შეგახსენებთ, ბრძოლის წინ ხაბიბის მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა მისი კლიენტის პოტენციურ მეტოქეებზე ისაუბრა. აბელაზიზის თქმით, ხაბიბი ფიქრობდა, რომ ბრძოლას გეიჯი 2-3 რაუნდში მოიგებდა, რადგან სტილისტურად იგი ფერგიუსონისთვის უხერხული მეტოქე იყო. ალიმ იქვე დაამატა, რომ ხაბიბის პროგნოზში ეჭვის შეტანა არ ღირს: "ხაბიბი დარწმუნებულია, რომ მისი შემდეგი ოპონენტი გეიჯი იქნება. მას სჯერა, რომ ჯასტინი ტონის ნოკაუტში ჩააგდებს. მისი პროგნოზები ხდება ხოლმე. ამაზე შეგიძლიათ ფული დადოთ. ხაბიბი ისეთ რაღაცებს ხედავს, რასაც სხვები ვერ ამჩნევენ." - განაცხადა აბელაზიზმა.

კომენტარები

ბოლო ამბები