Thumbnail

ჯოკოვიჩის დედა: 'ფედერერი თავისი ქედმაღლობით მაღიზიანებს'

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ჯოკოვიჩის დედამ შარშანდელი უიმბლდონის ფინალი გაიხსენა
  • მას არ მოეწონა, რომ მთელი სტადიონი ფედერერს ქომაგობდა
  • ის დარწმუნებულია, რომ ჯოკოვიჩს მისი ლოცვა დაეხმარა

როგორც ჩანს, ნოვაკ ჯოკოვიჩის ბანაკში როჯერ ფედერერი არცთუ ისე ძალიან უყვართ. ნოლეს დედამ, დიანამ, შარშანდელი უიმბლდონი გაიხსენა და ფედერერი არცთუ ისე სასიამოვნოდ მოიხსენია.

ნოვაკის დედა იმითაც იყო გაღიზიანებული, რომ ტრიბუნები ერთხმად როჯერს ქომაგობდა.

დიანა, ჯოკოვიჩის დედა: "ნოლეს ბევრი მატჩი მინახავს, მაგრამ შარშანდელი უიმბლდონის ფინალი ყველაზე რთული იყო. მთელი სტადიონი ფედერერს გულშემატკივრობდა. ჩვენ, ნოვაკის გუნდი, ძალიან პატარა ჯგუფი ვიყავით. ამის გამო ვბრაზდები ხოლმე, რადგან ფედერერი ძალიან ქედმაღალი ადამიანია".

მას თავისი ახსნაც აქვს, თუ როგორ მოახერხა ნოლემ ორი მატჩ-ბოლის ამოქაჩვა და მატჩის შემოტრიალება. დიანა დარწმუნებულია, რომ მის შვილს ღმერთი დაეხმარა:

"მორწმუნე ვარ და ჯვარი მუდამ თან დამაქვს. რთულ მომენტებში მშველის. ვლოცულობდი და ვამბობდი, ნოლე, შენ ეს ადრეც გაგიკეთებია და ახლაც შეგიძლია. ასეც მოხდა - ღმერთი მას დაეხმარა".

შარშანდელ ფინალში, გადამწყვეტ მეხუთე სეტში, ფედერერს ორი მატჩ-ბოლი ჰქონდა, რომელიც მან ვერ გამოიყენა და დაძაბული შეხვედრა ჯოკოვიჩის გამარჯვებით დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები