Thumbnail
  • 'თორნიკე ბურთისთვის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და ეს, ქომაგებს აღაფრთოვანებს'
  • 'გიორგი უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის ერთ-ერთი უმთავრესი მაძიებელიცაა'
  • ესპანურმა Solobasket-მა ქართველ კალათბურთელებს მაღალი კოეფიციენტები მიანიჭა
  • შენგელია ემზადება - ვარჯიში პანდემიის რეგულაციებით

ესპანურმა Solobasket-მა ლიგა ენდესას 7 საუკეთესო დამცველი ჩამოწერა, რომელთა შორის ერთბაშად 2 ქართველი კალათბურთელი – ბასკონიას მძიმე ფორვარდი თორნიკე შენგელია და იბეროსტარ ტენერიფეს ცენტრი გიორგი შერმადინი მოხვდა.

აღნიშნულმა ვებ-გვერდმა რჩეულთა გამოვლენისას რამდენიმე კრიტერიუმი გამოიყენა, რომელთაგან უმთავრესი 3 გახლდათ: დაცვაში მოხსნა, ჩაჭრა და დაფარება.

შედეგად, შენგელიას დაცვითი კოეფიციენტი 6.2 გამოვიდა და ის მადრიდის რეალის ცენტრ ვალტერ ტავარეშისა (6.9) და გრან კანარიაში ბექა ბურჯანაძის თანაგუნდელ მეტ კოსტელოს (6.4) შემდეგ მე-3 ადგილზე აღმოჩნდა. 23 ტურში თორნიკეს საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 33.0 წუთი, 16.6 ქულა, 6.3 მოხსნა (4.5 დაცვაში), 2.7 პასი, 0.3 დაფარება, 1.4 ჩაჭრა.

თორნიკე შენგელია

ბასკონიას კაპიტანი ერთადერთი მძიმე ფორვარდია, რომელიც ამ სიაში მოხვდა. შენგელია ბასკების უმთავრეს გუნდში უკვე მე-6 სეზონს ატარებს და დიდი ხანია დაამტკიცა, რომ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ჩვენ ამჯერად თორნიკეს დაცვით უნარებზე შევჩერდებით. შენგელია ბურთისთვის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და ეს, ქომაგებს აღაფრთოვანებს. ის ჩაჭრების (1.4) მხრივ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს თამაშობს, დაკარგვებიც (2.4) ცოტა აქვს. შენგელიამ გასული 23 მატჩიდან 19-ში 30 წუთზე მეტი ითამაშა და ეს, ბევრ რამეზე მეტყველებს. ფიზიკურად და მობილურობის მხრივ ის იმდენად კარგად არის მომზადებული, რომ ფარქვეშ თითქმის მთელ სივრცეს ფარავს და ბურთის მოხსნის საშუალებას არავის აძლევს.

შენგელიას შემდეგ სიაში დეიან კრავიჩი (ობრადოირო) მოდის, ხუთეულს კი გიორგი შერმადინი აგვირგვინებს. იბეროსტარ ტენერიფეს ქართველი მცველის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 26.0 წუთი, 18.3 ქულა, 7.1 მოხსნა (4.7 დაცვაში), 1.5 პასი, 0.5 დაფარება, 0.6 ჩაჭრა.

გიორგი შერმადინი

შერმადინი საუკეთესო მცველთა სიაში მე-2 ქართველი კალათბურთელია და მისი აქ მოხვედრა მოულოდნელი ნამდვილად არაა, რადგანაც ის სეზონის უძვირფასესი მოთამაშის (MVP) ტიტულის ერთ-ერთი უმთავრესი მაძიებელიცაა. გიორგის სარაგოსას, მორაბანკ ანდორას და უნიკახას რიგებშიც უთამაშია, ქომაგების გაოცებას კი მიმდინარე სეზონშიც განაგრძობს. შერმადინი ესპანური ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთამაშეა (2.17 მ.) და ცხადია, ფარქვეშ უპირატესობა გააჩნია, თუმცა, ცხადია, რომ წარმატებას მხოლოდ ამის გამო არ აღწევს. ამ სეზონში შერმადინი საშუალოდ 7.1 მოხსნას აგროვებს და ეს, მხოლოდ 2016-17 წელს მის მიერ ანდორაში დაფიქსირებულ მაჩვენებელს (7.6) ჩამორჩება. უცნაური ისაა, რომ ასეთი შესაძლებლობების მიუხედავად, გიორგის ლიგა ენდესას ცენტრებს შორის ბლოკ-შოტებში ერთ-ერთი უარესი შედეგი (საშუალოდ 0.5) აქვს.

შეგახსენებთ, რომ ესპანურ ლიგა ენდესას კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი სეზონის განახლების სქემა უკვე შემუშავებული აქვს. ჩემპიონობისთვის ბრძოლას გასული 23 ტურის შედეგებით საუკეთესო 12 გუნდი განაგრძობს, რომელთა შორის შენგელიას ბასკონია და შერმადინის ტენერიფეც არიან.

ახალი ფორმატის თანახმად, გუნდები ერთ ადგილას ერთ წრედ ითამაშებენ და 5 ტურის თავზე ჯგუფების საუკეთესოებს გამოავლენენ. პირველ-მეორე ადგილოსნები ერთმანეთს ნახევარფინალში გაეჯიბრებიან, ბოლოს კი ფინალი ჩატარდება. ისიც ცნობილია, რომ სეზონი არაუგვიანეს 31 მაისისა უნდა განახლდეს და გამარჯვებული 10 ივლისამდე გამოვლინდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემპიონატი ჩაშლილად გამოცხადდება.

კომენტარები

ბოლო ამბები