Thumbnail

ძაგნიძემ 3 პარტია მოიგო - ევროპის ნაკრები ფინალს მიღმა დარჩა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ევროპის საჭადრაკო ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ნანა ძაგნიძე იცავდა, ონლაინ-სივრცეში გამართული “ერთა თასის” (საპრიზო ფონდი 180 ათასი დოლარი) ფინალში გასვლა ვერ მოახერხა, თუმცა, თავად, ქართველმა დიდოსტატმა ახლადდაარსებულ ტურნირზე საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა.

ძაგნიძემ შეჯიბრის განმავლობაში 5 პარტია ჩაატარა და 3.5 ქულა მიითვალა, რაც მისი მეტოქეების გათვალისწინებით, ჩინებული მაჩვენებელია. ნანამ მხოლოდ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან (ჩინეთი) წააგო, მსოფლიოს ნაკრებში მოთამაშე ყაზახ დინარა სადუაკასოვას ჯერ დაუზავდა, შემდეგ კი სძლია და ამერიკელები ანა ზატონსკიხი და ირინა კრუშიც დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მოჭადრაკის გარდა, ევროპის ნაკრების ღირსებას ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი, სომეხი ლევონ არონიანი, პოლონელი იან-კშიშტოფ დუდა, ჰოლანდიელი ანიშ გირი და უკრაინელი ანა მუზიჩუკიც იცავდნენ, ევროპის საჭადრაკო კავშირის თავმჯდომარე ზურაბ აზმაიფარაშვილმა კი, გუნდის კაპიტნად ლეგენდარული გარი კასპაროვი შეარჩია.

ევროპელებმა რაპიდში (25 წუთი+10 წამი თითოეულ სვლაზე) ძალები აშშ-ს, ჩინეთის, ინდოეთის, რუსეთისა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებებთან მოსინჯეს და 10 ტურში 13.0 ქულა მოაგროვეს, რაც მე-3 ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა საკმარისი. ასეთივე მონაგარი აღმოაჩნდა, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლით მე-2 პოზიციაზე გავიდა აშშ, ხოლო პირველობა ჩინეთს (17.0 ქულა) ერგო.

სუპერფინალში ერთმანეთს სწორედ ჩინეთი და აშშ დაუპირისპირდნენ და მართალია, შეხვედრა 2:2 დასრულდა, ჩემპიონის ტიტული აზიელებმა მოიპოვეს, რომელთაც წრიულ შეჯიბრში უკეთესი მონაგარი ჰქონდათ. ჩინეთის ნაკრების ღირსებას ლირენ დინი, ჰაო ვანგი, იი ვეი, იიფან ჰოუ, იანგი იუ და ცზიუ ვენცზიუნი იცავდნენ.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები