Thumbnail

სეზონის ნეიტრალურ სტადიონებზე განახლების იდეას ინგლისში უფრო და უფრო მეტი კლუბი ეწინააღმდეგება. ბრაიტონისა და ასტონ ვილას შემდეგ, უოტფორდი პრემიერლიგის მესამე გუნდია, რომელიც სეზონის დარჩენილი მატჩების ნეიტრალურ სტადიონებზე ჩატარების წინააღმდეგ მიდის. ამის გამო, ინგლისის ჩემპიონატის განახლება, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

ორშაბათს, კლუბების წარმომადგენლები კიდევ ერთ ონლაინ-კონფერენციას გამართავენ და გეგმებზე ისაუბრებენ.  იმისათვის, რომ ე.წ. ‘რესტარტის პროექტი’ განხორციელდეს, 20-დან 14-მა კლუბმა მაინც უნდა დაუჭიროს მხარი. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სეზონის ნეიტრალურ მოედნებზე განახლებას უკვე 3 კლუბი ეწინააღმდეგება, ამ 70-პროცენტიანი თანხმობის მიღება საფრთხის ქვეშაა.

მატჩების ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარების იდეას ბრაიტონიც ეწინააღმდეგება

“მინიმუმ 6 კლუბი ისაუბრებს პროექტის მინუსებზე. ვფიქრობ, უფრო მეტიც!” - აცხადებს უოტფორდის ბოსი სკოდ დაქსბერი, - ჩემი აზრით, არასწორი და უსამართლოა სეზონის ბოლო მეოთხედის ნეიტრალურ სტადიონებზე ჩატარება. მეტიც: მატჩების უმაყურებლოდ ჩატარებაც არ არის სამართლიანი, რადგან ცარიელი სტადიონი მასპინძელს უპირატესობას ართმევს. ეს იმ დროს, როცა სეზონის დიდი ნაწილი სავსე სტადიონებზეა ჩატარებული. ვფიქრობ, ამ იდეას მხოლოდ ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდები დაეთანხმებიან.”

უოტფორდის შეფს მიაჩნია, რომ დაგეგმილი ფორმატით სეზონის გაგრძელებას და დასრულებას მხოლოდ ის პლუსი აქვს, რომ ლივერპული ოფიციალურად გახდება ინგლისის ჩემპიონი, ხოლო სხვა კლუბები კი ევროსაგზურებს მიოპოვებენ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგა მარტის შუა რიცხვებიდან გაჩერებულია. საერთო ჯამში 92 მატჩი დარჩა ჩასატარებელი. ინგლისური მედიის ინფორმაციით, პრემიერლიგა სეზონის განახლებას 8 ივნისისთვის, ცარიელ ტრიბუნებზე და ნეიტრალურ მოედნებზე გეგმავს. კლუბებმა გუნდური ვარჯიშები 18 მაისიდან უნდა დაიწყონ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩემპიონატს პირველი გერმანია განაახლებს. ბუნდესლიგა 16 მაისს, 26-ე ტურით განახლდება, რომლის ცენტრალური მატჩი რურის დიდი დერბია დორტმუნდის ბორუსიასა და შალკეს შორის.

 

კომენტარები

ბოლო ამბები