Thumbnail

ჯასტინ გეიჯიმ ტონი ფერგიუსონი მეხუთე რაუნდში დაამარცხა - წინ ხაბიბთან ბრძოლაა!

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • გეიჯის და ტონი ბრძოლა 5 რაუნდი გაგრძელდა
  • გეიჯი დგომში უკეთესი იყო და ყველა რაუნდი მოიგო
  • მსაჯებმა ბრძოლა 2 წუთით ადრე დაასრულეს

UFC 249-ის მთავარ ბრძოლაში ტონი ფერგიუსონი და ჯასტინ გეიჯი ხვდებოდნენ. ორივე ამ მებრძოლის აგრესიული სტილიდან გამომდინარე, გულშემატკივარი ხანმოკლე ბრძოლას და ნოკაუტს ელოდა. ბრძოლა უფრო მეტად ტაქტიკური გამოვიდა და ხუთი რაუნდი გაგრძელდა. 

ორივე დგომში იბრძოდა. გეიჯი უკეთესი იყო. პარტერში გადასვლა არცერთს არ უცდია, თუ არ ჩავთვლით ფერგიუსონის ერთ არშემდგარ მცდელობას მეხუთე რაუნდში. განსაკუთრებით უცნაური ეს ტონისგან იყო, რომელსაც პარტერში ბრძოლა და იქ მახრჩობელა ილეთების გამოყენება ძალიან უყვარს. დგომში ბრძოლაში გეიჯის უპირატესობა ჰქონდა - ის ძალიან დისციპლინირებულად და ტაქტიკურად გამართულად იბრძოდა და ბევრად უფრო ხშირად და შედეგიანად ურტყამდა.

ხუთივე რაუნდში გეიჯი უფრო ზუსტი და შედეგიანი იყო. დარტყმების თითქმის ყველა გაცვლა მისი უპირატესობით დამთავრდა. ფერგიუსონი მხოლოდ ერთხელ იყო ახლოს პოტენციურ ნოკაუტთან, როდესაც მეორე რაუნდის ბოლო წამებზე აპერკოტი მოარტყა. გეიჯი ნოკდაუნში იყო, თუმცა რაუნდი დასრულდა და ტონიმ შეტევა ვეღარ მოახერხა. გეიჯიმ კი ბევრჯერ ისეთი მოარტყა, რომ სხვა მებრძოლს აუცილებლად დაანოკაუტებდა. განსაკუთრებით ეფექტური გეიჯის მარცხენა ჰუკი იყო. ტონი მის დარტყმებს კარგად იტანდა, თუმცა სახეზე მას ბევრი სისხლი ჰქონდა.

ბოლო რაუნდებში გეიჯი არ დაიღალა - პირიქით, თავისი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. შეხვედრის დასრულებამდე ორ წუთზე ნაკლები იყო, როდესაც მსაჯმა ბრძოლის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო - ფერგიუსონს იმდენი მოხვდა, რომ აქტიურ წინააღმდეგობას ვეღარ უწევდა და ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ გეიჯი ერთი თავით უკეთესი იყო, ფერგიუსონმა მას საერთოდ ვერაფერი მოუხერხა.

ამას სტატატისტიკაც ადასტურებს. ჯამში ტონიმ 296 დარტყმა შეასრულა, საიდანაც 136 ზუსტი იყო (ზუსტი დარტყმების 45 პროცენტი). გეიჯი უფრო იშვიათად, მაგრამ ბევრად უფრო შედეგიანად ურტყამდა - 197 დარტყმიდან 143 ზუსტი (72 პროცენტი). ყველაზე მთავარი ის იყო, რომ მისი დარტყმები უფრო სახიფათო ზონებში და დიდი ძალით იყო განხორციელებული - ტონის 100 დარტყმა მოხვდა თავის არეში.

გეიჯიმ ძალიან კარგად იბრძოლა - ის, რომ თავის წონაში ერთ-ერთი საუკეთესო დამრტყმელია, აქამდეც ყველამ იცოდა. ამ ბრძოლაში მან ტაქტიკური დისციპლინა და კარგი დაცვაც აჩვენა. ზედიზედ 12 გამარჯვების შემდეგ, ეს ტონი ფერგიუსონის პირველი მარცხია. გეიჯიმ დროებითი ქამარი მოიპოვა. მისი შემდეგი გამოწვევა, წესით, შემოდგომაზე ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლა უნდა იყოს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები