Thumbnail
  • ამსტერდამული კლუბის ფეხბურთელების დამატება ბევრ გრანდს სურს
  • კრიზისის მიუხედავად, აიქსის მოთამაშეებს ფასი არ დააკლდებათ

ლეგენდარული მეკარე ედვინ ვან დერ სარი ამ დროისთვის ამსტერდამის აიაქსში მუშაობს. იგი ჰოლანდიური კლუბის აღმასრულებელი დირექტორია. 49 წლის ვან დერ სარმა აიაქსის ფეხბურთელების შესაძლო ტრანსფერებსა და მათ ფასებზე ისაუბრა.

გასულ სეზონში ამსტერდამულმა კლუბმა კარგად ითამაშა. გუნდმა შეძლო და მოიგო ქვეყნის ჩემპიონატი და თასი, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დრამატულად დამარცხდა ლონდონის ტოტენჰემთან.

მაღალ დონეზე ჩატარებული სეზონის შემდეგ, ყველა ვარაუდობდა, რომ აიაქსს ბევრი წამყვანი ფეხბურთელი დატოვებდა, თუმცა გუნდი მხოლოდ ორმა საკვანძო მოთამაშემ დატოვა. ფრენკი დე იონგმა კარიერა ბარსელონაში გააგრძელა, მატეის დე ლიხტი კი ტურინის იუვენტუსში გადაბარგდა.

რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ამსტერდამულ კლუბს ჰაკიმ ზიეხიც დატოვებს და სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, ლონდონის ჩელსის შეუერთდება. ბოლო პერიოდში ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ კლუბის გამოცვლასთან განსაკუთრებით ახლოს არიან: დონი ვან დე ბეეკი, ანდრე ონანა და ნიკოლას ტალიაფიკო.

"გასულ წელს ჩვენ ონანასთან, ტალიაფიკოსა და ვან დე ბეეკთან სიტყვიერ შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ ისინი კიდევ ერთი სეზონით დარჩებოდნენ კლუბში, შემდეგ კი ჩვენ მათ კარიერაში ახალი ნაბიჯის გადადგმაში დავეხმარებოდით. შეთანხმებაში არაფერი შეცვლილა. მათ გუნდის დატოვება შეეძლებათ, თუმცა 50%-იანი ფასდაკლება არ იქნება. კლუბებმა ამის შესახებ დაივიწყონ", - განაცხადა ვან დერ სარმა.

კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრმა კლუბმა ეკონომიკურად იზარალა. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელების ფასები დაიწევს, თუმცა როგორც ჩანს, ამსტერდამში ეს არ აინტერესებთ და მოთამაშეებს შედარებით დაბალ ფასში არ გაყიდიან.

ჩამოთვლილი სამი მოთამაშიდან ყველაზე მეტი მსურველი დონი ვან დე ბეეკს ჰყავს. ნიდერლანდელის დამატება ტოტენჰემს, ბარსელონას, მადრიდის რეალსა და მანჩესტერ იუნაიტედს სურთ.

კომენტარები

ბოლო ამბები