Thumbnail
  • 36 წლის სპეციალისტმა კლუბის ხელმძღვანელობის მოლოდინი ვერ გაამართლა
  • გიორგი აბურჯანიას ტვენტეში გადასვლაში წვლილი გონსალო გარსიასაც მიუძღოდა 

ნიდერლანდების საფეხბურთო კლუბის ტვენტეს ხელმძღვანელობამ, რომლის ღირსებას იჯარით გიორგი აბურჯანია იცავს, მთავარ მწვრთნელთან განშორება გადაწყვიტა. როგორც კლუბის პრესსამსახური იუწყება, გონსალო გარსიასთან ხელშეკრულება, რომელიც ამ ზაფხულს იწურება, აღარ გახანგრძლივდება.

გარსიამ ტვენტე 2019 წლის მაისში ჩაიბარა, კონტრაქტი კი ერთი წლით გააფორმა. 36 წლის ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა, კორონავირუსის პანდემიის გამო ნაადრევად დასრულებულ ერედივიზიეში, 26 მატჩიდან მხოლოდ 7 მოიგო და მე-14 პოზიცია დაიკავა.  

იუწყებიან, რომ გონსალო გარსიასთან ერთად ტვენტეს დატოვებენ მისი თანაშემწეებიც: ვან დერ რი, პიტერ ნემეიერი და ანალიტკოსი შენოლ კოკი.

გიორგი აბურჯანიამ ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ტვენტეს ღირსებას იჯარით 2019 წლის ზაფხულიდან იცავს, მასზე უფლებებს კი ესპანური სევილია ფლობს. ქართველი ფეხბურთელის ნიდერლანდებში გადაბარგებაში წვლილი გონსალო გარსიასაც მიუძღოდა, რომელიც გიორგის კვიპროსული ანორთოსისიდან იცნობდა. 

გიორგიმ 2019/20 წლების სეზონში ტვენტეს ღირსება ერედივიზიეს 17 მატჩში დაიცვა და 2 გოლით გამოირჩა. არსებული ინფორმაციით, ქართველი ნახევარმცველი ენსხედეს კლუბში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს და ამჟამად მასთან ერთად ემზადება.

კომენტარები

ბოლო ამბები