Thumbnail
  • 'კრეიტონის მწვრთნელები ლამის ყოველდღე მირეკავდნენ და კარგად მიცნობენ'
  • 19 წლის რატი ანდრონიკაშვილი ამერიკაში კარიერის ახალ ეტაპზე გადადის

19 წლის ქართველი კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც ქვეყნის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო და ამჟამად, უკვე ეროვნული გუნდში თამაშობს, კარიერას NCAA-ში გააგრძელებს. ამერიკული ვებ-გვერდების ცნობით, ქართველი უკანახაზელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში უკვე 7 მატჩი აქვს ჩატარებული, სტუდენტური ლიგის ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა კრეიტონ ბლუ ჯეისმა აიყვანა. რატის კომენტარი ESPN-მა გაავრცელა.

“კრეიტონს მანამდეც ვიცნობდი, სანამ დამირეკავდნენ. ამ გუნდის თამაშის სტილი ყოველთვის მომწონდა. მათ დიდებული საკალათბურთო პროგრამა აქვთ. ამ უნივერსიტეტის მწვრთნელები ყველა დანარჩენზე უკეთესად მიცნობენ და ვფიქრობ, რომ ერთმანეთს კარგად გავუგებთ. მწვრთნელის ასისტენტ ალან ჰასს ჩემი ბევრი თამაში უნახავს, მთავარმა მწვრთნელმა გრეგ მაკდერმოტმა კი, იცის ჩემი როგორც დადებითი, ისე - უარყოფითი მხარეები. ასეთ ხალხთან მოხვედრა ყოველთვის ძალიან სასარგებლოა. ისინი ლამის ყოველდღე მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ არა მხოლოდ კალათბურთზე, არამედ – ოჯახზეც. ეს კი ნიშნავს, რომ მათ მართლაც გული შესტკივათ ჩემზე”.

ESPN-ს არც ის ფაქტი დავიწყნია, რომ ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელს უმაღლეს დონეზე თამაშის გამოცდილება აქვს მიღებული. რატიმ ბოლოს ევრობასკეტის შესარჩევ მატჩებში ითამაშა და შვეიცარიასა და სერბეთთან მოედანზე გატარებულ 29 წუთში 15 ქულა მიითვალა. იმ მატჩებში მოედანზე არაერთი სახელოვანი მოთამაშე იყო.

“საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა. იმ კალათბურთელებთან დაპირისპირება, რომელთაგან ზოგი NBA-ში, ზოგიც კი ევროლიგაში თამაშობს, წინსვლაში ძალიან მეხმარება. სწორედ ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ NCAA-ში ტიპიური ახალბედა არ ვიქნები. უმაღლეს დონეზე, უფროსი კალათბურთელების წინააღმდეგ უკვე ნათამაშები მაქვს და ვფიქრობ, ეს დიდი პლიუსია”.

ანდრონიკაშვილის თვისებებიდან ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ ახალგაზრდა კალათბურთელი კომბო-მცველია. შესაბამისად, მას ერთნაირი წარმატებით შეუძლია თამაში, როგორც გამთამაშებლად, ასევე - მსროლელად.

“გუნდში ჩემი როლი ის იქნება, რასაც მწვრთნელი გადაწყვეტს. მთაავარია, ბევრი ვივარჯიშო და ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვaვლინო. შეტევაშიც და დაცვაშიც მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა გუნდს დავეხმარო. კრეიტონის თამაშის სტილი ძალიან სწრაფი და დინამიურია. ისინი ბევრ სამქულიანებს ესვრიან, მწვრთნელი კი ბიჭებს მოედანზე თავისუფლებას აძლევს. სწრაფი თამაში და თანაგუნდელების პასებით მომარაგება მეც მიყვარს, ამდენად, ვფიქრობ, ახალ გუნდს კარგად მოვერგები”.

შეგახსენებთ, რომ ბასკონიური პროექტის (ესპანეთში 2 წელი აქვს გატარებული) პროდუქტმა ანდრონიკაშვილმა გასული სეზონი ბერძნულ პანიონიოსში დაიწყო და სუპერლიგის წევრ რუსთავში დაასრულა. უდავოა, რომ რატისთვის ამერიკაში გადასვლა კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია. NCAA-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული პროგრამის მქონე უნივერსიტეტმა თანხმობა განაცხადა, ქართველი უკანახაზელის სწავლა სრულად დააფინანსოს. ცხადია, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ კრეიტონმა ჩვენებური საკალათბურთო გუნდში ათამაშოს.

საინტერესოა, რომ თუკი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ახალგაზრდა კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს წლევანდელი დრაფტიდან საკუთარი კანდიდატურა არ მოხსნა, ის და ანდრონიკაშვილი ბიგ ისთის კონფერენციაში მთავარი კონკურენტები იქნებიან. მამუკელაშვილი სეტონ ჰოლის ერთ-ერთი ლიდერია და ხსენებული კონფერენციაში ლიდერობისთვის სწორედ კრეიტონს ეპაექრებოდა. საბოლოოდ, ამ გუნდებს სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ გრანდ ვილანოვასთან ერთად იდენტური მაჩვენებელი (13 მოგება და 5 მარცხი) მოუგროვდათ, ურთიერთშეხვედრების მიხედვით კი, ასე განითესნენ: ვილანოვა, კრეიტონი და სეტონ ჰოლი.

სხვა საქმეა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, NCAA-ს სეზონიც ნაადრევად დასრულდა. არადა, საბოლოო მონაცემებით, კრეიტონი ამერიკის სტუდენტური ლიგის ოფიციალურ რეიტინგში მე-7 ადგილზე გახლდათ, ეს, ძალიან მაღალი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ NCAA-ს 32 კონფერენციაში მთლიანობაში 480-ამდე გუნდი თამაშობს.

დასასრულ ვთქვათ ისიც, რომ წლეულს კრეიტონმა დიდი დანაკლისი განიცადა, რადგანაც ორ წამყვან უკანახაზელთან გამომიმშვიდობება უწევს. ტაი-შონ ალექსანდერმა თავისი კანდიდატურა NBA-ს დრაფტზე დააყენა და დიდი ალბათობით, კარიერას მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში გააგრძელებს, ხოლო დევიონ მინცმა კრეიტონს კენტაკი არჩია. ცხადია, რომ ასეთი კონკურენტების ჩამოცილება ქართველი ლეგიონერისთვისაც სასარგებლო უნდა იყოს.

კომენტარები

ბოლო ამბები