Thumbnail

ძაგნიძემ ისევ მოიგო - ევროპის ნაკრები ფინალს მიუახლოვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

სწრაფი ჭადრაკის ონლაინ-ტურნირზე, რომელშიც არაერთი სახელოვანი დიდოსტატია ჩართული, მორიგი სათამაშო დღე მიილია, საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ კი კიდევ 1 პარტია მოიგო (გუშინ მან ამერიკელი ანა ზატონსკიხი დაამარცხა) და ევროპის ნაკრების წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.

ძაგნიძე ამჯერად თეთრი ფიგურებით თამაშობდა და ყაზახ დინარა სადუაკასოვას 50-ე სვლაზე სძლია. მე-5 ტურში ევროპელები, რომელთა კაპიტანიც სახელოვანი გარი კასპაროვია, დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებს ეთამაშებოდნენ და 2.5:1.5 სძლიეს.

ნანას გარდა, თავისი პარტია მოიგო სომეხმა ლევონ არონიანმა (მან ირანელ ალირეზა ფიროუზას აჯობა), ჰოლანდიელი ანიშ გირი ამინ ბასემთან (ირანი) დამარცხდა, ფრანგი მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი კი აზერბაიჯანელ ტეიმურ რაჯაბოვს დაუზავდა.

მე-6 ტურში ევროპის ნაკრებმა იგივე ანგარიშით უკვე რუსეთს სძლია. ამ შემთხვევაში ძაგნიძეს არ უთამაშია და მე-4 დაფაზე ადგილი უკრაინელ ანა მუზიჩუკს დაუთმო, რომელმაც ყაიმი ალეკსანდრა გორიაჩკინასთან გააფორმა, გადამწყვეტი კი ვაშიე-ლაგრავის წარმატება გამოდგა. მან შავებით იან ნეპომნიაშჩის სძლია.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის ჟამს დაარსებული ონლაინ-ტურნირი (საპრიზო ფონდი 180 ათასი დოლარი), რომელსაც “ერთა თასი” ეწოდა, 10 მაისამდე გაგრძელდება და მასში აშშ-ს, ჩინეთის, ინდოეთის, რუსეთის, ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებები არიან ჩართულნი.

აღნიშნული 6 გუნდი ერთმანეთს წრიული სისტემით (10 ტური ორ წრედ) რაპიდში (25 წუთი+10 წამი თითოეულ სვლაზე) უპირისპირდება, 2 საუკეთესო კი, ერთმანეთს ფინალში გაეჯიბრება. ძაგნიძის, არონიანის, ვაშიე-ლაგრავის, გირისა და მუზიჩუკის გარდა, ევროპის ნაკრების ღირსებას პოლონელი იან-კშიშტოფ დუდაც იცავს.

6 ტურის თავზე ერთპიროვნული ლიდერი ჩინეთია, რომლის აქტივშიც 11.0 ქულაა, ევროპის ნაკრები 9.0 ქულით მე-2 პოზიციაზეა, შემდეგ კი აშშ მოდის 7.0 ქულით. ძაგნიძე და მისი თანაგუნდელები 8 მაისს კიდევ ორ მატჩს ჩაატარებენ: ჩინეთისა და ინდოეთის ნაკრებებთან.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები