Thumbnail
  • 80-იანების ბოლოს დეტროიტ პისტონმა ორი ჩემპიონობა მოიპოვა
  • დეტროიტული თამაში დანარჩენი NBA-სგან განსხვავდებოდა
  • ეს იყო ლიგის ისტორიაში ყველაზე უხეში და აგრესიული გუნდი
  • 'პისტონსს' აიზია ტომასი ლიდერობდა

ამ გუნდზე იშვიათად საუბრობენ და კიდევ უფრო იშვიათად უყვართ. საერთოდაც, თუ დეტროიტელი არ ხარ, რთულია ეს გუნდი გიყვარდეს - მას ჰაილაითებში ვერ შეხვდები. თუმცა ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ დეტროიტულმა Bad Boys-მა NBA-ს ისტორიაში თავისი ადგილი ყველაზე უფრო კონკურენტულ ეპოქაში - მეჯიქ ჯონსონის ლეიკერსთან, ჯორდანის ჩიკაგოსთან და ლარი ბერდის ბოსტონთან კონკურენციის ფონზე მოიპოვა.

NBA-ს ორგზის ჩემპიონობის მიღმა, ‘ცუდი ბიჭების’ დეტროიტს სხვა მიღწევაც აქვს - ეს იყო ერთადერთი გუნდი, რომელსაც შეუძლია თქვას, რომ მაიკლ ჯორდანთან დადებითი ბალანსი აქვს - ბევრად უფრო მეტჯერ მოუგიათ, ვიდრე წაუგიათ.

განსხვავებული კალათბურთი

Bad Boys ისტორიას შემორჩა გუნდად, რომელიც სრულიად განსხვავებულად თამაშობდა. კალათბურთი ყველაზე ინდივიდუალისტური სპორტია გუნდურ სახეობებს შორის - სუპერვარსკვლავების გარეშე გამარჯვება არ გამოდის. სწორედ ამიტომაც ვსაუბრობთ ამდენს ჯორდანზე, მეჯიქზე, კობიზე, ლებრონზე და სხვებზე. დეტროიტმა კი ყველაზე უფრო სუპერვარსკვლავურ პერიოდში ადგილი კოლექტიური თამაშით დაიმკვიდრა.

ამ გუნდის როტაცია 9 მოთამაშეს ითვლიდა, რომლებიც თამაშში საშუალოდ 20 წუთზე მეტს თამაშობდნენ. ქულები თითქმის თანაბრად ნაწილდებოდა - აიზია ტომასის და ჯო დუმარსის გარდა, სხვა დანარჩენი მოთამაშეები დაახლოებით 10 ქულის ფარგლებში ყრიდნენ, გუნდს სროლების და ქულების რაოდენობით ის ლიდერობდა, ვისაც თამაში წაუვიდოდა, ყველაზე მთავარი კი მათი დაცვა იყო - აგრესიული, გუნდური, უკიდურესად ათლეტური და ხისტი. ეს იყო ყველაზე პროვოკაციული და უხეში გუნდი კალათბურთის ისტორიაში.

ჯო დუმარსი: აქ საბავშვო თამაშების ადგილი არ არის, ეს ომია!

ეს გუნდი ტაქტიკული თვალსაზრისითაც განსხვავებული იყო. იმ ეპოქაში საუკეთესო ჩამყრელები ცენტრები ან ფორვარდები იყვნენ. მიიჩნეოდა, რომ ჩამყრელი ცენტრის გარეშე ჩემპიონობა შეუძლებელი იყო. დეტროიტი პირველ რიგში ‘გარდების’ მეშვეობით უტევდა და გუნდი 185-სანტიმეტრიან აიზია ტომასზე, მათ ერთადერთ ვარსკვლავურ მოთამაშეზე იყო აწყობილი.

ჯეკ მაკლოსკი და ჩაკ დეილი

Bad Boys თავისთავად არ შექმნილა. ამ გუნდის კონცეფცია მათ მენეჯერს, ჯეკ მაკლოსკის ეკუთვნის. ის ‘პისტონსში’ 80-იანებში მივიდა და NBA-ს ერთ-ერთი ყველაზე უიმედო აუტსაიდერი საჩემპიონო გუნდად გარდაქმნა.

'პისტონსი' ჩემპიონობას ზეიმობს

მაკლოსკი მეშახტეთა პატარა ქალაქ პეტჩიდან იყო, მამამისიც შახტებში მუშაობდა. თავად აღიარებდა, რომ შახტებში პირველივე სტუმრობის შემდეგ მიხვდა, რომ ამ საქმიდან თავი უნდა დაეღწია, აუცილებლად განათლება მიეღო და სპორტი საუნივერსიტეტო სტიპენდიის მიღების გზად გამოიყენა. შემდეგი წლები ფლოტში გაატარა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მწვრთნელობა. მისივე თქმით, მას ‘მეშახტის სტილი’ ჰქონდა - თამაში, რომელიც დაცვას, გუნდურობას, სიხისტეს და თავისი თავის შედეგისთვის გაწირვას ეფუძნებოდა. ის კარგი მწვრთნელი იყო, თუმცა NBA-ში არაფერი გამოუვიდა, სუპერვარსკვლავებს მისი იდეების და იდეალების მიღება უბრალოდ არ სურდათ.

სწორედ ამიტომ, იგი NBA-ს უკვე მენეჯერის როლში მოევლინა, თავისი პრინციპების მიხედვით ააწყო Bad Boys, შეკრიბა რთული ხასიათის, მებრძოლი მოთამაშეები და მათ მწვრთნელად ძალიან კარგი ფსიქოლოგი და მოტივატორი ჩაკ დეილი მოძებნა. ამ ყველაფრის საშუალება მას დეტროიტმა მისცა. ის იქ შემთხვევით არ მისულა.

დეტროიტი - ქალაქი, რომელიც იბრძვის

‘მეშახტის სტილი’ მხოლოდ დეტროიტში შეიძლება ყოფილიყო წარმატებული. ეს ამერიკის იშვიათი დიდი ქალაქია, რომელიც მუშებს ეკუთვნით. წლების მანძილზე, ამერიკის ინდუსტრიულ დედაქალაქად მიიჩნეოდა, მანქანათმშენებლობის ცენტრი იყო და ‘ჯენერალ მოტორსის’ სამშობლოდ მიიჩნევა. ამას უნდა დავუმატოთ გაჭირვების და კრიმინალის ძალიან მაღალი მაჩვენებელი და მიხვდებით, რომ ამ ქალაქის კულტურისთვის ბრძოლა და ერთმანეთის გვერდში დგომა ძალიან ორგანული ამბებია.

სუპერვარსკვლავები დეტროიტში არ თამაშობენ, მათ აქ ცხოვრება უბრალოდ არ უნდათ - ასე იყო NBA-ს მთელი ისტორიის მანძილზე. ‘Bad Boys’ პისტონსი დეტროიტული კულტურის და მსოფმხედველობის ნაწილი იყო. მაკლოსკის იდეები ამ ქალაქისთვის მშობლიური აღმოჩნდა. ასეთ კალათბურთს სწორედ ეს ქალაქი მიიღებდა. როგორც ‘პისტონსი’ პარკეტზე თამაშობდა და იქცეოდა, ასე ლოს ანჯელესში რომ მოიქცე, საკუთარი მაყურებლისგან აუცილებლად სტვენას დაიმსახურებ.

აიზია ჯორდანის წინააღმდეგ

კიდევ ერთი შედარება, რომელიც მრავლისმთქმელია: თუკი ლეიკერსის გულშემატკივრების სიმბოლოდ ჯეკ ნიკოლსონი მიიჩნევა, დეტროიტს თავისი სიმბოლო ჰყავს - ლეონ ბრედლი, იგივე Leon The Barber - ანუ ‘დალაქი ლეონი’. ეს მეტსახელი მან იმიტომ მიიღო, რომ მართლა დალაქი იყო. 22 წლის მანძილზე ‘პისტონსის’ თამაში არ გაუცდენია, წინა რიგებში იჯდა და ისე იქცეოდა, რომ დეტროიტის ქუჩების ესთეტიკა პირდაპირ დარბაზში გადაჰქონდა. თავდაპირველად ‘პისტონსის’ სკამის უკან იკავებდა ადგილს, თუმცა მისი ქცევა და ლანძღვა-გინება თავისივე გუნდს ისე აწუხებდა, რომ მეტოქის სათადარიგო სკამის უკან გადასვეს, სადაც ის დეტროიტის მეექვსე მოთამაშედ იქცა.

აიზია ტომასი

ამ გუნდის გენერალი აიზია ტომასი გახლდათ, რომელიც მთელ გუნდს მართავდა. ის დრაფტის მეორე ნომერი და დეტროიტში ერთადერთი კაცი იყო, რომელსაც თამაშის წაყვანა შეეძლო. ჯო დუმარსი, მაგალითად, მე-18 პიკი იყო, დენის როდმანი 27-ე, ბილი ლამბერი, მთელს ლიგაში ყველასგან ჩამოწერილი ცენტრი, NBA-ში იტალიის გავლით მოხვდა. მთელ ამ გუნდს აიზია ათამაშებდა - თავისი პასებით ის ტოვებდა მსროლელებს - ვინი ჯონსონს და ჯეკ ედვარდსს - ცარიელ პოზიციებზე, ანაწილებდა ბურთს ‘დიდებს’ (სალი, მაჰორნი, როდმანი, ლამბერი) შორის, რომელთაც თავად სროლის შექმნა არ შეეძლოთ და თვითონაც ყრიდა.

აიზია ტომასი

მისთვის სტატისტიკას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა - შეეძლო, თამაში 10 ქულით დაესრულებინა. აიზიას საფირმო ნომერი გადამწყვეტ მომენტებში თამაშის თავის თავზე აღება იყო - მაგალითად, 1984 წელს ნიქსს ბოლო 91 წამში 16 ქულა ჩაუგდო. NBA-ში სამართლიანად მიიჩნევა, რომ ის ჯორდანთან, კობისთან და რეჯი მილერთან ერთად ე.წ. ‘ქლაჩში’, მატჩის ბოლო წუთებში, კალათბურთის ისტორიაში ყველაზე სახიფათო მოთამაშე იყო.

აიზია ტომასის შესახებ ერთი დეტალი მრავლისმთქმელია: საჩემპიონო 1989 წელს მან გუნდიდან ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ჩამყრელი ადრიან დენტლი გააშვებინა. დენტლი ზედმეტად იღებდა თავის თავზე თამაშს და წინა წელს სუპერფინალების წინ, როდესაც მთელი გუნდი შეთანხმდა, რომ თუკი რომელიმე მათგანი MVP გახდებოდა, საპრიზო თანხა, 35 ათასი დოლარი, მთელ გუნდში განაწილებულიყო, დენტლიმ ამაზე უარი თქვა. 'პისტონსში' არ შეიძლებოდა ეგოიზმის, ან ზედმეტი ინდივიდუალიზმის ადგილი ყოფილიყო. მის ნაცვლად გუნდში მარკ აგირე, ტომასის ბავშვობის მეგობარი მივიდა. თუკი დენტლი თამაშში 20 ქულაზე მეტს აგდებდა, აგირე ცოტა სროლებს დათანხმდა და თამაშში 10-ქულიან კალათბურთელად იქცა. ამის მიუხედავად, დეტროიტი ამ ტრეიდით მხოლოდ უკეთესი გუნდი გახდა.

ბილი ლამბერი მარკ აგირეს: ‘აიზიას მეგობარი რომ არ იყო, არც დაგელაპარაკებოდი. შენზე მხოლოდ ცუდი რაღაცეები მსმენია. უბრალოდ აიზიამ მთხოვა, რომ შანსი მომეცა შენთვის.’

დეტროიტული თამაში აიზია ტომასის ხასიათსა და მის მენტალიტეტს კარგად მოერგო. ის ჩიკაგოს, კიდევ ერთი ძალიან კრიმინალური ქალაქის ყველაზე საშიშ ნაწილში, დასავლეთის რაიონების გეტოში გაიზარდა. მამამისი მეორე მსოფლიო ომის დროს დაიჭრა, სამსახურის დაკარგვის შემდეგ ალკოჰოლიკად იქცა, წლების მანძილზე დეპრესია ტანჯავდა და ბოლოს 8-შვილიანი ოჯახი მიატოვა.

აიზია ტომასი მამამისის ოჯახიდან წასვლაზე: ‘ის ისეთ დეპრესიაში იყო, სწორი ქნა, რომ წავიდა. რაღაც საშინელებას გაგვიკეთებდა.’

მისი უფროსი ძმები ადგილობრივ ბანდაში Vice Lords-ში იყვნენ გაწევრიანებულები. აიზია კი წლების შემდეგ იხსენებდა, რომ დედამისი შემოსასვლელ კარებთან თავადაც იარაღით ხელში იდგა და ბანდის წევრებს მათ სახლში შესვლას უკრძალავდა.

მისი მორალი და ფასეულობები სწორედ დედამ ჩამოაყალიბა. როდესაც ის ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო ტალანტად იქცა, უნივერსიტეტები მათ სახლში სტუმრობდნენ და დედამისის გულის მოგებას ცდილობდნენ. ერთ-ერთმა უნივერსიტეტმა 100 000-დოლარიანი ბონუსიც შესთავაზა, თუკი აიზია მათ სტიპენდიას დათანხმდებოდა. მან უნივერსიტეტის წარმომადგენელი სახლიდან გააგდო სიტყვებით - 'ჩემი შვილი არ იყიდება.' დედამისმა ყველას უარი უთხრა პროვინციული ინდიანას უნივერსიტეტის გარდა, რომლის მწვრთნელის შემოთავაზებაც ასე ჟღერდა: ‘თქვენი შვილი მიიღებს საუკეთესო განათლებას და იქნება ჯენტლმენი.’

აიზიას ქუჩისბიჭური ხასიათი და გეტოების სიმტკიცე მუდამ თან ჰქონდა. არც ლარი ბერდს, არც მაიკლ ჯორდანს და არც არავის შეეძლო მისი შეშინება და thrash talking-ში დაჩაგვრა - უფრო პირიქით ხდებოდა. ჩხუბის და გაწევ-გამოწევის დროს ის ყოველთვის პირველი იყო, თუნდაც მასზე ბევრად დიდი და მაღალი მოთამაშეების წინააღმდეგ. თუმცა ის სტანდარტული ქუჩის ბიჭი არ ყოფილა - კარგი განათლება მიიღო, მისი ცოლი CIA-ს აგენტის შვილია და ლიგაში ძალიან რესპექტაბელურ კაცად მიიჩნევა. როდესაც აიზია სახლში ბრუნდებოდა, მისი ძმები აპროტესტებდნენ: ‘რატომ ლაპარაკობ როგორც ‘თეთრი’, აფროამერიკელივით ილაპარაკე.’

რატომ არ უყვართ აიზიას და ჯორდანს ერთმანეთი?

30 წელი გავიდა და აიზია ტომასს და მაიკლ ჯორდანს ერთმანეთი ისევ ძალიან არ უყვართ. სულ რამდენიმე კვირის წინ, ჯორდანის ჩიკაგოს შესახებ გამოსულ სერიალში MJ ჟურნალისტს, რომელიც მას აიზიას შესახებ ესაუბრება, პირდაპირ ეუბნება: ‘არ მითხრა, რომ აიზია asshole არ იყო.’

ჯორდანი დეტროიტის წინააღმდეგ

აიზია ტომასისთვის ჯორდანი და მისი ჩიკაგო მსოფმხედველობითად მიუღებელი იყო. არ შეიძლება, ყველაზე უფრო კოლექტიურ გუნდს ლიგის საუკეთესო ინდივიდუალისტი ყვარებოდა. აიზიას, რომელიც შეგნებულად უარს ამბობდა ვარსკვლავურ სტატუსზე, არ შეიძლებოდა, ლიგის ყველაზე დიდი ვარსკვლავის მიმართ სიმპათია ჰქონოდა.

მათი მტრობა ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე ბევრი ფიქრობს - ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მათი გუნდები კონკურენტებად იქცნენ. 1985 წლის ოლ სტარზე აიზიამ, აღმოსავლეთის გუნდის გამთამაშებელმა, გადაწყვიტა, რომ მაშინ სულ ახალგაზრდა MJ თამაშს ზედმეტად იღებდა თავის თავზე, მარტო თამაშობდა და ბურთი საერთოდ აღარ მისცა. აიზია გამთამაშებელი იყო, ბურთს და თამაშს აკონტროლებდა და ჯორდანი უბურთოდ დატოვა.

გასაგებია, რომ არც მაიკლ ჯორდანს შეიძლებოდა ყვარებოდა ის გუნდი, რომელმაც იგი პლეი ოფში ზედიზედ სამჯერ დაამარცხა. დეტროიტს ჯორდანის წინააღმდეგ ე.წ. ‘ჯორდანის წესები’ ჰქონდა შემუშავებული - MJ-ს ‘პისტონსის’ აგრესიული და ათლეტური დაცვა ძალიან ბრუტალურად უსწორდებოდა. 1988 წლის სერიაში ჩიკაგო მხოლოდ ერთხელ აცდა 100 ქულას, 1990 წლის სერიაში, გადამწყვეტ მეშვიდე თამაშში ‘პისტონსის’ დაცვამ ჩიკაგოს მხოლოდ 74 ქულა ჩააგდებინა.

ე.წ. ჯორდანის წესები:

ჩაკ დეილის წარწერა დაფაზე, დეტროიტის გასახდელში, 'ბულსთან' მეშვიდე თამაშის წინ: ‘დაიხარჯეთ ისე, როგორც მეშვიდე თამაშში - ფარის კონტროლი - ენერგია - დაშინება - დომინირება - მისდიეთ ‘ჯორდანის წესებს’.

მათი მტრობის მთავარი ამბავი 1991 წლის სერიით თარიღდებოდა. ზედიზედ სამი მარცხის შემდეგ, ჩიკაგომ დეტროიტი გაანადგურა, მატჩის ბოლო წამებში აიზია ტომასი და სამი სხვა Bad Boys თამაშის დასრულებას არ დაელოდა და სტადიონი დროზე ადრე დატოვა, რათა გამარჯვებული ჯორდანისთვის ხელი არ ჩამოერთმია. MJ ამის გამო დღემდე ნაწყენია.

‘დრიმ თიმის’ სკანდალი

1992 წელს, როცა ყველა დროის საუკეთესო გუნდი - ე.წ. 'დრიმ თიმი' შეიკრიბა, ლიგის საუკეთესო კალათბურთელებს შორის აიზია ტომასი არ იყო. ეს იმის მიუხედავად, რომ ამერიკის ნაკრებს დეტროიტში მისი მწვრთნელი ჩაკ დეილი წვრთნიდა.

ეს უსამართლობა იყო - აიზია აღიარებულია, როგორც NBA-ს ისტორიაში საუკეთესო გამთამაშებელი მეჯიქ ჯონსონის შემდეგ. ამის მიზეზი ერთი იყო - მასთან ერთად თამაში არავის სურდა. დღეს ეს ამბავი ძირითადად მაიკლ ჯორდანს ბრალდება. თუმცა აიზია და მისი დეტროიტი არავის უყვარდა. ჯორდანის გარდა, აიზიასთან ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა სკოტი პიპენსაც.

ჩიკაგომდე წლების მანძილზე ერთმანეთს ებრძოდნენ ლარი ბერდის ლეგენდარული ბოსტონ სელტიკსი და დეტროიტი. ერთმანეთი მათაც ძალიან არ უყვარდათ - ლარი ბერდსაც არ სურდა მასთან ერთად თამაში.

აიზია ტომასი: 'ლარი ბერდი ყურადღებას მხოლოდ იმიტომ იქცევს, რომ 'თეთრია'. აფროამერიკელი რომ იყოს, რიგითი მოთამაშე იქნებოდა.'

ბოსტონის კევინ მაკჰეილი იხსენებდა, რომ 1987 წლის სერიის დროს, 120-კილოიანი რიკი მაჰორნი, ‘ცუდ ბიჭებში’ ალბათ ყველაზე ცუდი ბიჭი, მას სპეციალურად აბიჯებდა მოტეხილ ფეხზე.

ზედიზედ ორი ფინალი ითამაშეს ლეიკერსმა და დეტროიტმა და მეჯიქ ჯონსონიც არ იყო აიზია ტომასის დიდი მეგობარი. ყველა, ვისაც დეტროიტთან იმ წლებში ნათამაშები ჰქონდა, ამ გუნდის მიმართ დადებითად განწყობილი არ იყო. Bad Boys-ს ლიგის ხელმძღვანელობაც ემტერებოდა. მიიჩნევდნენ, რომ ეს გუნდი კალათბურთის განვითარებას ცუდ მაგალითს აძლევდა. ‘პისტონსს’ გაუთავებელი ჩხუბებისა და უხეშობისთვის რეკორდული რაოდენობის ჯარიმები ჰქონდა გადახდილი.

ბილი ლამბერი: ‘NBA-ს ვიცე პრეზიდენტ როდ ტორნს გაურკვეველი მიზეზის გამო ჩვენი გუნდი სძულს. მას სურს, გვიკარნახოს, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ. ამ მომენტიდან ‘პისტონსი’ მთელი სამყაროს წინააღმდეგ არის.’

აიზია ტომასის ნაცვლად, ‘დრიმ თიმში’ ჯონ სტოქტონი წავიდა. ბარსელონას ოლიმპიადის შემდეგ პირველივე თამაშში გაბრაზებული აიზია სტოქტონს გაუსწორდა და 37 ქულა ჩაუგდო. ასე ხდებოდა მისი და სტოქტონის ყოველი შეხვედრის დროს. ბევრი წლის შემდეგ, აიზია დარეკავს სტოქტონის მამის კუთვნილ რესტორანში და ასეთ რამეს იტყვის: ‘გადაეცით თქვენს შვილს, რომ ის არაფერ შუაშია. ის ძალიან კარგი მოთამაშეა.’

ორი დავიწყებული ამბავი

როდესაც Bad Boys-ზე საუბრობენ, უმეტესად ჯორდანთან ომებს, ტომასის ‘დრიმ თიმში’ არწაყვანას და მათ საფირმო უხეშობას ახსენებენ. ხშირად გამორჩებათ ხოლმე ორი ამბავი. ორმა ეპიზოდმა დეტროიტის ბედზე დიდი გავლენა იქონია - რომ არა ეს ამბები, შეიძლება Bad Boys არა ორგზის, არამედ ოთხგზის ჩემპიონი ყოფილიყო.

1987 წელს, კონფერენციის ფინალში ‘პისტონსი’ ‘სელტიკსს’ მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე გასვლაზე, გადამწყვეტ მეხუთე თამაშს უგებდა. ბურთი დეტროიტს ჰქონდა. აიზიამ ბურთის შემოტანის დროს შეცდომა დაუშვა, ლარი ბერდმა ბურთი მოიპარა და დენის ჯონსონმა ბოლო წამზე ჩააგდო. აიზიას აუხსნელი შეცდომა NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომენტია.

‘პისტონსმა’ ძალიან დაძაბული სერია შვიდ თამაშში წააგო.

მომდევნო წელს დეტროიტმა ბოსტონი ისევ შვიდ თამაშში დაამარცხა და სელტიკსის მრავალწლიანი ჰეგემონია აღმოსავლეთში დაასრულა. სუპერფინალებში ლეიკერსს 3:2-ს უგებდა, მეექვსე თამაშში აიზია ტომასმა ფეხი იტკინა და ტრავმირებულმა, ცალ ფეხზე, NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეპიკური თამაში ჩაატარა. ფინალების რეკორდი - 25 ქულა მესამე მეოთხედში და ჯამში 43 ქულა.

ტრავმირებული ტომასის 25 ქულა მეოთხედში:

ბოლო შეტევის წინ, ‘პისტონსი’ ერთ ქულას იგებდა, როდესაც მსაჯმა ბილი ლამბერს ქარიმ აბდულ-ჯაბარის წინააღმდეგ არარსებული ჯარიმა მისცა. ქარიმის ორი ზუსტი ჯარიმა და დეტროიტმა ის თამაში 1 ქულით წააგო, მეშვიდე თამაში კი - 3-ით. აიზიას პერფორმანსი ისტორიას შემორჩა, თუმცა ტრავმამ და მსაჯის შეცდომამ ‘პისტონსს’ ჩემპიონობა წაართვა.

მატჩის შემდეგ, ტომასმა და ლამბერმა ლეიკერსის გასახდელიდან შამპანური მოიპარეს - ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს შამპანური მათ ეკუთვნოდათ. ტომასი იხსენებდა, რომ თავის გასახდელში ისხდნენ, ტიროდნენ, შამპანურს სვამდნენ და ერთმანეთს პირდებოდნენ, რომ შემდეგ წელს ყველას მოუგებდნენ. ასეც მოხდა.

დეტროიტი არ მომკვდარა

დეტროიტული თამაში ამ თაობით არ დასრულებულა. 2000-იანების დასაწყისში ახალი Bad Boys შეიქმნა. ჩონსი ბილაპსი აიზია ტომასის როლში, ორი აგრესიული და ათლეტური მცველი - რაშიდ და ბენ უოლესები სამწამიანში და ისევ თამაშის დაცვითი და აგრესიული მანერა. 2004 წელს, სწორედ ამ გუნდმა, სუპერფინალებში შაკის და კობის ლეიკერსი დაამთავრა. ‘ცუდი ბიჭების’ თამაში ლიგაში ისევ ცოცხლობს.

კომენტარები

ბოლო ამბები