Thumbnail

რეალს შენგელიას გარშემო ააწყობენ - თორნიკეს ცენტრის პოზიციაზეც განიხილავენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • პაბლო ლასო გუნდს სწორედ თოკოს ტრანსფერისდა მიხედვით დააკომპლექტებს
  • ქართველი კალათბურთელი, შესაძლოა, მისთვის უჩვეულო ამპლუაშიც გამოსცადონ

ესპანურ პრესაში ბასკონიას კაპიტნის თორნიკე შენგელიას მადრიდის რეალში ტრანსფერი სულ უფრო ხშირად განიხილება. Elgoldigital ქართველი კალათბურთელის ევროპულ გრანდში გადასვლას თითქმის უკვე გადაწყვეტილად მიიჩნევს და უფრო შორსაც მიდის. ესპანური ვებ-გვერდის ცნობით, მომავალი სეზონის რეალი სწორედ შენგელიას გარშემო იქნება აწყობილი და მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი პაბლო ლასო შემადგენლობას სწორედ ქართველის ტრანსფერისდა მიხედვით დააკომპლექტებს.

აღნიშნული საიტი რეალის მთავარ კოზირად ფინანსურ უპირატესობას მიიჩნევს. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ბასკონიას, რომელიც ევროპული გრანდების ფონზე, დიდი ბიუჯეტით ნამდვილად არ გამოირჩევა, შენგელიასთვის მილიონობით ევროს გადახდა გაუჭირდება. სწორედ ამიტომ, ბასკები შედარებით დაბალანაზღაურებად კალათბურთელს ეძებენ და 2 ვარიანტი ჰყავთ შერჩეული: ჯეფ ბრუკსი მილანიდან და ლუკ სიკმა ბერლინის ალბადან.

სავარაუდოა, რომ რეალი ბასკონიას კონკრეტული შეთავაზებით მაშინვე მიმართავს, როდესაც კი მიმდინარე სეზონის განახლების თაობაზე რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

თუკი შენგელია მადრიდში მართლაც გამოჩნდა, სავრაუდოდ, იქიდან აბარგება მოუწევს ტრეი ტომპკინსს, რომელსაც კონტრაქტი სწორედ ამ ზაფხულს ეწურება. გუნდში კიდევ 1 ამერიკელი მძიმე ფორვარდი ენტონი რენდოლფია, ამ პოზიციის 3 კალათბურთელის გუნდში დატოვება კი ლასოს გეგმებში არ შედის. ეს, იმ შემთხვევაში იქნებოდა საჭირო, რეალი ორი 4 ნომრით რომ თამაშობდეს, თუმცა, მადრიდელთა დამრიგებელი ამ სქემის მოყვარული არაა.

პაბლო ლასოს თორნიკე შენგელიას დამატება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი

განიხილება ის ვარიანტიც, რომ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შენგელიამ რიგ შემთხვევებში ცენტრის პოზიციაზეც კი ითამაშოს.ხუთ ნომერზე მთავარი კაცი კაბო ვერდელი ვალტერ ტავარეშია, რომლის შემცვლელადაც სალაჰ მეჯრი განიხილებოდა. ეს უკანასკნელი მძიმე ტრავმებმა გააწამა და რამდენიმე თვეა არ უთამაშია. უცნობია, ტუნისელი ცენტრი ფორმაში შესვლას როდის მოახერხებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკვე 40 წლის შესრულდა ესპანელი ვეტერანი ფელიპე რეიესი. ის ფარქვეშ მებრძოლ მაღლებს დასვენების საშუალებას აძლევდა, თუმცა, დღედღეზე კარიერას დაასრულებს.

ამ ფონზე, “სამეფო კლუბი” იტალიური მილანიდან ლიტველი არტურას გუდაიტისის გადაბირებას აპირებდა, თუმცა, ახლა ლასომ გადაწუვეტილება შეცვალა. უფრო სწორად, თუკი რეალმა კონტრაქტი შენგელიასთან გააფორმა, ბალტიისპირელი ცენტრის ვარიანტს დაივიწყებს.

ცნობისთვის, რეალის შენგელიას მიმართ ინტერესის შესახებ პირველად ნამდვილად არ იწერება, თუმცა, როგორც სჩანს, ახლა, საქმე ყველაზე სერიოზულადაა და თანაც, პროცესს ხელს კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციაც უწყობს. უახლოეს თვეებში მცირებიუჯეტიანი კლუბებისთვის ფინანსების დაზოგვას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნება.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის შენგელია ბასკონიას ღირსებას 2014 წლიდან იცავს და ხმები მისი რომელიმე ევროპულ გრანდში გადასვლის შესახებ დიდი ხანია დადის. ქართველის მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდეა გათვლილი, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, რეალს მისი გამოსყიდვა არ უნდა გაუჭირდეს. მიმდინარე სეზონში თორნიკეს ესპანეთის ჩემპიონატში საშუალოდ 16.6 ქულა და 6.3 მოხსნა ჰქონდა, ევროლიგაში კი – 15.9 ქულა და 5.6 მოხსნა. ამ დროისთვის, პანდემიის გამო, ორივე ეს ტურნირი შეწყვეტილია.

📺 თორნიკე შენგელიას 2019-20 წლების სეზონის ჰაილაითები

კომენტარები

ბოლო ამბები