Thumbnail

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2447) დღეს დაწყებულ გუნდურ ონლაინ-ტურნირში (“ერთა თასი”) პირველი პარტია ჩაატარა და თამაში მყის ქალთა შორის მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნთან (2610) მოუწია. ძაგნიძე სახელოვან მეტოქეს სწრაფ ჭადრაკში შავი ფიგურებით დაუპირისპირდა 39-ე სვლაზე დამარცხდა.

უჩვეულო შეჯიბრი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, მათ შორის საჭადრაკო შეხვედრების ჩატარებაც შეუძლებელი გახდა.

ფიდე-ს ორგანიზებული ტურნირი 10 მაისამდე გაგრძელდება და მასში აშშ-ს, ჩინეთის, ინდოეთის, რუსეთის, ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებები არიან ჩართულნი.

აღნიშნული 6 გუნდი ერთმანეთს წრიული სისტემით (10 ტური ორ წრედ) რაპიდში (25 წუთი+10 წამი თითოეულ სვლაზე) დაუპირისპირდება, 2 საუკეთესო კი, ერთამანეთს ფინალში გაეჯიბრება.

ძაგნიძე ევროპის გუნდში მოხვდა ფრანგ მაქსიმ ვაშიე-ლაგრავთან, სომეხ ლევონ არონიანთან, ჰოლანდიელ ანიშ გირისთან, უკრაინელ ანა მუზიჩუკთანა და პოლონელ იან-კშიშტოფ დუდასთან ერთად.

ევროპის გუნდის კაპიტნის დასახელება ევროპის საჭადრაკო კავშირის ქართველ თავმჯდომარე ზურაბ აზმაიფარაშვილს ევალებოდა და მან არჩევანი ძველ მეგობარზე, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა გარი კასპაროვზე შეაჩერა.

ონლაინ-ტურნირზე უკვე 2 ტური მიილია. სასტარტო ტურში, რომელშიც ძაგნიძეს მონაწილეობა არ მიუღია, მისმა გუნდმა რუსეთთან ფრედ (2:2) ითამაშა, მე-2 ტურში კი ჩინელებთან დაპირისპირება ევროპელებისთვის წარუმატებელი გამოდგა. ნანას გარდა, მარცხი შეემთხვა გირისაც, ამდენად, ევროპა 1:3 დამარცხდა.

ამ დროისთვის, ერთპიროვნული ლიდერი ჩინეთია, რომელმაც პირველ ტურშიც შედეგიანად ითამაშა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებს ასევე 3:1 სძლია. მომდევნო 2 ტურის პარტიები 6 მაისს ჩატარდება და ევროპელები ინდოეთსა და აშშ-ს გაეჯიბრებიან.

ვთქვათ ისიც, რომ “ერთა თასის” საპრიზო ფონდი 180 ათასი დოლარია, საიდანაც თითო გუნდს მხოლოდ მონაწილეობისთვის 24 ათასი ერგება.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები