Thumbnail
  • მილტონ ჰეიგმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 9 წელი იმუშავა
  • ახალზელანდიელმა მწვრთნელმა პოპსპორტის კითხვებს უპასუხა
  • ვინ მიაჩნია პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატად
  • როგორ უნდა განვითარდეს ქართული რაგბი
  • ჰეიგმა მისი მუშაობის პერიოდის საუკეთესო მატჩები და მორაგბეები დაასახელა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ამჟამად იაპონიაშია და იქაურ სარაგბო კლუბს, სანტორი გოლიათსს წვრთნის. კორონავირუსის პანდემიის გამო იაპონიის სარაგბო ჩემპიონატიც შეჩერებულია. ჰეიგის კლუბს 6 ტურში 4 მოგება ჰქონდა და ლიდერთა შორის იყო. პოპსპორტი ახალზელანდიელს იაპონიაში დაუკავშირდა.

Popsport: პირველ რიგში გვაინტერესებს, როგორ ხართ? რა ხდება იაპონიაში და როგორ ატარებთ დროს?

მილტონ ჰეიგი: იაპონიაში ისეთი მკაცრი იზოლაცია არ არის, როგორც სხვა ქვეყნებში. განვიხილავთ ამ სეზონში ჩატარებულ მატჩებს, ვაჯამებთ მოთამაშეთა ასპარეზობასა და მომდევნო სეზონს ვგეგმავთ. მთავრობა მოსახლეობას თხოვს, რომ რამდენადაც ეს შესაძლებელია, დარჩნენ სახლში. ბავშვებს ონლაინგაკვეთილები უტარდებათ. როგორც ყველა, მეც დიდ დროს ვატარებ ოჯახთან ერთად, რაც ხანდახან საკმაოდ რთულია, როცა ორი თინეიჯერი შვილი გყავს (იცინის).

Popsport: თქვენ და თქვენი ოჯახი იაპონიას მალე შეეჩვიეთ?

მილტონ ჰეიგი: განსხვავება ნამდვილად დიდია. ტოკიო უდიდესი ქალაქია, ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენება გიწევს, რადგანაც გზები გადატვირთულია. ავტომობილით 10 კილომეტრის გავლას, შესაძლოა, 2-3 საათი მოანდომო. მე, ბავშვები და ჩემი მეუღლე ხანდხან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივართ, რადგანაც ის გაცილებით სწრაფია. საქართველოში კი ყოველთვის მანქანით დავდიოდით. იაპონელები შესანიშნავი ხალხია, სამზარეულოც კარგი აქვთ, მაგრამ ტოკიოში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და ამასთან ადაპტაცია რთულია.

'იაპონელები ძალიან ბევრს მუშაობენ, მორაგბეები შეშლილებივით შრომობენ'

Popsport: როგორი დონეა იაპონიის ტოპ ლიგაში? ახალ კლუბში მუშაობა თუ მოგწონთ?

მილტონ ჰეიგი: იაპონიის ჩემპიონატში კარგად ვერ დავიწყეთ. ორი შეხვედრა წავაგეთ: პირველ ტურში ტოშიბამ გვაჯობა, რის შემდეგაც ჩემპიონ კობესთანაც დავმარცხდით, რომელიც დენ კარტერის გუნდია. არადა, კობესთან კარგი მატჩი ჩავატარეთ. ბოლო სამი თამაში კი იდეალური იყო. ტოიოტა, რომელიც ერთ-ერთი მოწინავე კლუბია 60:14 დავამარცხეთ. მერე კი, სამწუხაროდ, კორონავირუსმა ყველაფერი შეაჩერა. საკლუბო რაგბი აქ სანაკრებო რაგბისგან განსხვავდება. იაპონელები ძალიან ბევრს მუშაობენ. იცით, ხანდახან დილის 4-საათზე გავდივარ სახლიდან და ღამის 9 საათამდე უკან ვერ ვბრუნდები. ეს ბიჭები 'შეშლილებივით' შრომობენ. ბედნიერი ვარ, რადგანაც შედეგს ვხედავ. როცა მუშაობა ახალი დაწყებული გაქვს, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ის აკეთო, რასაც ისინი აკეთებენ და მხოლოდ მოგვიანებით დაიწყო ცვლილებები, მაგრამ ხანდახან ეს სიგიჟეა - ძალიან ბევრს მუშაობ და ოჯახს ვერასდროს ნახულობ. გუნდთან ყოველდღიური მუშაობა უფრო კარგია, რადგან ყოველდღიური შრომითა და მონდომებით მათი ჩვევებისა და შესაძლებლობების შეცვლა შეგიძლია. ეს ყველაფერი დიდი სიამოვნებაა.

Popsport: საქართველო მოგენატრათ?

მილტონ ჰეიგი: ცხადია, საქართველო მომენატრა. ჩემი მეგობრები მენატრებიან. რა თქმა უნდა, ქართული კერძებიც მენატრება. რამდენიმე დღის წინ ვსაუბრობდით, ქართული კერძებიდან რა მოგვემზადებინა. ხინკალი და მწვადი მომენატრა. მენატრება ქომაგები და ხალხი. არ დამავიწყდება, რომ ქართველები ყოველთვის სწრაფად და გიჟურად მართავენ მანქანას (იცინის). საქართველოსგან განსხვავებით, იაპონიაში ძალიან ნელა მოძრაობენ. მენატრება თბილისი და საქართველო, სადაც წელიწადის ეს დრო მშვენიერი სანახავია. აქ კი ხშირად წვიმიანი და ქარიანი ამინდებია.

Popsport: ვისაუბროთ მსოფლიო თასზე. ჩვენი მიზანი ორი მატჩის მოგება იყო, რაც ვერ გავაკეთეთ. რამდენიმე თვე გავიდა და როგორ შეაფასებდით მსოფლიო თასს?

მილტონ ჰეიგი: ვფიქრობ, რომ მატჩებისთვის საკმარისად მომზადებულები ვიყავით. უელსთან ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა. ეს ალბათ იმის გამო მოხდა, რომ მსოფლიო თასის პირველი ტურის მატჩი იყო, მეტოქე კი ძალიან ძლიერი და არსებობდა გარკვეული წნეხი. კარგად ვიცოდით, რომ უელსს ყოველთვის შეეძლო განსხვავებულად თამაში, განსხვავებული სტილის შემოთავაზება. ეს ვნახეთ 2017-2018 წლებში. პირველ ტაიმში კარგად ვერ ვითამაშეთ, თუმცა მეორე ტაიმი უკეთესი გვქონდა. ურუგვაისთან მოგებას ველოდით. რაც შეეხება ფიჯისთან მატჩს: როგორც შეხვედრის შემდეგ ვთქვი, ეს იყო გუნდი, რომელსაც თამაში კარგად წაუვიდა და ბოლომდე ასე გააგრძელა. მსაჯის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა პირველ ტაიმში ზიანი მოგვაყენა, რის გამოც ისე ვერ გავაგრძელეთ თამაში, როგორც საჭირო იყო. რაც შეეხება მეორე ტაიმს: მათ ალბათ 'ოლ ბლექსიც' ვერ შეაჩერებდა, რადგანაც ისე თამაშობდნენ, როგორც სურდათ.

Popsport: საქართველოში 9 წლის განმავლობაში მუშაობდით, ჩამოთვალეთ TOP 5 მატჩი, რომელიც ყველაზე მეტად დაგამახსოვრდათ.

მილტონ ჰეიგი: ცხადია, პირველი ორი მატჩი 2015 წლის მსოფლიო თასიდან უნდა ავირჩიო - ტონგასთან და ნამიბიასთან გამარჯვებები. ორივე შეხვედრა ჩვენთვის ისტორიული იყო, ტონგასთან მატჩი იმის გამო, რომ 2015 წლის მსოფლიო თასი მოგებით დავიწყეთ, ხოლო ნამიბიასთან დაპირისპირება იმით, რომ 2019 წლის მსოფლიო თასზე პირდაპირ გავედით. მესამეს ისევ 2015 წლის მსოფლიო თასიდან ავირჩევ: პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ ზელანდიასთან დაპირისპირება. მოთამაშეებისთვის ამ შეხვედრას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც 'ოლ ბლექსს' პირველად ვეთამაშეთ. ახალზელანდიელისთვის საქართველოს გაწვრთნა და 'ოლ ბლექსის' წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებული მომენტი იყო. გარდა ამისა, მატჩი ''მილენიუმზე'' ჩატარდა, რაც კიდევ ერთი დამატებითი უპირატესობა იყო.

მეოთხე თამაში 2014 წელს, რუმინეთთან გამართული მატჩია, რომელიც მარტივად მოვიგეთ (22:9). ჩვენ ვიცოდით, რომ გამარჯვებისა და პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში 'ოლ ბლექსთან' ვითამაშებდით. ასევე კარგი იყო ჩემი დებიუტი ესპანეთთან - ეს კარგი გაკვეთილი გამოდგა. თამაში წავაგეთ, თუმცა დავინახეთ, რომ არცერთ მეტოქესთან არასდროს არ უნდა მოდუნდე.

'მიმაჩნია, რომ ბაჩო ხურციძეა ის ადამიანი, რომელსაც ქართული რაგბის განვითარება შეუძლია'

Popsport: საქართველოში რაგბის კავშირის არჩევნები უნდა ჩატარდეს. სამი კანდიდატი გვყავს: ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე. როგორ ფიქრობთ, რომლის გამარჯვება იქნება უკეთესი ქართული რაგბისთვის?

მილტონ ჰეიგი: როდესაც რაგბის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ბევრი ვარიანტია გასათვალისწინებელი. ჩემი აზრით ბაჩო ხურციძე საუკეთესო ვარიანტია. მას დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიო რაგბისთან ურთიერთობის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი დიდი პლუსი, რაც გია ნიჟარაძეს ჰქონდა, სწორედ ეს იყო. მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტთან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. ლონდონსა და დუბლინში ყოფნისას ის პირადად ხვდებოდა სხვადასხვა ქვეყნების რაგბის კავშირის წარმომადგენლებს. მიმაჩნია, რომ ბაჩოს დიდი გამოცდილება აქვს. მას კომუნიკაციის დროს არ აქვს ენობრივი ბარიერი. 6 ერი, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია - რაგბის კავშირის პრეზიდენტს ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან უნდა ჰქონდეს მუდმივი კომუნიკაცია. გარდა ამისა, საქართველოს უნდა ჰქონდეს კავშირი ტიერ 2-ის ქვეყნებთან. მიმაჩნია, რომ ბაჩო ხურციძეა ის ადამიანი, რომელსაც ქართული რაგბის განვითარება შეუძლია.

Popsport: მსოფლიო რაგბის არჩევნები ბილ ბომონტმა მოიგო. მეორე კანდიდატი აგუსტინ პიშო იყო. თქვენ რომ ხმის მიცემის უფლება გქონოდათ, ვის აირჩევდით?

მილტონ ჰეიგი: პიშოს ავირჩევდი. მე მათ რამდენჯერმე შევხვედრივარ. ვფიქრობ, რომ აგუსტინ პიშო ტიერ 2-ის ქვეყნებისთვის უფრო მონდომებულია. საქართველოსთვისაც უკეთესი პიშოს გამარჯვება იქნებოდა, რადგანაც ის ასეთ ქვეყნებზე იზრუნებდა. მეორე დონის ქვეყნებსა და პირველი დონის ქვეყნებს შორის უფრო მეტ შეხვედრას მოაწყობდა. პიშო უფრო ახალგაზრდული იდეების მომხრეა. ბილ ბომონტი მაინც ძველ სკოლას ეკუთვნის.

Popsport: რა ცვლილებებს შეიძლება ველოდოთ ახალი პრეზიდენტისგან? მეორე დონის ქვეყნებს პირველი დონის ქვეყნებთან უფრო ხშირად თამაშის შანსი მიეცემათ?

მილტონ ჰეიგი: არ ვფიქრობ, რომ ამ 4 წელიწადში ბევრი ცვლილება იქნება. საქართველოს ბომონტის მმართველობის წინა 4 წელში 15-დან 20-მატჩამდე მაინც უნდა ჩაეტარებინა პირველი დონის ქვეყნებთან, მაგრამ თუ არ ვცდები, მხოლოდ 6 მატჩი ვითამაშეთ. ბომონტის მეთაურობით მსოფლიო რაგბიში დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.

Popsport: იაპონია პირველი დონის სარაგბო ქვეყანა გახდება?

მილტონ ჰეიგი: რაგბი აქ კიდევ უფრო უკეთესი გახდება და კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. იაპონიის ტოპ ლიგაში მსოფლიოს საუკეთესო მორაგბეები ჩამოდიან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ფულის დამსახურებაა, რადგანაც კლუბებს დიდი ბიუჯეტი აქვთ. მათ საკმაოდ დიდი და ცნობილი კომპანიები აფინანსებენ: 'ტოიოტა', 'პანასონიკი', 'ქენონი'... ჩემს კლუბს 'სანტორი' აფინანსებს, რომელიც ძალიან დიდი ბრენდია სამხრეთ ნახევარსფეროში.

'იაპონიაში რაგბი განვითარებას განაგრძობს. ბევრი ადამიანი, ვინც ადრე ფეხბურთს თამაშობდა, უკვე რაგბიზე გადამოერთო'

იაპონია ძალიან ბევრს მიაღწევს და განვითარდება. ამის ორი მთავარი მიზეზი არსებობს: ქვეყნის შიდა ჩემპიონატში ვარსკვლავების მოწვევა შეუძლიათ და ამ ვარსკვლავებთან მოთამაშე იაპონელი მორაგეები ვითარდებიან და კარგ მოთამაშეებად ყალიბდებიან. ამასთან, შიდა საკლუბო ჩემპიონატი უკვე ძალიან პოპულარულია. ამაზე დიდი გავლენა 2019 წლის მსოფლიო თასმა მოახდინა. მატჩებს საშუალოდ 20 000-მდე გულშემატკივარიესწრება, რაც დიდი ციფრია. ერთი სიტყვით, იაპონიაში რაგბი განვითარებას განაგრძობს. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ადრე ფეხბურთსა და ბეისბოლს თამაშობდა, უკვე რაგბიზე გადამოერთო.

Popsport: რა არის საჭირო ქართული რაგბის განვითარებისთვის, დაასახელეთ ხუთი პუნქტი.

მილტონ ჰეიგი: უპირველეს ყოვლისა, მწვრთნელთა განვითარებაა საჭირო - ლოკალური გუნდებისა და ბავშვთა მწვრთნელების. მეორე: საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა მუდმივად უნდა ითამაშოს ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე, იქ ადგილი აუცილებლად უნდა შეინარჩუნოთ. გარდა საფრანგეთისა, მორაგბეებმა უნდა ითამაშონ სუპერ რაგბიში, ინგლისის პრემიერშიფსა და ჩემპიონშიფში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ასაკობრივი ნაკრების მწვრთნელების განვითარებას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს და მუდმივად ვითარდებოდნენ, რათა ამ ასაკის ბავშვებში ყოველთვის კარგი მწვრთნელები იყვნენ. ქართული რაგბის მომავალისთვის ასევე აუცილებელია, რომ უფრო მეტი ქალი ჩაერთოს რაგბიში. უნდა შევძლოთ და წავახალისოთ ისინი, რადგანაც ქალთა რაგბი მსოფლიოში მუდმივად იზრდება და ვითარდება. თუ ჩვენ მათ წახალისებასა და რაგბიში ჩართვას შევძლებთ, ეს ქართული რაგბისთვის კარგი ამბავი იქნება.

Popsport: დაბოლოს: შეადგინეთ 'ბორჯღალოსნების' ოცნების გუნდი იმ მორაგბეებისგან, რომლებთანაც ამ 9 წლის მანძილზე იმუშავეთ.

მილტონ ჰეიგი: ეს ადვილი არ არის. დრო მჭირდება... ცხადია, პირველ ნომერზე მიხეილ ნარიაშვილი უნდა იყოს. დავით ზირაქაშვილი მესამე ნომრად. მეორე ნომერზე ჯაბა ბრეგვაძე, ან შალვა მამუკაშვილი. მხტომელებად გიორგი ჩხაიძე (ბინგო)... ძალიან რთულია ასე დასახელება.

მეორე მხტომელად კონსტანტინე მიქაუტაძე, ან გიორგი ნემსაძე. რა თქმა უნდა, მამუკა გორგოძე - ვფიქრობ, მამუკა არის საუკეთესო მოთამაშე, რომელიც საქართველოს ჰყოლია. მას რვა ნომერზე დავაყენებ. არა, გადავიფიქრე. მამუკა ექვს ნომერზე, ხოლო ბექა გორგაძე რვა ნომრად. ბექა ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა, რომელსაც განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

7 ნომერზე ვიტო კოლელიშვილს დავეყენებ. ცხრა ნომრად ვასკა ლობჟანიძე. ათ ნომერზე ხმალაძესა და თედო აბჟანდაძეს ვფიქრობ. უკანა ხაზში ბევრი მორაგბე არ გვყავს. ფულბეკის პოზიციაზე აუცილებლად მეკო. 12 ნომრად მერაბ შარიქაძე, ხოლო 13-ზე კაჭი.

რაც შეეხება ფლანგებს: სოსო მათიაშვილი და თამაზ მჭედლიძე. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი გამორჩეული იყო ახალგაზრდობაში. მან 2015 წლის მსოფლიო თასის დროს ფრთაზე ბრწყინვალედ ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები