Thumbnail

'კრივი სულ არ მადარდებს, მთავარია გადავრჩეთ' - ტაისონ ფიურის ბრძოლა არ სურს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

 სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა ტაისონ ფიურიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბრძოლის გამართვას არ აპირებს. 

"არ ვიცი, ბრძოლას ვისთან ვისურვებდი, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ამჟამად არცერთი ბრძოლაა აქტუალური. არც კრივია, არც სპორტი და არც არაფერი. კრივი სულ არ მადარდებს, ახლა მთავარი გადარჩენაა. 

ისტორიაში უამრავი ასეთი პანდემიის შესახებ არის ცნობილი, რომლებისგანაც ბევრი ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლი ამასაც საკმაოდ დიდი აქვს.

ეს პანდემია ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კრივი და სპორტი. შესაბამისად, როდესაც მსოფლიო ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება, მაშინ დავილაპარაკებთ იმაზე, თუ როგორ გავართოთ კრივის მოყვარულები", - თქვა 31 წლის მოკრივემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პროფესიონალური კარიერის დასრულებას ჯერ არ აპირებს.

კარიერის განმავლობაში ტაისონ ფიურის 31 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 30 მოიგო (21 ნოკაუტით) და 1 ფრედ დაასრულა. ირლანდიელმა ბოლო ბრძოლა თებერვალში გამართა, როდესაც დეონტეი უალდერი დაანოკაუტა და WBC-ის საჩემპიონო ქამარი დაისაკუთრა. მალევე უალდერმა ტაისონთან მესამე ბრძოლის გამართვა ოფიციალურად მოითხოვა.

ამჟამად კორონავირუსის პანდემიის გამო, რომლის შედეგად მსოფლიოში 3,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაავადდა, კრივში დაგეგმილი ყველა შეჯიბრება გადატანილია.

კომენტარები

ბოლო ამბები