Thumbnail

მსოფლიო რაგბის ორგანიზაციას კვლავ ინგლისელი სერ ბილ ბომონტი უხელმძღვანელებს, რომელმაც თავმჯდომარის არჩევნებში 28:23 დაამარცხა არგენტინელი აგუსტინ პიშო. 

Daily Mail-ზე არჩევნებს კვლავ გამოეხმაურა სერ კლაივ ვუდვორდი, ლეგენდარული მწვრთნელი, რომელმაც 2003 წელს ინგლისს მსოფლიოს თასი მოაგებინა. ის თავიდანვე რეფორმების მომხრე იყო და საარჩევნო ხმის მქონე პირებს მოუწოდებდა, "ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაეკეთებინათ სწორი არჩევანი". ვუდვორდი იმედგაცრუებულია და მიაჩნია, რომ რაგბიმ წინსვლის უნიკალური შანსი ხელიდან გაუშვა...

ბომონტმა პიშო არჩევნებზე 28:23 დაამარცხა

"ვულოცავ ბილ ბომონტს, რომელიც კიდევ 4 წლით უხელმძღვანელებს მსოფლიო რაგბის. მიუხედავად იმისა, რომ "ანგარიში" 28:23-ია, სინამდვილეში მან ერთი ხმით გაიმარჯვა. იტალიას ხმა პიშოსთვის რომ მიეცა, არგენტინელი მოიგებდა.

საოცარია, მაგრამ იტალიას სამი ხმის უფლება აქვს, ფიჯის და სამოას თითო, ტონგას კი საერთოდ არ აქვს ხმის უფლება! უბრალოდ გეკითხებით, რომელს უფრო დიდი წვლილი აქვს მსოფლიო რაგბისთვის იტალიას თუ ოკეანეთის ქვეყნებს?

ფაქტია, რომ 6 ერის ერთ ქვეყანას მაინც, რომ მიეცა ხმა, პიშო მოიგებდა, რადგან მათ ჯამში 18 ხმა ჰქონდათ. ეს სისტემა ნათლად მეტყველებს დღევანდელ მდგომარეობაზე. იცით, 6 ერის ქვეყნებიდან მხოლოდ უელსი დაინტერესდა პიშოს პროგრამით, დანარჩენებს ამისთვისაც არ შეუწუხებიათ თავი! ეს უბრალოდ სამარცხვინოა.

ვუდვორდის მტკიცებით, 'იტალიის ფაქტორი' გადამწყვეტი აღმოჩნდა

ექვსმა ერმა მსოფლიო რაგბის განვითარება შეაფერხა, ისინი ყოველთვის ბლოკებად მოქმედებენ, რომ შენარჩუნდეს მათთვის სასარგებლო სტატუს კვო, ეს მათი ფინანსური ინტერესებია.

ექვს ერს უბრალოდ არ სურს მსოფლიო რაგბის განვითარება, მათ არ სურთ პლეი ოფის სისტემა ტურნირში, მათ არ სურთ დემოკრატია არჩევნებისას. მათ არ სურთ, მათ ელიტურ სტატუსს რამე დაემუქროს. რაგბი ვერსად განვითარდება, სანამ ეს ხელოვნური მონოპოლია არ დაინგრევა.

დიახ, ბილ ბომონტი გვპირდება ყველაფრის გადახედვას და რეფორმებს, მაგრამ ასე იყო 4 წლის წინათაც. ასე იყო, მაშინაც, როცა თავმჯდომარე ბერნარ ლაპასე გახდა.

არა მგონია სახელწოდება მსოფლიო რაგბი შეეფერებოდეს შინაარსს, ეს ისევ ის ძველი სისტემაა, რომელიც საუკუნეზე მეტია გვაქვს.

ბილი და მისი ახალი ვიცე-პრეზიდენტი ბერნარ ლაპორტი

ექვსი ერის გარდა როგორ განაწილდა ხმების ესეც ძალზე შემაშფოთებელი ამბავია. სამხრეთ ნახევარსფეროს ოთხმა დიდმა ქვეყანამ ხმები სწორედ ექვსი ერის წინააღმდეგ მისცა. ახლა ჩვენ გვაქვს დეკლარირებული დაპირისპირება ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ეს დაპირისპირება არ არის ჯანსაღი. ეს ხელს ვერ შეუწყობს რაგბის გლობალურ განვითარებას, პირიქით.

ფაქტია, ფიჯიმ, სამოამ, კანადამ და იაპონიამ ხმები ბომონტს მისცა. მოთამაშეებმა ამ ქვეყნებში აუცილებლად უნდა მოკითხონ მათ ორგანიზაციებს, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი ცვლილებებს.

დღეს, კორონავირუსის პანდემიის დროს, რაგბი კრიზისშია და ვფიქრობ, ამ კრიზისს მხოლოდ ინგლისი და საფრანგეთი თუ გაუმკლავდება, ისინი გაძლიერდებიან, დანარჩენი ქვეყნები კი დასუსტდებიან.

დაბოლოს, ის რომ არჩევნები თითქმის თანაბარი იყო, კარგი საფუძველია, გამოფხიზლდნენ სადაც ჯერ არს.

დღეს დილით იმის შეგრძნებით გაღვიძება მსურდა, რომ მსოფლიო რაგბის წინაშე ახალი თვალსაწიერი გადაიშლებოდა, მაგრამ შეგრძნება ისევ ძველებურია. ეს არჩევნებიც მალე დაგვავიწყდება - უნიკალური შანსი დაკარგულია"...

შეგახსენებთ, რომ არჩევნებში საქართველომ აგუსტინ პიშოს და მსოფლიო რაგბიში რეფორმებს დაუჭირა მხარი.

კომენტარები

ბოლო ამბები