Thumbnail

მაისის ბაშო გაუქმდა – ქართველ სუმოისტებს მოსამზადებლად მეტი დრო ექნებათ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იაპონიის სუმოს ასოციაციამ საზაფხულო ტურნირის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი იოლი მისახვედრია, თუმცა, მაინც ვთქვათ: კორონავირუსის პანდემიის გამო, იაპონიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 31 მაისამდე გააგრძელა, რამაც სპორტული ღონისძიებებიც აზარალა.

მოქმედი რეგულაციების თანახმად, ორგანიზაციებს თვითიზოლაციის წესების მაქსიმალურად დაცვა ევალებათ, როს ფონზეც ნაცუ ბაშოს ცარიელ დარბაზში ჩატარების შესაძლებლობაც გამოირიცხა.

მოახლოებული სუპერტურნირი ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანში 24 მაისიდან 7 ივნისამდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო. დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, დედაქალაქელებს ნუგეშად ისღა თუ დარჩებათ, რომ ივლისში ნაგოიაში დაგეგმილი ბაშო ტოკიოში იქნა გადატანილი. ცვლილება შეეხო საჩვენებელი გამოსვლების (აკი ძუნგიო) საშემოდგომი სერიასაც, რომელიც წლეულს საერთოდ აღარ გაიმართება.

საინტერესოა, რომ პროფესიონალური სუმოს ისტორიაში დაგეგმილი ტურნირი მხოლოდ მესამედ გაუქმდა.

ტოჩინოშინი ივლისამდე ტრავმის მოშუშებას ეცდება

1946 წლის ზაფხულში სუმოისტები კოკუგიკანში იმიტომ ვერ შეიკრიბნენ, რომ უბრალოდ დარბაზი არ იყო მზად. ის II მსოფლიო ომის დროს ამერიკული ავიაციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის დროს დაიწვა და შეჯიბრისთვის აღდგენა ვერ მოესწრო.

2011 წელს ბაშოსთვის ყველაფერი მზად გახლდათ, თუმცა, გარიგებულ შეხვედრებთან დაკავშირებული სკანდალი აგორდა და დოჰიოზე გასასვლელად არავის ეცალა.

გასაგებ მიზეზთა გამო, ცვლილებები არ შევა მიმდინარე რეიტინგში. ბანძუკე, რომელიც ჰარუ ბაშოს შემდეგ გამოქვეყნდა, ძალაში რჩება და სუმოისტები ივლისის სუპერტურნირზე სწორედ მის თანახმად განითესებიან. მომდევნო ბაშო 19 ივლისიდან 2 აგვისტომდე პერიოდში შედგება, თუმცა, არსებული ინფორმაციით, მაყურებლები  არც მასზე დაიშვებიან.

შეგახსენებთ, ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ლევან გორგაძეს მიმდინარე კლასიფიკაციაში დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდება აქვს, თეიმურაზ ჯუღელი იგივე გაგამარუ კი, უკვე რანგით მე-4 დივიზიონ სანდანმეშია და 28-ე საფეხური უკავია.

ორივე ქართველ სუმოისტს ტრავმები აწუხებს და მათთვის მაისის ბაშოს გადადება ცუდი ნამდვილად არ უნდა იყოს, რადგანაც ივლისისთვის მომჯობინების გაცილებით მეტი შანსი აქვთ.

დასასრულ ისიც ვთქვათ, რომ ამ დროისთვის იაპონიაში კორონავირუსით 14 877 ადამიანია ინფიცირებული, 487 კი გარდაიცვალა. მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვმა უკვე 3.5 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილი კი 248 655 ადამიანია.

კომენტარები

ბოლო ამბები