Thumbnail
  • 'კანკალმა ამიტანა და ოფლმა დამასხა, რადგანაც მასთან არასოდეს მესაუბრა'
  • როგორ მოხვდა სრულიად უცნობი არგენტინელი მსოფლიოს ჩემპიონატზე

მიმდინარე წლის აპრილში, მარადონას მიერ გაწვრთნილ ხიმნასიას კორონავირუსმა სულზე მოუსწრო და არგენტინის ჩემპიონატის ნაადრევად შეწყვეტის გამო, ელიტარული დივიზიონიდან გავარდნას გადაურჩა, ათიოდ წლის წინ კი, დიეგოს გაცილებით დიდი მიზნები ჰქონდა, როდესაც უცნაური ამბავი შეემთხვა.

2010 წლის გაზაფხულზე მარადონა ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა და მას მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ამზადებდა. იმ დროისთვის ის უკვე წაჩხუბებული იყო ხუან რომან რიკელმესთან და მისი გუნდის მიღმა დატოვება არავის გაჰკვირვებია. სამაგიეროდ, დიდი სკანდალი იყო ესტებან კამბიასოსა და ხავიერ ძანეტის არგამოძახება, ფეხბურთელებისა, რომელთაც იმ წელს, ინტერთან ერთად, ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ჩემპიონატი და თასი ჰქონდათ მოგებული.

“ისინი უკვე ნაკრების ისტორიას წარმოადგენენ, ჩვენ კი ახალი სისხლი გვჭირდება”, - ამბობდა მაშინ მარადონა, რომლის მიერ შედგენილ სიაშიც არგენტინული კოლონის 30 წლის მცველი არიელ გარსე მოხვდა. ის სამშობლოდ გარეთ ფაქტობრივად უცნობი ფეხბურთელი გახლდათ (მხოლოდ მექსიკის ჩემპიონატში ჰქონდა 11 მატჩი ჩატარებული), რომელიც დიეგოს უცნაური მიდგომების სიმბოლოდ იქცა.

დიეგო მარადონა 2010 წლის მუნდიალზე

მსოფლიოს პირველობისთვის გამოძახებამდე, გარსეს ეროვნული ნაკრების მაისურით მხოლოდ 4 მატჩო ჰქონდა ჩატარებული: 3 ამხანაგური 2003 წელს მარსელო ბიელსას ხელში და ერთი ამხანაგურიც მარადონას მწვრთნელობის ჟამს ჰაიტისთან.

ალბათ, რთული დასაჯერებელია, თუმცა, მაშინ ბრიტანული The Guardian და სხვა წყაროებიც ამტკიცებდნენ, რომ არიელი ნაკრებში ერთადერთი მიზეზის გამო აიყვანეს: მარადონას დაესიზმრა, რომ მისმა გუნდმა ტურნირი მოიგო, ერთადერთი ფეხბურთელი კი, რომელიც მას ზეიმიდან ახსოვდა, სწორედ გარსე გახლდათ.

შედეგად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა არაფრით გამორჩეული მცველი, რომლის გუნდმაც ის სეზონი სატურნირო ცხრილში მე-14 (!) ადგილზე დაასრულა.

“შესაძლოა, ეს, მართლაც სიზმართან იყო დაკავშირებული, არ ვიცი, იმიტომ, არ უთქვამს. ნაკრებში ჩემი მოხვედრით გაოგნებული ვიყავი. ამ ფაქტმა პრესა ამან ძალიან გააბრაზა და მეც ბოლომდე გადამიარეს... მარადონას ზარი დღემდე მახსოვს, დამირეკა და მეტსახელით მომმართა: “გამარჯობა, ჩინელო, დიეგო ვარ”. კანკალმა ამიტანა და ოფლმა დამასხა, რადგანაც მასთან არასოდეს მესაუბრა. არც კი ვიცოდი, რა უნდოდა, ის კი მეუბნება: “შენი 23-დან ერთ-ერთი ჩემი გლადიატორი ხარ”.

საინტერესოა, რომ გარსე სამხრეთ აფრიკაში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებას დიეგოს გადაწყვეტილებამდეც აპირებდა, ოღონდ, მხოლოდ ქომაგის რანგში. ის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრას ვერაფრით წარმოიდგენდა, ამდენად, უკვე თვითმფრინავისა და მატჩების ბილეთებიც აღებული ჰქონდა და სასტუმროც დაეჯავშნა. არიელი აფრიკაში კარგი დასვენებისთვის ემზადებოდა...

ეს, არგენტინული პუბლიკისთვის კარგად იყო ცნობილი, ამდენად, მსოფლიოს პირველობამდე ბოლო ამხანაგური მატჩისას მათ ტრიბუნებზე ირონიული ბანერიც კი გამოფინეს: Garce Trae Alfajores, რაც შემდეგ ნიშნავდა - “გარსე, ორცხობილები მაინც ჩამოგვიტანე”.

არიელ გარსე სამხრეთ აფრიკაში ტურისტად მიდიოდა და ფაქტობრივად, ასეც გამოვიდა

“მართალი გითხრათ, ნაკლებად მაღელვებს, ხალხი რას ამბობს. მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ვემზადები და ამ ბედნიერებას ვერავინ მომაკლებს” – ასე გამოეხმაურა მაშინ თავად ფეხბურთელი აღნიშნულ ამბავს.

სხვა საქმეა, რომ სამხრეთ აფრიკაში გამართული ტურნირისას არიელი ნაკრების მინდვრის მოთამაშეთაგან ერთადერთი იყო, ვისაც მინდორზე გასვლის საშუალება ერთხელაც არ მისცემია, სხვა ორნი კი, ვისაც იგივე ბედი ეწიათ, მეკარეები გახლდნენ.

როგორც სჩანს, დიეგომ გარსე მართლაც იღბლის მოსატანად წაიყვანა, თუმცა, არგენტინას ამან არ უშველა. გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო და შემდეგ, მექსიკასაც აჯობა, თუმცა, მეოთხედფინალში გერმანიის ნაკრებთან 0:4 განადგურდა.

შარშან გარსეს ჰკითხეს, რას ეტყოდა, მარადონას ახლა რომ შეხვედროდა. აი, პასუხიც: “მას მაგრად ჩავეხუტებოდი, სიტყვებით, მადლობა, გიჟო! ეს, ჩემი ცხოვრების დიადი მომენტი იყო!”.

კომენტარები

ბოლო ამბები