Thumbnail

ატირებული მოურინიო - ასეთი რამ ჟოზეს კარიერაში ერთადერთხელ მოხდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • წაგება, რომელმაც პორტუგალიელ სპეციალისტს გული ყველაზე მეტად დაწყვიტა
  • პორტუგალიელმა სპეციალისტმა მადრიდის რეალში გატარებული დრო გაიხსენა

ლონდონის ტოტენჰემის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც თავის დროზე ჩელსის, ინტერს, რეალსა და მანჩესტერ იუნაიტედს წვრთნიდა, ჟურნალისტებთან თავის ყველაზე მწარე მარცხზე ილაპარაკა. 

როგორც ირკვევა, შედეგი, რომელმაც პორტუგალიელი სპეციალისტი აატირა, 2011/12 წლების ჩემპიონთა ლიგის ½-ფინალში დაფიქსირდა. მაშინ მადრიდის რეალმა, რომელსაც ჟოზე მოურინიო წვრთნიდა, პენალტების სერიაში მიუნხენის ბაიერნთან წააგო (2:1, 1:3 პენ).

ბაიერნთან მატჩში პირველი პენალტი  კრიშტიანო რონალდომ ვერ გაიტანა 

"ეს ფეხბურთია. რონალდო, კაკა, რამოსი - სამი მონსტრი, რომლებიც არასდროს ბადებდნენ ეჭვს, მაგრამ ისინიც ადამიანები არიან. სამწვრთნელო კარიერაში მატჩის შემდეგ ერთადერთხელ იმ ღამეს ვიტირე. კარგად მახსოვს. მე და ჩემი ასისტენტი აიტორ კარანკა ავტომობილით ჩემი სახლის წინ გავჩერდით და ორივე ავტირდით. ძალიან მძიმე იყო, რადგან იმ სეზონში საუკეთესოები ვიყავით", - აქვეყნებს 57 წლის სპეციალისტის ნათქვამს ესპანური მედია.

ჟოზე მოურინიო მადრიდის რეალს 2010-13 წლებში წვრთნიდა. პორტუგალიელი სპეციალისტის ხელში "სამეფო კლუბმა" ესპანეთის ჩემპიონობა, ესპანეთის თასი და სუპერთასი მოიგო კი, მაგრამ ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირში ვერ გაიმარჯვა.

პორტუგალიელი ნანობს, რომ რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო

"არ მიყვარს ვინმეს გამორჩევა, მათ შორის არც რონალდოსი. თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანი იყო, რადგან თითოეულ მათგანს გუნდში კონკრეტული როლი ჰქონდა. ყველას სურდა მატჩების, ტიტულების მოგება და ყველამ იცოდა თავისი ფასი. ფეხბურთელები ხედავდნენ, რომ ამ მიზნების მიღწევაში წვლილი მიუძღოდათ. სიმართლე ისაა, რომ ეს გუნდი ჩემპიონთა ლიგის მოგებას იმსახურებდა.

ჩვენ წერტილი დავუსვით ბარსელონას დომინირებას. ჩემი რეალი, კრიშტიანო რონალდოსთან ერთად, საუკეთესო გუნდი იყო ევროპაში", - ამბობს ჟოზე.

კომენტარები

ბოლო ამბები