Thumbnail
  • 27 წლის ქართველმა მცველმა დონეცკის შახტარის პრესსამსახურს ინტერვიუ მისცა
  • ხოჭოლავა კარანტინში ყოფასა და ვარჯიშზე, ასევე პანდემიით შექმნი ვითარებაზე
  • საქართველოს ნაკრების რეალური მიზნები და საუკეთესო ქართველი მოთამაშეები 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და დონეცკის შახტარის მცველმა დავით ხოჭოლავამ უკრაინული კლუბის პრესსამსახურს ვრცელი ინტევიუ მისცა. 27 წლის ფეხბურთელმა თავდაპირველად კარანტინის პირობებში თავის ყოფასა და ვარჯიშზე ისაუბრა"

"მწვრთნელები ახალ ვარჯიშებს გვიგზავნიან და ვიდეოკავშირით ერთობლივ წვრთნებს ვატარებთ. ახლა უკვე შევეჩვიეთ, თორემ კარანტინის დასაწყისში, სანამ საფეხბურთო ინვენტარს შევიძენდით, სანიშნეების ნაცვლად ტუალეტის ქაღალდსა და ხუთლიტრიან ქილებს ვიყენებდით. ძნელი იყო, მაგრამ ყველაფერს მივეჩვიეთ, უკვე შევიძინეთ ველოტრენაჟორები და სარბენი ბილიკები. 

კარანტინი საქართველოში უფრო მკაცრია. თუკი უკრაინაში ქუჩაში სიარული ნიღბით დაშვებულია, საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში ავტომობილით გადაადგილებაც კი აკრძალული იყო. როგორც ვიცი, იქ კომენდანტის საათიც მოქმედებს...

ვფიქრობ, ათი დღის შემდეგ უკრაინაში კარანტინი შემსუბუქდება, 12 მაისიდან ადამიანები სამსახურებში გავლენ, რათა ეკონომიკა დიდად არ დაზარალდეს. ნიღბებით სიარული ალბათ კიდევ დიდხანს მოგვიწევს, სავარაუდოდ, წელიწადი. ვფიქრობ, რომ თუკი ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა განახლდება, სეზონის დარჩენილი ნაწილს ყველა შემთხვევაში მაყურებლების გარეშე ჩავატარებთ.

მეტ დროს ოჯახთან ერთად ვატარებ, ვამზადებ კერძებს, ვკითხულობ წიგნებს და ვუყურებ ფილმებს. ვსწავლობ პიანინოზე დაკვრას".

ქართველმა მცველმა შახტართან ერთად ზედიზედ ორჯერ უკრაინის ჩემპიონობა და თასი მოიგო

დავით ხოჭოლავამ შახტარში 2017 წლიდან თამაშობს, უკრაინაში კი მეხუთე წელიწადს ატარებს. ქართველი ფეხბურთელი ამბობს, რომ დონეცკურ კლუბში თავს ლეგიონერად არ მიიჩნევს.

"თავს ლეგიონერად არ ვგრძნობ. კლუბში ბევრი მეუბნება: შენ რა ლეგიონერი ხარ? მაგრამ ზოგჯერ ამით სარგებლობა შეიძლება. მაგალითად, შვებულების შემდეგ ლეგიონერები ერთი დღით გვიან ცხადდებიან, მაგრამ მე ყოველთვის უკრაინელებთან ერთად მიწევს დაბრუნება. ვურეკავ ექიმს და ვეუბნები: მე ხომ ლეგიონერი ვარ, მომეცით კიდევ ერთი დღე! მაგრამ არა!".

დავითს უცნაური შეკითხვა დაუსვეს: "რომელს აირჩევდი - საქართველო ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას თუ შახტართან ერთად ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას?" ხოჭოლავამ შეკითხვას მოსალოდნელი პასუხი გასცა და ასევე ისაუბრა ეროვნული გუნდის რეალურ მიზნებზე, ქართულ ფეხბურთსა და ქართულ ცეკვას შორის კავშირზე.

"ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს უფრო ნაკლები შანსი აქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე გამარჯვების, ვიდრე შახტარს - ჩემპიონთა ლიგაში. ასე რომ, თუკი არჩევაზე მიდგება საქმე, პირველი იყოს! შახტარს ისედაც აქვს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი.

საქართველოს ნაკრების რეალურ მიზნებს რაც შეეხება, ეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა. ჩვენს ეროვნულ გუნდს დიდ ტურნირებზე არასდროს უთამაშია და ახლა ძალიან კარგი შანსი აქვს. ორი მატჩის მოგებაა საჭირო, თუმცა, არ ვიცი, როდის გაიმართება.

ახლა ვხვდები, რატომ არ მაქვს სისწრაფე ფეხში - არასდროს მივლია ცეკვაზე. ბავშვობაში ცოტა ხნით კარატეზე დავდიოდი და ამის დამსახურებაა, რომ მოქნილი ვარ და კუნთებთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს მქონია".

ხოჭოლავას ანგარიშზე ეროვნულ გუნდში ჩატარებული 21 მატჩია

ხოჭოლავამ ის მწვრთნელი დაასახელა, რომლის ხელმძღვანელობით სიამოვნებით იმუშავებდა. ასევე დაასახელა მისი აზრით, თანამედროვეობის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და ყველა დროის საუკეთესო ხუთი ცენტრალური მცველი:

"ალბათ, იურგენ კლოპთან სიამოვნებით ვიმუშავებდი, მომწონს ის, თუ როგორ განაწყობს მორალურად გუნდს. 

საუკეთესო ქართველ მოქმედ ფეხბურთელად ყაზაიშვილს დავასახელებ. ის ამჟამად აშშ-შია. მასთან ერთად 6 წლიდან ვთამაშობ, ვიცი მისი ნიჭი და შესაძლებლობები მოედანზე. ასევე დავასახელებ ჩაკვეტაძეს, რომელიც ბელგიაში თამაშობს. ის 19 წლისაა და მისი შეძენა უკვე სურთ გრანდებს. ვფიქრობ, მას დიდი მომავალი აქვს. 

TOP 5 მცველი: მალდინი, ნესტა, რამოსი, ჩივაძე და კანავარო".

ვაკო ყაზაიშვილმა დავით ხოჭოლავასგან კომპლიმენტი დაიმსახურა

დავითს მისი სამ-სამი, კარგი და ცუდი საფეხბურთო თვისებების დასახელებაც სთხოვეს.

"დადებითი: ძლიერი ვარ ორთაბრძოლებში, კარგად ვთამაშობ თავით და ცენტრალური მცველის დონეზე, სწრაფი ვარ. მინუსებს რაც შეეხება, შეტევის კარგად წამოწყებაზე, გრძელ გადაცემებსა და სტაბილურობაზე მაქვს სამუშაო”.

უკრაინის პრემიერლიგა კორონავირუსის გამო შეჩერებულია. 23 ტურის შემდეგ, 59 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია. დონეცკელებს ევროპალიგის 1/8-ფინალში მეტოქედ ვოლფსბურგი ჰყავთ, რომელსაც პირველი მატჩი სტუმრად ანგარიშით 2:1 მოუგეს.

კომენტარები

ბოლო ამბები