Thumbnail

NBA-ს მომავალი დრაფტი, რომელში მონაწილეობასაც ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილიც გეგმავს, სავარაუდოდ, დათქმულ დროს ვეღარ ჩატარდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ფაქტობრივად, ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია და გამონაკლისი არც მსოფლიოს უძლიერესი საკალათბურთო ლიგაა.

მოგეხსენებათ, დრაფტზე არჩევანის თანამიმდევრობა წინა სეზონში გუნდების მიერ დაკავებული ადგილების მიხედვით დგება, ამდენად, მისი ადრეულად ჩატარება შეუძლებელია.

როგორც ირკვევა, 25 ივნისს დაგეგმილი დრაფტი აგვისტოში ან სექტემბერში გაიმართება და NBA-ს ხელმძღვანელობას იმედი აქვს, რომ მანამდე ჩემპიონის გამოვლენასაც მოახერხებს.

თუკი ეს მართლაც ასე მოხდა, საკუთარ გადაწყვეტილებაში დასარწმუნებლად მეტი დრო მიეცემა სანდრო მამუკელაშვილს.

მოგეხსენებათ, კალათბურთელებს დრაფტიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის უფლება ცერემონიამდე 10 დღით ადრე აქვთ, რა შემთხვევაშიც, ქართველ ლეგიონერს NCAA-ში დაბრუნებისა და იქ კიდევ 1 სეზონის გატარების საშუალება ექნება.

ვთქვათ ისიც, რომ საუკეთესო შემთხვევაში, NBA უკვე მომდევნო – 2020-21 წლების სეზონის დეკემბერში დაწყებასა და ივლის-აგვისტოში დასრულებას აპირებს. ლიგაში ვარაუდობენ, რომ შემდეგი სეზონი უკვე ჩვეულებრივ რეჟიმში ანუ მაყურებელთა თანდასწრებით წარიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები