Thumbnail

ოფიციალურად: პსჟ ჩემპიონია! საფრანგეთში თითქმის ყველაფერი გაირკვა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

როგორც მოსალოდნელი იყო, ფრანგულმა ლიგა 1-მა, რომელიც სამთავრობო რეგულაციის გამო, სეზონს აღარ დაასრულებს, პარი სენ-ჟერმენი ქვეყნის ჩემპიონად გამოაცხადა...

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, 13 მარტის მერე შეწყვეტილ ჩემპიონატში პსჟ 12 ქულით უსწრებდა მარსელს. 

"პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის 2019/20 წლების ჩემპიონია. ეს დედაქალაქის კლუბის მე-9 ტიტულია და ამით პსჟ მარსელს გაუთანაბრდა", - წერს ლიგა 1-ის ოფიციალური გვერდი.

საბოლოო ცხრილი ლიგა 1-მა სპორტული პრინციპით შეადგინა - საშუალო ქულა მატჩში. 

პარი სენ-ჟერმენმა ბოლო 8 სეზონიდან 7 მოიგო და ახლა 9 ტიტულით საზიარო მეორე ადგილზეა მარსელთან ერთად. ყველაზე ტიტულოვანი კლუბი საფრანგეთში კვლავ სენტ ეტიენია - "მწვანეები" 10-ჯერ გახდნენ საფრანგეთის ჩემპიონები. თუმცა ბოლო წარმატება მათ 1981 წელს ჰქონდათ.

პსჟ, მარსელი და რენი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ. ლილი, რეიმსი და ნიცა - ევროპალიგაზე. ამიენი და ტულუზი გავარდნენ, მათ ნაცვლად ლიგა 1-ში ლორიანი და ლანსი ითამაშებენ.

რაც შეეხება თასის ფინალს, იქ პსჟ და სენტ ეტიენი არიან გასული, შესაძლებელია ფინალი მაინც გაიმართოს, როცა მთავრობა ამის ნებას დართავს. 

ამ დროისთვის, საფრანგეთში კორონავირუსით 166 420 ადამიანია ინფიცირებული, 24 0876 კი გარდაიცვალა. მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 3 240 038-ს აღწევს, ხოლო 228 877 გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები