Thumbnail
  • ATP-ის ტურზე უსწრაფესი ბექჰენდი ქართველ ჩოგბურთელს აქვს
  • რაფა ნადალი სისწრაფით მესამეა, ფედერერი TOP 50-ში ძლივს მოხვდა

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის გამო, საჩოგბურთო ტურნირები შეჩერებულია. ATP-მ ოფიციალურ საიტზე მოთამაშეთა სტატისტიკაზე აკეთებს აქცენტს - აღმოჩნდა, რომ ტურზე საუკეთესო ბექჰენდი (საშუალო სიჩქარე) 28 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს აქვს.

მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ბექჰენდს საშუალოდ 114.5 კმ/სთ სიჩქარით ასრულებს. ამ მაჩვენებლით ნიკა პირველ ადგილზეა და ერთადერთი სერიოზული კონკურენტი ჰყავს - ჯონ მილმენი - 112.9 კმ/სთ. მესამე ადგილზეა რაფაელ ნადალი, მსოფლიოს მეორე ჩოგანს საშუალოდ 112.3 კმ/სთ სიჩქარის ბექჰენდი აქვს. 

აღსანიშნავია, რომ TOP 10-ში ნადალის შემდეგ დომინიკ ტიმი მოდის - 108 კმ/სთ. ის მცირედით უსწრებს ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ალეკსანდერ ზვერევს. რაც შეეხება, როჯერ ფედერერს მისი მაჩვენებელია მხოლოდ 106.3 კმ/სთ. შვეიცარიელი სულ ოდნავ უსწრებს ATP ტურის 94 მოთამაშის საშუალო მაჩვენებელს. 

Infosys ATP Beyond The Numbers-მა იმ ჩოგბურთელთა მონაცემები შეაგროვა, რომელთაც სულ მცირე, ATP-ის 10 ტურზე უთამაშიათ. 2018-2020 წლებში Hawk-Eye-ის მეშვეობით დაფიქსირებულია, როგორც დარტყმის სიჩქარის, ისე ბზრიალის კატეგორიაში. 

დაბზრიალებული დარტყმის შემთხვევაში, მეტოქეს შეცდომის დაშვების მეტი "შანსი" აქვს. ამ მხრივ ტურზე ყველაზე მაგარი იანიკ სინერია. 18 წლის იტალიელის ბექჰენდის დროს ბურთი საშუალოდ 1 858 ბრუნს აკეთებს წუთში. სხვათა შორის, საშუალო სიჩქარითაც თინეიჯერი ერთ-ერთი საუკეთესოა - მეხუთე ადგილზეა და ნიკას 3.3 კმ/სთ-ით ჩამორჩება.

ტოპხუთეულში არიან მარტინ კლიჟანი, ფელიქს ალიასიმი, პაბლო კუევასი და ჯონ მილმენი. ნადალი ამ მონაცემებითაც ლიდერთა შორისაა, თუმცა ხუთეულში არაა - 1148 ბრუნი წუთში. აი, ფედერერის მონაცემი კი მოკრძალებულია - 548 ბრუნი წუთში.  

კომენტარები

ბოლო ამბები