Thumbnail

'ბომონტმა გაიმარჯვა, საქართველომ ხმა ინგლისელს მისცა' - Daily Mail-ის ვერსია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

26-30 აპრილს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. წევრმა ქვეყნებმა და კონტინენტურმა ორგანიზაციებმა 51 ხმა ელექტრონული ფოსტის საშუალებით მისცეს, თუმცა ვინ გაიმარჯვა ოფიციალურად 12 მაისამდე უცნობი იქნება. გამარჯვებისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა, ახლანდელი თავმჯდომარე ბილ ბომონტი და ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშო.

ბრიტანულმა Daily Mail-მა დღეს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ტაბლოიდი ირწმუნება, რომ გამარჯვება ინგლისელმა ფუნქციონერმა მოიპოვა.

"სერ ბილ ბომონტი რჩება თავმჯდომარის პოსტზე, მას მერე, რაც უელსმა და ექვსი ერის ყველა ქვეყანამ მას დაუჭირა მხარი. ამის წყალობით, ინგლისელმა არგენტინელი პიშო დაამარცხა".

ბომონტი, ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 6 ერის 18 ხმიდან აბსოლუტურ უმრავლესობას ელოდა. საჭოჭმანო მხოლოდ უელსი იყო, რომელსაც სამი ხმა აქვს, თუმცა გაირკვა, რომ უელსელებმაც მას დაუჭირეს მხარი და ტაბლოიდის მტკიცებით, 6 ერიდან ბომონტმა 18 შესაძლებელიდან 18 ხმა წაიღო.

არჩევნებს 26 ხმა იგებს, ასე რომ, ექვსი ერის 18 ხმის დაბევების შემდეგ, ბომონტს მხოლოდ 8 ხმა ესაჭიროებოდა. ტაბლოიდის მტკიცებით, მან ეს ხმებიც მიიღო: რაგბი ევროპიდან, ფიჯისგან, რუმინეთისგან, იაპონიისგან, საქართველოსგან, აშშ-სგან და კანადისგან". 

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილებიდან რაგბი ევროპასა და იაპონიას 2-2 ხმის უფლება აქვთ. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა Daily Mail საქართველოს ხმას ბომონტს აკუთვნებს. საქართველოს რაგბის კავშირმა ერთხელ უკვე უარყო ეს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ ვის მისცეს ხმა. გოჩა სვანიძის თქმით, საჯაროდ ამის განცხადება მათ ეკრძალებათ, თუმცა რაგბი ევროპამ, სამოამ, აზიურმა რაგბიმ, უელსის რაგბის კავშირმა უკვე საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი არჩევანი. 

Daily Mail-ის გარდა საქართველოს ხმას ბომონტს აკუთვნებს ClickLancashire: "ექვსი ერის გარდა ბომონტს მხოლოდ 8 ხმა ესაჭიროება, რომ შეინარჩუნოს სკამი. ძნელია, რომ სხვანაირი ფინიში წარმოვიდგინოთ, რადგან რუმინეთის, საქართველოს, აშშ-ს, კანადისა და რეგიონების - რაგბი ევროპა (2), ჩრდილოეთ ამერიკა (2) - ხმები მისკენ მიდის". იმავე აზრზეა სამხრეთაფრიკული sport24.co.za.

კომენტარები

ბოლო ამბები