Thumbnail
  • 'ტენერიფეს წარმატებულ თამაშში მისი წვლილი ძალიან დიდია'
  • ქართველი ცენტრი კუნძულელებს გასულ ზაფხულს შეუერთდა

კორონავირუსის პანდემიის გამო, სხვა სპორტული ღონისძიებების მსგავსად, შეჩერებულია ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატიც. ამ დროს, ვებ-გვერდმა Vavel.com სეზონის გასული ნაწილის შესაჯამებლად მოიცალა და მიმდინარე ჩემპიონატის წინ განხორციელებული 10 ტრანსფერი ჩამოთვალა, რომელთაც ყველაზე მეტად გაამართლეს.

რჩეულთა სიაში 31 წლის ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინიც მოხვდა, რომელიც იბეროსტარ ტენერიფეს გასულ ზაფხულს შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც მოკლე პერიოდში იქცა. აი, რას წერს აღნიშნული საიტი საქართველოს ნაკრების ცენტრზე.

ქართველი ცენტრი ტენერიფელთა ერთ-ერთ ლიდერად მოკლე პერიოდში იქცა

გიორგი შერმადინი

კუნძულელები ქართველი კალათბურთელის ტრანსფერს იმედიანად უყურებდნენ, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მან მოლოდინსაც კი გადააჭარბა. ამ დროისთვის, შერმადინს დიდებული საშუალო მაჩვენებლები (18.3 ქულა, 7.1 მოხსნა) აქვს, მისი და ბრაზილიელი მარსელინიო უერტასის დუეტი კი საოცრად შეთამაშებულად გამოიყურება და მათ ვერავინ აჩერებს. დიდწილად სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ტენერიფე როგორც შიდა, ასევე ევროასპარეზზე კარგ შედეგებს აჩვენებს.

ცნობისთვის, წარმატებული ტრანსფერების ათეულში ხსენებული უერტასიც მოხვდა, ისევე, როგორც, ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა), ნიკოლას ბრუსინო (სარაგოსა), ონდრეი ბალვინი (ბილბაო), პიერია ჰენრი (ბასკონია), აქსელ ბუტელი (ბილბაო), მეტ კოსტელო (გრან კანარია), კლემენ პრეპელიჩი (ხუვენტუტი) და დეიან კრავიჩი (ობრადოირო).

შეგახსენებთ, რომ ესპანური ACB ლიგა 23 ტურის შემდეგ შეწყდა და ამ დროისთვის, იბეროსტარი 14 მოგებითა და 8 მარცხით მე-4 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაში კი, მერვედფინალშია გასული, სადაც მეტოქედ ბელგიური ოოსტენდე ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები