Thumbnail

NBA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2020 წლის დრაფტზე 205 კალათბურთელი დადგა. მათგან 163 კოლეჯთა ლიგიდანაა (NCAA), 42 კი არაამერიკელია. რაც მთავარია, სიაშია ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც NCAA-ში თამაშობს...

20 წლის სანდრო მამუკელაშვილი ნიუ იორკში დაიბადა, მაგრამ 2018 წელს მან საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ჩვენი ქვეყნის ნაკრებში დებიუტიც ჰქონდა. რაც შეეხება NCAA-ს, ის სეტონ ჰოლის წევერი 2017 წლიდანაა. მანამდე სანდრო მონტევერდეს აკადემიაში იზრდებოდა.

სანდრო NCAA-ში 11.6 ქულა, 6.0 მოხსნა

მიუხედავად იმისა, რომ შუა სეზონში მამუკელაშვილმა მაჯა მოიტეხა, მას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა - ის საშუალოდ 11.6 ქულასა და 6.0 მოხსნას აკეთებდა - და "მარტის სიგიჟისთვის" ემზადებოდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიამ NCAA-ს სეზონი გააუქმა. მამუკელაშვილი, რომელიც 211 სანტიმეტრია სიმაღლეში, ბრწყინვალე პროცენტით (44%) ესვრის სამქულიანებს. 

ის, რომ მას NBA-ს პოტენციალი ჰქონდა, ამერიკული მედია ჯერ კიდევ გასულ სეზონში წერდა, მარტში კი გამოჩნდა ინფორმაცია, რომ მას NBA-ს რამდენიმე კლუბი აკვირდება. მალევე გაცხადდა, რომ სანდრო სავარაუდოდ დრაფტზე დადგებოდა. დღეს ეს NBA-მ ოფიციალურად დაადასტურა.

დრაფტზე მხოლოდ 60 კალათბურთელს აირჩევენ, რომელთა დიდი ნაწილი ისედაც არ იქნება ადრეული კანდიდატების სიიდან. ასე რომ, დრაფტის 205 ადრეულ კანდიდატს 3 ივნისამდე აქვს დრო, რომ მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. ერთია მხოლოდ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა, მათ შორის NBA-ს დრაფტიც და მისი გამართვის თარიღიც 

მიუხედავად იმისა, რომ კალათბურთელების დიდ ნაწილს NBA-ს გუნდები წლეულს არ აირჩევენ - სანდროს შემთხვევაში, ამერიკული მედია ვარაუდობს, რომ მას 2021 წლის დრაფტზე აიყვანენ - ეს მათთვის დიდი შესაძლებლობაა, გამოსცადონ თავიანთი ძალები, გემო გაუსინჯონ პროფესიულ სპორტს. 

თუ სანდრო 3 ივნისამდე საკუთარ კანდიდატურას დრაფტიდან არ მოხსნის, მას NCAA-ში დაბრუნება აღარ შეეძლება და სეტონ ჰოლში ვეღარ ითამაშებს, სადაც მას ლიდერის როლში ელიან, მას მერე, რაც მაილს პაუელმა გუნდი დატოვა. სხვათა შორის, მაილს პაუელიც დრაფტზეა, თუმცა მას დრაფტზე დადგომა არ სჭირდება, რადგან კოლეჯი დაასრულა. 

შეგახსენებთ, რომ შარშანდელ დრაფტზე გოგა ბითაძე ინდიანა პეისერსმა პირველივე წრეში, მე-18 ნომრად აირჩია. გოგა შვიდწლიანი პაუზის შემდეგ პირველი ქართველი იყო NBA-ს დრაფტზე. თუ სანდო თავის კანდიდატურად არ მოხსნის, დრაფტზე "ჩავარდნა" არ გვექნება.

NBA-ს დრაფტზე არჩეული ქართველები  

1998 - 27. ვლადიმერ სტეფანია (სიეტლი)

2002 - 5. ნიკოლოზ ცქიტიშვილი (დენვერი)

2003 - 42. ზაზა ფაჩულია (ორლანდო)

2004 - 43. ვიქტორ სანიკიძე (ატლანტა-სან ანტონიო)

2012 - 54. თორნიკე შენგელია (ფილადელფია-ბრუკლინი) 

2019 - 18. გოგა ბითაძე (ინდიანა)

კომენტარები

ბოლო ამბები