Thumbnail

მცველი, რომელსაც შემტევი ფეხბურთი უყვარს - ინტერვიუ ლევან გეგეჭკორთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

დინამო ბათუმის სხვა ფეხბურთელების მსგავსად, ლევან გეგეჭკორიც მოუთმენლად ელის სეზონის განახლებას. მანამდე, დრო ვარჯიშში, წიგნების კითხვაში, ფილმების და სერიალების ყურებაში გაჰყავს. ლევანმა პოპსპორტის კითხვებს უპასუხა, საიდანაც მისი საფეხბურთო გემოვნების შესახებაც გავიგეთ...

popsport: პირველ რიგში, მოგვიყევი შენი ცხოვრების წესზე ამ უჩვეულო პერიოდში?

გეგეჭკორი: ამ პერიოდს თბილისში ვატარებ, ფიზმომზადების მწვრთნელისგან დავალებები მაქვს მიღებული და ვცდილობ, რომ ფორმა შევინარჩუნო. აქცენტი სირბილზე კეთდება, საღამოობით კი ვცდილობ, ბურთთან ერთად ტექნიკაზეც ვიმუშავო. მიზანი ის არის, რომ ტონუსში ვიყო და როდესაც ვარჯიშის საშუალება გვექნება, ადაპტაციას ცოტა დრო დასჭირდეს. 

popsport: დინამო ბათუმის სხვა ფეხბურთელებისგან ვიცით, რომ გუნდში მოტივაცია ძველებურად მაღალია...

გეგეჭკორი: ჩვენი მიზანი იყო და არის საქართველოს ჩემპიონობა, რომელიც, სამწუხაროდ, წინა სეზონში ვერ მოვიპოვეთ. ზამთარში ახალი ფეხბურთელები დაგვემატნენ, კიდევ უფრო გავძლიერდით და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები ვართ. თითოეული ჩვენგანი კარგად აცნობიერებს, რომ ეს მიზანი ძალაშია და შესაბამისად, შემართება არ დაგვიკარგავს.

popsport: დინამო ბათუმს წინ ევროასპარეზი ელოდება, რომლის მატჩებიც, შესაძლოა, უკვე ახალ სტადიონზე გაიმართოს...

გეგეჭკორი: ევროტურნირები ჩემთვის და მთელი გუნდისთვის დიდი სტიმულია. ჩვენი მიზანია, რომ გულშემატკივარი გავახაროთ და მაღალი დონის ფეხბურთი ვაჩვენოთ. რაც შეეხება ახალ, ულამაზეს სტადიონს, ერთი სული მაქვს, რიდის მომეცემა თამაშის საშუალება. მიხარია, რომ ამ ბრწყინვალე სტადიონის ტრიბუნებზე ჩვენი გულშემატკივრები შეიკრიბებიან და დარწმუნებული ვარ, რომ გაავსებენ არენას. ყოველდღე მომდის ფანებისგან მესიჯები, მამხნევებენ და ერთი სული აქვთ, როდის განახლდება ჩემპიონატი. ჩვენი გულშემატკივრები საუკეთესოები არიან. 

popsport: დინამო ბათუმი ერთსულოვანი და შეკრული გუნდი ჩანს, რაც როგორც წესი, წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია...

გეგეჭკორი: ნამდვილად ასეა. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა და ყველა ერთი მიზნის ქვეშ ვართ გაერთიანებული. მხოლოდ დინამო ბათუმზე ვფიქრობთ. ჩემი მომავალი მხოლოდ ამ გუნდში წარმომიდგენია და მინდა დინამოსთან ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიო. ასე არიან სხვა ფეხბურთელებიც. როდესაც გუნდში ასეთი განწყობაა, ეს უკვე წარმატების საწინდარია.

popsport: თავისუფალ დროს როგორ ატარებ?

გეგეჭკორი: როგორც ყველა, ისე ვატარებ მეც. ძირითადად ფილმებს და სერიალებს ვუყურებ, ვკითხულობ წიგნებს. ჩემი ფავორიტი სერიალია ქაღალდის სახლი და სიამოვნებით გავუწევდი რეკომენდაციას, მაგრამ არამგონია, ვინმე იყოს დარჩენილი, ვისაც ეს სერიალი არ აქვს ნანახი. მოკლედ, ასე გამყავს დრო და ველოდები სეზონის განახლებას.

'შეტევა მეკარიდან იწყება, დაცვა კი თავდამსხმელიდან. ესაა თანამედროვე ფეხბურთი'

popsport: დავუბრუნდეთ ფეხბურთს. მარჯვენა მცველი ხარ და ხშირად ერთვები შეტევებში. როგორც ჩანს, ამპლუის მიუხედავად, შემტევ ფეხბურთს ანიჭებ უპირატესობას?

გეგეჭკორი: კი, ნამდვილად ასეა. საბედნიეროდ, გია გეგუჩაძის საფეხბურთო ფილოსოფია შეტევა და ბურთის კონტროლია, რაც ძალიან მომწონს. შეტევა მეკარიდან იწყება, დაცვა კი თავდამსხმელიდან. ესაა თანამედროვე ფეხბურთი და სხვანაირად არც შეიძლება. მიყვარს შეტევაში ჩართვა და თუ როგორ გამომდის, ეს უკვე გულშემატკივარმა უნდა შეაფასოს. რა თქმა უნდა, შემტევ ფეხბურთს ვანიჭებ უპირატესობას.

popsport: უცხოური გუნდებიდან რომელს გულშემატკივრობ?

გეგეჭკორი: პირველ რიგში, რა თქმა უნდა, დინამო ბათუმის და საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი ვარ. რაც შეეხება უცხოეთს: მადრიდის რეალს და ესპანეთის ეროვნულ გუნდს ვქომაგობ. აქაც ჩანს, რომ ჩემი სიმპატიები შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთისკენ იხრება. თუ არ არის სანახაობა, ვერც გულშემატკივარს მიიზიდავ. 

popsport: ბოლოს, დაგვისახელე შენი ფავორიტი სამი მარჯვენა მცველი და სამი საუკეთესო ფეხბურთელი...

გეგეჭკორი: მარჯვენა მცველებიდან ფილიპ ლამს, დანი ალვეშს და დანი კარვახალს გამოვარჩევ. რაც შეეხება ფეხბურთელებს: ლიონელ მესი, კრიშტიანო რონალდო და კილიან მბაპე.

კომენტარები

ბოლო ამბები