Thumbnail
  • სანდრო მამუკელაშვილის ფაქტორი სეტონ ჰოლისთვის
  • რა ცვლილება შეეხება გიორგი ბეჟანიშვილს დრაფტის გამო

Sports Illustrated კოლეჯთა ლიგის ახალ სეზონზე NBA-ს 2020 წლის დრაფტის გავლენის შესახებ სტატიას აქვეყნებს. შეგახსენებთ, რომ ამ დრაფტზე ერთი ქართველი დადგება - NCAA-ს კლუბ სეტონ ჰოლის ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი...

სანდროს დრაფტზე SI-ის რეიტინგში ადგილი არ მოეძებნა. ამერიკული მედია ვარაუდობს, რომ ქართველს უფრო 2021 წლის დრაფტზე აიყვანენ, 2020/21 წლების სეზონს კი ის ისევ სეტონ ჰოლში გაატარებს, სადაც მას უდიდესი მისია აქვს - მაილს პაუელის წასვლის შემდეგ ლიდერის ფუნქცია უნდა ითავოს.  

Sports Illustrated მამუკელაშვილზე

"მიუხედავად იმისა, რომ სეტონ ჰოლმა დაკარგა მთავარი ვარსკვლავი მაილს პაუელი, ასევე სტარტერები ქვინსი მაკნაითი და რომარო ჯილი, პირატები მაინც სერიოზულ ძალას წარმოადგენენ. მათ დაიმატეს ბრაის აიკენი.

სეტონ ჰოლი ბევრს მოიგებს, თუ სანდრო მამუკელაშვილი დაბრუნდება. ფორვარდის სეზონი მაჯის მოტეხვის გამო შუაში შეწყდა, თუმცა სანდრო ბრწყინვალედ ათამაშდა. ის საშუალოდ 11.6 ქულასა და 6.0 მოხსნას აკეთებდა. მისი სამქულიანების სროლის პროცენტი (43.4%) დიდი წინსვლაა გასულ სეზონთან და მაღალი კალათბურთელისთვის შესანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ სულ 53 სროლა დაუგროვდა.

სეტონ ჰოლს ძალიან სჭირდება მამუკელაშვილის ათლეტიზმი და სროლის ოსტატობა. თუ ის დრაფტზე დარჩება, სეტონ ჰოლს ერთბაშად ოთხი სტარტერის შეცვლა მოუწევს".

გიორგი ბეჟანიშვილი 2020 წლის დრაფტზე არ დადგება, თუმცა მისი ორი გუნდელი ილინოისში ამას აპირებს, ერთ-ერთი ცენტრი კოფი კოკბერნია. SI ილინოისის მდგომარეობასაც შეეხო: "გასულ სეზონში გუნდს მხოლოდ ორი რეალურად მაღალი კალათბურთელი ჰყავდა: კოფი კოკბერნი და გიორგი ბეჟანიშვილი. თუ კოკბერნი დრაფტზე დარჩება ფარქვეშ ილინოისსს პრობლემები ექნება, ბეჟანიშვილის შემცვლელი სჭირდება".

კომენტარები

ბოლო ამბები