Thumbnail

'რატომ არ სურთ მათ საქართველო'? რაგბი ევროპამ ხმა ბომონტს მისცა, აზიამ პიშოს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • რაგბი ევროპამ ბილ ბომონტს საჯაროდ დაუჭირა მხარი
  • აზიური რაგბი პიშოს მხარესაა და გამჭირვალობას ითხოვს

26-დან 30 აპრილის ჩათვლით მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს. კანდიდატი ორია: ინგლისელი ბილ ბომონტი და არგენტინელი აგუსტინ პიშო. საქართველოს არჩევნებში ერთი ხმის უფლება აქვს.

ამასობაში კონტინენტური ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა საჯაროდ გამოხატეს სასურველი კანდიდატის მხარდაჭერა. თუ ევროპული ორგანიზაცია ბომონტის მხარესაა, აზია მხარს პიშოს უჭერს.

რაგბი ევროპის ვებსაიტზე ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროპული ორგანიზაციის ორი ხმა ინგლისელი ბომონტის სასარგებლოდ წავიდა: 

"რაგბი ევროპა მხარს უჭერს მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის, ბილ ბომონტისა და ბერნარ ლაპორტის პროექტს. 8 აპრილის კონფერენციაზე ჩვენ საბოლოოდ დავრწმუნდით არჩევანში", - განაცხადა რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ.

აზიური რაგბის პრეზიდენტმა ქაის ალ დალაიმ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ მხარი რეფორმებსა და აგუსტინ პიშოს დაუჭირა. ასევე მან მოითხოვა მეტი გამჭირვალობა არჩევნების პერიოდში. 

"ბევრი რამ არის უსამართლოდ ახლა მსოფლიო რაგბიში. მაგალითად, რუმინეთს, კანადას, აშშ-ს, ურუგვაის, სამოასა და ფიჯის - 7 ქვეყანას 7 ხმა აქვს, როცა აზიის მთელ კონტინენტს მხოლოდ 2. ასევე, ექვსი ერის პირველობა დახურული ტურნირია, იტალია მუდამ ბოლო ადგილზეა, მაგრამ არ არსებობს პლეი ოფი და ამიტომაც საქართველოსა და რუმინეთს შანსი არ ეძლევათ", - განაცხადა ალ დალაიმ. 

შეგახსენებთ, რომ გამოკითხვის შედეგები ცნობილი მხოლოდ 12 მაისს გახდება. ბრიტანულ მედიაში გაჩნდა ცნობები, რომ საქართველო თავის ხმას ბილ ბომონტს აძლევს, თუმცა ეს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ არ დაადასტურა. მან ასევე ისიც განაცხადა, რომ ხმის მიმცემ ორგანიზაციას არ აქვს უფლება საჯაროდ დააფიქსიროს თუ ვის აძლევს ხმას. თუმცა, როგორც ხედავთ, რაგბი ევროპამ და აზიურმა რაგბიმ თავიანთი არჩევანის შესახებ საჯაროდ გამოაცხადეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები