Thumbnail

TOP 5 მარტივი და სახალისო თამაში, რომელიც გეიმინგს შეგაყვარებთ

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ

ეს ხუთეული დაგამშვიდებთ, შთაგაგონებთ და გეიმინგს შეგაყვარებთ!

თუ დამწყები გეიმერი ხართ, ან საერთოდ არასოდეს მოგიკიდიათ ხელი ვიდეოთამაშებისთვის, ალბათ, თქვენთვის დამაბნეველია, მეგობრებისა თუ ნაცნობების მიერ სოციალურ მედიაში გაზიარებული უამრავი მასალა. ახლა, როცა ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ვიდეოთამაში გამოდის, ძნელია, იმის გადაწყვეტა, საიდან დაიწყო. ყველა ვიდეოთამაში მარტივი სულაც არ არის, დეველოპერები თამაშებში ძირითადად ერთსა და იმავე მექანიკას იყენებენ, თუმცა ყოველთვის არ გიხსნიან ამას: მათ მიაჩნიათ, რომ აუდიტორიამ უკვე მშვენივრად იცის, როგორ უნდა წავიდეს  მარცხნივ, თუ მარჯვნივ, როგორ  ჩაიმუხლოს, ახტეს, ისროლოს, გადატენოს იარაღი...

📋 წაიკითხე

თუ ეს ყველაფერი თქვენთვის ახალი ხილია და მეგობარმა ხუმრობით Counter Strike ან Dark Souls ჩაგირთოთ, ცოცხალი დიდხანს ვერ გადარჩებით, იმედგაცრუება და ბრაზიც შეგიპყრობთ. მოკლედ, გეიმინგზე კარგი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაგრჩებათ.

ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 მარტივ, თუმცა საინტერესო და ვიზუალურად საოცრად ლამაზ თამაშს, რომელიც გეიმინგს შეგაყვარებთ. ახლა, როცა ყველას კარანტინის გამო სახლში დარჩენა გვიწევს, მშვენიერი დროა საიმისოდ, რომ გეიმერების მრავალრიცხოვან არმიას შეუერთდეთ და ახალი სამყაროები აღმოაჩინოთ.

1. Firewatch [2016]

სირთულე: 2/5

Firewatch პირველი პირის ხედვის კუთხის თამაშია. მთავარ გმირს ჰენრი ჰქვია და ის ფორესტედის ნაციონალურ პარკში მცველად მუშაობს. ჰენრი სრულიად მარტოა, მისი სამყაროსთან ერთადერთი კონტაქტი დელილაა - ქალი, რომელიც მას პეიჯერის საშუალებით ესაუბრება. ჰენრის მშვიდი სამსახურის პარალელურად, მის პირად ტრაგედიას ვეცნობით: მთავარი გმირის ცოლს ალცჰეიმერის დაავადება სჭირს. ამ ტრაგედიას ჰენრი დელილასთან საუბრების წყალობით უმკლავდება. თუმცა, მისი რუტინა ირღვევა, როდესაც პარკში საიდუმლოებით მოცული მკვლელობა ხდება. მკვლელობის გამოძიების პარალელურად, ჰენრისეული სამყაროს ხედვა კარდინალურად იცვლება და ვითარდება. 

თამაში იოლია გასავლელია და ვიზუალურად საოცრად ლამაზი. ამას გარდა, პატარა გადაწყვეტილებები სიუჟეტს ხშირად ცვლის. Firewatch-ის თამაში Windows-სა და Mac-ზე შეგიძლიათ, ხოლო კონსოლებიდან PS4-ზე, Xbox One-სა და Nintendo Switch-ზე.

2. The Stanley Parable [2013]

სირთულე: 1/5

თუ სარკასტული იუმორის მოყვარული ხართ და, ამავე დროს, სახლში გამოკეტილს, ოფისის აურაც მოგენატრათ, The Stanley Parable-ს გირჩევთ. ამ თამაშში ოფისში მომუშავე სტენლი ხართ, რომელსაც საკუთარი ცხოვრების განმავლობაში, არცერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია. როდესაც ოფისიდან უცერად ყველა ადამიანი ქრება, სტენლის მოუწევს, სიტუაციაში დამოუკიდებლად გაერკვეს.

თამაშში ნარატორი გკარნახობთ, თუ რა უნდა გააკეთოთ, თუმცა, დაემორჩილებით მის მითითებებს თუ არა, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. თამაში დაახლოებით 10-15 წუთი გრძელდება, თუმცა, მთელი ხიბლი იმაშია, რომ მას შეგიძლიათ, რამდენჯერმე დაუბრუნდეთ, სხვადასხვა გზები აირჩიოთ და სხვადასხვა დასასრულამდე მიხვიდეთ. ამ აბსურდულ და სასაცილო თამაშში არავისთან ბრძოლა არ მოგიწევთ, მხოლოდ განსხვავებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ. გვერწმუნეთ, ეს მინი თამაში თავისი მრავალფეროვნებით ნამდვილად გაგაოცებთ. ხოლო თუ სამეცნიერო ფანტასტიკა მოგწონთ და, მაგალითად, ფილიპ დიკის ან სკოტ ადამსის წიგნები გიყვართ, The Stanley Parable ნამდვილად თქვენთვისაა.

თამაშის დახურვა პერსონალურ კომპიუტერზე შეგიძლიათ (Windows, Mac, Linux).

3. Journey [2012]

სირთულე 1/5

Journey-ის თამაში მედიტაციას, ან წყნარი მუსიკის ფონზე ყავის სმას ჰგავს, ის დაგამშვიდებთ და შთაგაგონებთ. თამაში ყოველგვარი ახსნა-გარმატებების გარეშე იწყება: თქვენ კაპიშონიანი, მოსასხამიანი, უსახო ფიგურა ხართ, მისტიკურ უდაბნოში. თქვენი მიზანია, გამოიკვლიოთ იდუმალი ნანგრევები, მოიაროთ უზარმაზარი რუკა და დააკვირდეთ ყველაფერს. თამაში ნამდვილად გაგიჩენთ უამრავ კითხვას - მაგალითად, თუ რა კატასტროფას შეეძლო იმ ცივილიზაციის განადგურება, რომლის ნაშთებსაც უყურებთ. თუ ონლაინ თამაშობთ, შესაძლოა, სადმე სხვა, ეულ მოთამაშეებსაც გადააწყდეთ, თუმცა, მათთან ბრძოლას, ან საუბარს ვერ შეძლებთ. 

თამაში თქვენს საქციელს აკვირდება და შესაბამის გამოწვევებს გთავაზობთ. მაგალითად, თუ გამოცანების ამოხსნა მოგწონთ, გზად სულ უფრო და უფრო მეტ თავსატეხს წააწყდებით, თუ უბრალოდ ხეტიალი გიზიდავთ, არც ესაა პრობლემა: Journey-ს ხიბლი იმაშია, რომ მას არავითარი მიზანი, ან დასასრული არ გააჩნია: ის მხოლოდ გონების განსატვირთად და შთაგონების საძიებლადაა შექმნილი. 

Journey-ს თამაში PC-ზე (Windows, iOS) და კონსოლებზე (PS3, PS4) შეგიძლიათ.

4. Abzu [2016]

სირთულე: 2/5

Abzu კიდევ ერთი ვიზუალური შედევრია, რომელშიც სკაფანდრს მოირგებთ და ფერად თევზებთან ერთად ოკეანის სიღრმეებს ესტუმრებით. თამაში დაახლოებით 2 საათს გრძელდება და ის მაღალი ხარისხის დოკუმენტური ფილმის ყურების მსგავსი გამოცდილებაა. თამაშში უსახო ჰუმანოიდი, ან ანდროიდი პერსონაჟი ხართ, რომლის მიზანი ოჯეანის ფსკერზე დამარხული ნანგრევების გამოკვლევაა. Abzu-ს, ისევე როგორც Journey-ს, კონკრეტული მიზანი არ აქვს - შეგიძლიათ, რაც გსურთ ის აკეთოთ და დასკვნებიც თავად გამოიტანოთ.

თამაშის ორი ძლიერი მხარე მისი ვიზუალი და მუსიკალური გაფორმებაა. Abzu-ს ოკეანის ბინადრები, ასეთი თამაშისათვის საოცრად დეტალურად არიან დახატული, ხოლო მუსიკა თავად ტალღების ხმაურს მოგაგონებთ. მოკლედ, თუ ზღვის და ცურვის მოყვარული ხართ, ან უბრალოდ ოთხ კედელს შუა გამოკეტილს თავგადასავალი მოგენატრათ, Abzu-ს ორი საათი ნამდვილად უნდა დაუთმოთ. გვერწმუნეთ, არ ინანებთ.

თამაშის გამოცდა პერსონალურ კომპიუტერზე (Windows) და კონსოლებზე (PS4, Xbox One) შეგიძლიათ.

5. Plants Vs. Zombies [2009]

სირთულე: 3/5

Plants vs. Zombies ბევრი გეიმერისთვის პირველი გამოცდილება იყო. ეს, ერთი შეხედვით, იოლი თამაში საკმაოდ აზარტულია. თქვენი მიზანია, საკუთარი სახლი ზომბების შემოტევისაგან დაიცვათ. ამისათვის, მზის სხივებს ''აგროვებთ'' და ეზოში სხვადასხვა მცენარეებს რგავთ, რომელთაც ზომბების განეიტრალება შეუძლიათ.

ყოველ შემდეგ დონეზე ზომბების რაოდენობაც იზრდება და მათი სიძლიერეც. მცენარეებს სხვადასხვა თვისებები აქვს: ზოგს თავდაცვის, ზოგს თავდასხმის. ხოლო ეზოში ადგილი უსასრულო არ არის. შესაბამისად, მოგიწევთ, გამოიმუშავოთ სტრატეგია, თუ როგორი მცენარე სად დარგოთ, რამდენი და რომელი თესლები შეიძინოთ და ა.შ.

შესაძლოა, მებაღეობით ზომბებთან ბრძოლის კონცეფცია სასაცილოდ და აბსურდულად გეჩვენებათ, მაგრამ, გვერწმუნეთ, Plants vs. Zombies, თავისი ბავშვური დიზაინით და ამავე დროს, საოცარი აზარტულობით, აუცილებლად შეგაყვარებთ თავს.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ სტატიაში მოცემული რეკომენდაციები ძირითადად დამწყები მოთამაშეებისთვის იყო გათვლილი, ამ თამაშების გამოცდას, ან გახსენებას გამოცდილ გეიმერებსაც გირჩევდით. ბოლოს და ბოლოს, როცა Sekiro-ში ბოსმა უკვე ათჯერ მოგკლა ზედიზედ, ან CS:GO-ს უკვე მეხუთე მატჩი წააგე არაკომპეტენტური თანაგუნდელების წყალობით, ნამდვილად საჭიროა ცოტა დაისვენო და უდაბნოში უმიზნოდ იხეტიალო, ან საყვარელ ზომბებს დაუპირისპირდე.

კომენტარები

ბოლო ამბები