Thumbnail
  • ლეომ პრინციპულ მეტოქეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაუტანა
  • არგენტინელ ვარსკვლავს სლალომში ხელი ექვსმა მადრიდელმაც ვერ შეუშალა

ზუსტად 9 წლის წინ, 2011 წლის 27 აპრილს, ბარსელონას არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ გაიტანა გოლი, რომელიც მის კარიერაში დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ რჩება.

ლეომ, რომელიც მაშინ 23 წლის გახლდათ, თავი მადრიდის რეალთან ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში გამოიჩინა.

თამაში სანტიაგო ბერნაბეუზე 71 567 ქომაგის თვალწინ შედგა და 75 წუთი უგოლოდ წარიმართა, შემდეგ კი, არგენტინელმა საქმეს ხელი სერიოზულად მოჰკიდა.

მესიმ ანგარიში 76-ე წუთზე გახსნა, 87-ეზე კი მეორედ გაიტანა და თანაც ნამდვილი შედევრი შემოგვთავაზა. მან ბურთი მოედნის ცენტრთან სერხიო ბუსკეტსისგან მიიღო და როდესაც მადრიდელთა კარისკენ დაიძრა, მის გვერდით ან წინ რეალის 6 ფეხბურთელი იყო.

მესის შედევრი ამ დარტყმას მოჰყვა

სხვა საქმეა, რომ ლიონელს სლალომის დროს ხელი ვერცერთმა შეუშალა და იკერ კასილასთან პირისპირ დარჩენილმა არგენტინელმა ბურთი მისგან მარცხენა დაბალ კუთხეში შეაგორა.

ბარსელონამ თამაში 2:0 მოიგო და განმეორებით მატჩში დაფიქსირებული ფრე (1:1) საერთო მიზნის მისაღწევად საკმარისი აღმოჩნდა.

ამგვარად, კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის 2010-11 წლების სეზონის ფინალში გააღწიეს, სადაც ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედი 3:1 დაამარცხეს და პრესტიჟული ჯილდო ისტორიაში მეოთხედ დაისაკუთრეს.

ლიგის იმ გათამაშებაში მესიმ მოედანზე 1098 წუთი გაატარა და 12 გოლით ტურნირის ბომბარდიც გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები