Thumbnail
  • 'ახლა, კლუბებიცა და კალათბურთელებიც უფრო მშვიდად იქნებიან'
  • თორნიკე შენგელია მოლაპარაკებებში თავად იყო ჩართული

ესპანური ბასკონიას ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ კმაყოფილება გამოთქვა ევროლიგასა და ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციას (ELPA) შორის მიღწული შეთანხმებით, რაც პანდემიის მიუხედავად, სპორტსმენებისთვის ანაზღაურების დიდი ნაწილის გადახდას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ შენგელია აღნიშნული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტია და მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული. შეთანხმება ასე გამოიყურება: თუკი სეზონის 15 აგვისტომდე დასრულება მოხერხდა, ევროლიგის კლუბები მოთამაშეებს ხელფასის 85%-ს გადაუხდის, ხოლო თუ ტურნირი ჩაიშალა, მოთამაშეები 80%-ს მიიღებენ.

“ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას წაგვადგება. ახლა, კლუბებიცა და კალათბურთელებიც უფრო მშვიდად იქნებიან. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბასკონიას, რომელიც პროცესში თავიდანვე მონაწილეობდა და შეთანხმებაში დიდი წვლილი შეიტანა. შემიძლია ვთქვა, რომ ბიჭები კმაყოფილები არიან”.

ცნობისთვის, ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციას არცთუ მცირე წონა აქვს და ეს, პირველ რიგში, მისი ხელმძღვანელობის დამსახურებაა.

შენგელიას გარდა, ვიცე-პრეზიდენტი კაილ ჰაინსი, დერიკ ბრაუნი, ჯეიკ კოენი, ნიჰად ჯედოვიჩი და იანის ტიმა არიან, პრეზიდენტი კი ლუიჯი დატომეა.

და შენგელიას კიდევ ერთი კომენტარი, რომელიც სეზონის შესაძლო განახლებას ეხება:

“ვარჯიშს თვითიზოლაციის პერიოდშიც განვაგრძობთ და გვინდა ფორმაში ვიყოთ, თუკი ტურნირების გაგრძელება გადაწყდება. ვიცი, რომ ამ ამბავს ყველანი მოუთმენლად ელიან. იმედია, ეს, მალე მოხდება”.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროლიგა მარტში ჯერ 11 აპრილამდე შეწყდა, შემდეგ კი, გაურკვეველი ვადით გადაიდო.

28 წლის ქართველი მძიმე ფორვარდი ბასკონიას ღირსებას 2014 წლიდან იცავს, ევროლიგის მიმდინარე სეზონში კი, საშუალოდ 11.4 ქულას, 4.3 მოხსნასა და 1.6 პასს აკეთებს.

კომენტარები

ბოლო ამბები