Thumbnail
  • მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის ელექტრონულმა არჩევნებმა სტარტი დღეს აიღო
  • აზიურმა კავშირმა რეკომენდაცია არ გაითვალისწინა და ეს, ბევრ რამეზე მეტყველებს
  • რბოლაში აგუსტინ პიშო დაწინაურდა, ბილ ბომონტის პოზიციები კი შეირყა

დღეს, მსოფლიო რაგბის თავმჯდომარის არჩევნების პროცედურა დაიწყო, აზიის რაგბის კავშირი კი პირველი ორგანიზაცია გახდა, რომელმაც თავისი პოზიცია ოფიციალურად გაამხილა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პოსტისთვის 2 ჩინოვნიკი იბრძვის: მოქმედი პრეზიდენტი, ინგლისელი ბილ ბომონტი და მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, არგენტინელი აგუსტინ პიშო.

მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, კენჭისყრის პროცედურა უჩვეულოდ წარიმართება. ფედერაციები მსოფლიო რაგბს საკუთარ გადაწყვეტილებებს ელექტრონული ფოსტით აცნობებენ, ხმის მიცემა 30 აპრილს დასრულდება, შედეგები კი 12 მაისს, ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ გამოცხადდება.

კანდიდატთა შანსებზე საუბარს არაერთი სტატია მივუძღვენით და აქამდე, ყველაფერი ვარაუდებზე იყო აწყობილი, პირველი ოფიციალური გადაწყვეტილება კი ახლაღა გაცხადდა. მსოფლიო რაგბის რეკომენდაციის მიუხედავად, პირველი ნაბიჯი აზიის რაგბის კავშირმა გადადგა და თავისი არჩევანი გაამხილა.

“აზიის მოსახლეობა 4.5 მილიარდ ადამიანს აღწევს და ეკონომიკაც სწრაფად ვითარდება, რიც გამოც მთელ რიგ მსხვილ კომერციულ ორგანიზიებთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ვფიქრობ, კონკურენციის გაზრდა და ჩვენს ქვეყნებში რაგბის დონის აწევა აუცილებელია, ეს კი, სწორად ისაა, რასაც პიშო ამბობს. სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ჩვენ 51 ხმიდან მხოლოდ 2 გვეკუთვნის”, - განაცხადა აზიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელმა კაის აბდულა ალ-ჰალაიმ.

დამატებით გაირკვა ისიც, რომ შიდა არჩევნებისას, აზია რაგბის წევრებიდან არგენტინელს მხარი 24-მა დაუჭირა, ბომონტს მხოლოდ 2 ხმა ერგო, ორმაც კი თავი შეიკავა. მოკლედ, აგუსტინის უპირატესობა აშკარა იყო.

სიტუაციაში უკეთ გასარკვევად, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებზე ხმები როგორაა განაწილებული.

სამ-სამი ხმა: ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი, არგენტინა, იტალია, ავსტრალია.

ორ-ორი ხმა: იაპონია და რეგიონალური ასოციაციები (რაგბი ევროპა, სუდამერიკანა, რაგბი აზია, რაგბი აფრიკა, რაგბი ოკეანეთი, რაგბი ჩრდილოეთ ამერიკა).

თითო-თითო ხმა: კანადა, ფიჯი, სამოა, აშშ, საქართველო, რუმინეთი, ურუგვაი.

არსებული ინფორმაციით, ბრძოლა ძალიან ცხარე იქნება, ამდენად, შესაძლოა, თითო ხმაც კი გადამწყვეტი იყოს. ამ ფონზე, ქომაგები თითოეული სუბიექტის მიერ გამოთქმულ მინიშნებას დიდ ყურადღებას აქცევენ.

ბილ ბომონტსა და აგუსტინ პიშოს შორის ძველებურად კარგი ურთიერთობა აღარ არის

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ, მოულოდნელი ინფორმაცია გაჩნდა, თითქოსდა, საქართველო არჩევნებში ბომონტის მხარდაჭერას აპირებდა, რაც მისი კონსერვატიული პოზიციებისა და არსებული სტატუს-ქვოს გამო, ფრიად მოულოდნელი სჩანდა.

ამ ცნობას საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელი გოჩა სვანიძე გამოეხმაურა და მართალია, კონკრეტულ გვარებზე არ უსაუბრია, ნათლად მიანიშნა, რომ გადამწყვეტი ცვლილელების მომხრეა, ეს კი, პიშოს მხარდაჭერას უნდა ნიშნავდეს.

“ჩვენ მხარს დავუჭერთ მსოფლიო რაგბის რადიკალურ რეფორმებს. ეს, გარდა იმისა, რომ რაგბის მსოფლიოში პოპულარიზაციას მოემსახურება, ასევე შეამცირებს ე.წ. პირველი და მეორე დონის ქვეყნებს შორის დაფინანსების სხვაობას და ქართული რაგბის უფრო მეტი ტემპით განვითარებისკენ იქნება მიმართული“.

თუკი საქართველოს ბომონტის ოპოზიციაში ყოფნის საფუძველი ნამდვილად აქვს, მოულოდნელი იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინგლისელს, შესაძლოა, 6 ერის ერთი წარმომადგენელიც განუდგეს. უელსმა პოზიციები მას შემდეგ შეიცვალა, რაც ფიჯის რაგბის კავშირის თავმჯდომარესთან დაკავშირებული სკანდალი გასკდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

და რა კავშირშია ეს, მიმდინარე ამბებთან? საქმე ის გახლავთ, რომ ფრენსის კინი ერთ-ერთია, ვინც პრეზიდენტის პოსტზე ბომონტი წარადგინა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ფიჯელი ჩინოვნიკი არაგანზრახ მკვლელობისა და ჰომოფობიური და დისკრიმინაციული განცხადებების გამო, ციხეში 2-ჯერ იჯდა.

თავის დროზე, აღნიშნული ბრიტანულმა The Guardian-მა გაახმაურა და საზოგადოების მწვავე რეაქციაც გამოიწვია. შედეგად, კუნძულელს მსოფლიო რაგბის საბჭოს დატოვება მოუხდა, უელსის რაგბის კავშირები კი საკუთარ არჩევანზე დააფიქრა. თუკი მათ მართლაც პიშოს ბანაკში გადაინაცვლეს, არჩევნების ბედი, ფაქტობრივად გადაწყვეტილი იქნება, რადგანაც ბომონტს ერთბაშად 3 ხმა მოაკლდება და მის კონკურენტს მიემატება.

როგორც სჩანს, საკუთარი უპირატესობა აგუსტინმაც იგრძნო და აპირებს მეტოქეს გადამწყვეტი დარტყმა მიაყენოს. სრულიად მოულოდნელად, არგენტინელმა ინგლისელი ღია დებატებში გამოიწვია და თუკი, პიშოს ორატორულ ნიჭს გავითვალისწინებთ, ეს, მართლაც ჩინებული ჩანაფიქრია.

“ეს იდეა სულ ბოლო წამს მომივიდა და შესაძლოა, ბევრი არც ელოდა, თუმცა, ბილთან პროგრამების განხილვა ცუდი ნამდვილად არ უნდა იყოს. შოუს მოწყობას ნამდვილად არ ვაპირებ, თუმცა, მოვითხოვ, რომ ეს დებატები ყველასთვის ღია იყოს. მე რაგბის გამჭვირვალობის მომხრე ვარ და დასამალი არაფერი მაქვს. ვგრძნობ, რომ უდიდესი მხარდაჭერა გამაჩნია და ხალხს ცვლილებები სურს. ინტეგრაციას ვემხრობი და თანამდებობების გაყიდვით არ ვარ დაკავებული. მიხარია, რომ ეს ბევრმა გაიგო”.

მოკლედ, ამჟამინდელი მდგომარეობით, უპირატესობა არგენტინელის ხელში გადადის და თუკი, უახლოეს პერიოდში ბომონტმა რამე არ მოიმოქმედა, შესაძლოა, მსოფლიო რაგბის სათავეში რეფორმატორი პიშო ვიხილოთ, რაც ქართული რაგბისთვისაც სარგებლიანი ამბავი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები