Thumbnail
  • Marca-მ ყველაზე უიღბლო ფეხბურთელების საკუთარი რეიტინგი შეადგინა
  • ეს მოთამაშეები მნიშვნელოვან ფინალურ მატჩებს ყველაზე ხშირად აგებდნენ
  • ათეულში ერთი მწვრთნელიცაა - საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი

ესპანურმა სპორტულმა გამოცემა Marca-მ იმ ფეხბურთელების საკუთარი რეიტინგი შეადგინა, რომლებსაც კარიერაში ყველაზე მეტი მნიშვნელოვანი ფინალური შეხვედრა აქვთ წაგებული. ამ მხრივ ყველაზე უიღბლო ბარსელონისა და არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ხავიერ მასკერანოა.

როგორც ესპანელმა ჟურნალისტებმა გამოთვალეს, 35 წლის არგენტინელს, რომელიც ამჟამად ესტუდიანტესში გამოდის, კარიერაში 11 გადამწყვეტი მატჩი აქვს წაგებული - 6 კლუბში და 5 ეროვნულ გუნდში. უფრო კონკრეტულად კი, ნახევარმცველმა წააგო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალი გერმანიასთან, ასევე კოპა ამერიკის ფინალები 2004, 2007, 2015 და 2016 წლებში.

მასკერანომ ბარსელონაში ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო

ჩამონათვალში მეორე ადგილს მანჩესტერ იუნაიტედისა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი პატრის ევრა იკავებს. მის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგის ოთხ ფინალში მარცხია (ყველაზე მეტი ფეხბურთელებს შორის). მცველმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგების რეალური შანსი მონაკოში, მანჩესტერ იუნაიტედსა და იუვენტუსში გამოსვლის პერიოდში გაანიავა.

მისდა საბედნიეროდ, ევრამ მაინც მოახერხა ჩემპიონთა თასის აწევა - 2007/08 წლების სეზონის ფინალში, როდესაც მანკუნიანელებმა ჩელსის პენალტების სერიაში მოუგეს. ფრანგმა კარიერა 2019 წლის ივლისში დაასრულა, მისი ბოლო კლუბი კი ვესტ ჰემი იყო.

პატრის ევრამ ჩემპიონთა თასი მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად მოიგო

სამეულშია ჩელსის, რეალის, ბაიერნისა და ნიდერლანდების ნაკრების ყოფილი გარემარბი არიენ რობენი. მან სამჯერ სუპერთასზე წააგო, ორჯერ - ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ერთხელ - მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში. აღსანიშნავია, რომ რობენმა მაინც მოახერხა გერმანიის 8-გზის, ინგლისის 2-გზის და ესპანეთის ჩემპიონი გამხდარიყო. მიუნხენურ კლუბთან ერთად მან 2013 წელს ჩემპიონთა ლიგაც მოიგო.

არიენმა 2010 წლის მუნდიალის ფინალი ესპანეთთან დათმო 

Marca-ს უიღბლოთა რეიტინგში, რომელშიც ერთი მწვრთნელიცაა - საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი ექტორ რაულ კუპერი, მეოთხე-მეათე ადგილებზე ესენი გავიდნენ:

4. მიხაელ ბალაკი. წააგო 6 ფინალი: 4 - 2002 წელს, კიდევ 2 - 2008 წელს, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ჩემპიონატზე.

5. ექტორ კუპერი (მწვრთნელმა 6 ფინალი წააგო, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი ვალენსიაში).

კუპერი საქართველოს ნაკრების 2008-09 წლებში წვრთნიდა

6. ალესანდრო დელ პიერო (3 წაგებული ფინალი ჩემპიონთა ლიგაში და ევრო 2000-ის ფინალი).

7. ლოთარ მათეუსი (2-2 წაგებული ფინალი მსოფლიოს ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში).

8. გონსალო იგუაინი (მარცხი ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 2 წაგება კოპა ამერიკის ფინალებში).

9. ჯანლუიჯი ბუფონი (ჩემპიონთა ლიგაში 3 წაგებული ფინალი, ყველა იუვენტუსთან ერთად).

10. ანტონი დე ავილა (დრამატულად წაგებული ორი ფინალი ლიბერტადორისის თასზე).

კომენტარები

ბოლო ამბები