Thumbnail

მათე ცინცაძე: მისი ავტობიოგრაფია წავიკითხე, შთაბეჭდილებებით სავსე ვარ!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო ბათუმის ფეხბურთელები ინდივიდუალურად ცდილობენ ფორმის შენარჩუნებას
  • გამონაკლისი არც მათე ცინცაძეა: ყოველ დღე ვარჯიშობს და დრო საინტერესოდ გაჰყავს

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია, პანდემიით გამოწვეულ სირთულეებთან გამკლავებას ახლა მთავარი გამოწვევაა. დინამო ბათუმის ფეხბურთელები ინდივიდუალურად ცდილობენ ფორმის შენარჩუნებას, რომ სეზონის განახლებას მეტნაკლებად ფორმაში შეხვდნენ. გამონაკლისი არც მათე ცინცაძეა. ბათუმური გუნდის ნახევარმცველმა პოპსპორტის კითხვებს უპასუხა.

popsport: პირველ რიგში, როგორ ატარებ დროს ამ უჩვულო პერიოდში?

ცინცაძე: ბათუმში ვარ და ჩემი ყოველდღიური საზრუნავი იმ დავალებების შესრულებაა, რომელიც მწვრთნელმა დაგვიწერა. დღეში ორჯერ ვვარჯიშობ და ვცდილობ, შეძლებისდაგვარად შევინარჩუნო ფორმა. სამწუხაროდ, ფეხბურთელები მოკლებული ვართ გუნდურ ვარჯიშს, თამაშს და ყველაფერ იმას, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს.

popsport: როგორ ვარჯიშობ და რაზე აკეთებ აქცენტს?

ცინცაძე: დილით დავრბივარ და სისწრაფეზე ვვარჯიშობ. საღამოს სახლთან პატარა მოედანი მაქვს და იქ ჩავდივარ, სადაც ტექნიკაზე ვმუშაობ. შემდეგ, სახლში ვაგრძელებ პრესებს და კუნთების სხვა ვარჯიშებს. ამ რეჟიმში ვარ ყოველ დღე და დროც ასე გადის. 

popsport: ალბათ გენატრება გუნდური ვარჯიში, თამაში და ზოგადად, ანგისას ბაზაზე არსებული ატმოსფერო.

ცინცაძე: გუნდელებთან ყოველ დღე მაქვს კონტაქტი ინტერნეტის დახმარებით და ყველა ერთ მდგმარეობაში ვართ: ძალიან გვენატრება ვარჯიში, თამაში და ერთად ყოფნა. გაუსაძლისია უკვე ეს ყველაფერი, მაგრამ რას ვიზამთ, იმედია, მალე გადაივლის ეს ვირუსი და დავიწყებთ როგორც ვარჯიშს, ისე თამაშს. 

თორნიკე გაფრინდაშვილი და მათე ცინცაძე

popsport: დინამო ბათუმი ეროვნული ლიგის მთავარ ფავორიტად არის მიჩნეული და გუნდშიც იგრძნობოდა ეს განწყობა. ამ პაუზამ როგორ იმოქმედა ფეხბურთელებზე მოტივაციის კუთხით? 

ცინცაძე: საჩემპიონო შემართება ნამდვილად არ შენელებულა. ბიჭებს ხშირად გვაქვს კონტაქტი და ვამხნევებთ ერთმანეთს. ერთი სული გვაქვს როდის განახლდება ჩემპიონატი რომ გავაგრძელოთ ბრძოლა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობა იქნება. 

popsport: შესაძლოა, ეროვნული ლიგის ფორმატი შეიცვალოს და ჩემპიონატი 4 წრედ ვეღარ ჩატარდეს. ამაზე რა აზრის ხარ? 

ცინცაძე: ისეთი მდგომარეობაა საქართველოში და მთელს მსოფლიოში, რომ ოღონდ დაიწყოს ჩემპიონატი და აღარ ვფიქრობ, როგორი ფორმატი იქნება. მთავარია, დავიწყოთ თამაში და ვიბრძოლოთ დასახული მიზნისთვის. ისე, ძალიან მომწონს არსებული ფორმატი და რა თქმა უნდა, მირჩევნია 4 წრედ ჩატარდეს ჩემპიონატი. 

popsport: მსოფლიო პანდემიამ ფინანსური პრობლემები დინამო ბათუმსაც შეუქმნა, რაც ფეხბურთელებსაც შეგეხოთ...

ცინცაძე: კლუბის პრეზიდენტმა გვაცნობა, რომ სანამ ეს კრიზისი გაგრძელდება, ხელფასები გაგვინახევრდება, რასაც მთელი გუნდი გაგებით მოეკიდა. დინამო ბათუმს გვერდში დგომა სჭირდება და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. 

popsport: სეზონი აუცილებლად განახლდება და დინამო ბათუმსაც ახალ სტადიონზე თამაში აუცილებლად მოუწევს. როგორი მოლოდინი გაქვს?

ცინცაძე: კი, ნამდვილად და თან, სტადიონსაც ხომ გააჩნია. საოცრად ლამაზი სტადიონი გვაქვს. როდესაც გარედან ვუყურებ, დიდი ემოციები მეუფლება და წარმომიდგენია, რა განცდები იქნება შიგნით. ბრწყინვალე გულშემატკივრები გვყავს, რომლებიც ატმოსფეროს შექმნიან. ყველა თამაში დღესასწაული იქნება.   

🏟 ბათუმის სტადიონი - სოლიდარობის აქცია

🏟 ბათუმის სტადიონი - სოლიდარობის აქცია 📌 შპს „სტადიონი“ მსოფლიო სოლიდარობის აქციას შეუერთდა. ბათუმის საფეხბურთო არენა საქართველოს მეგობარი ქვეყნების დროშების ფერებში განათდა! 📹 შპს სტადიონი - LTD Stadium

Posted by popsport on სამშაბათი, 14 აპრილი, 2020

popsport: ვარჯიშის მიუხედავად, ბევრი თავისუფალი დრო გექნება. რა არის შენი ჰობი და ინტერესები?

ცინცაძე: ვკითხულობ წიგნებს, ვთამაშობ ფლეისთეიშენს და ვუყურებ როგორც ფილმებს, ისე სერიალებს. ბოლოს ანდრეა პირლოს ავტობიოგრაფიული წიგნი წავიკითხე და შთაბეჭდილებებით ვარ სავსე. ძალიან მაგარი წიგნია. აქამდე, პირლოს ფეხბურთი მომწონდა და წიგნის წაკითხვის შემდეგ, როგორც ადამიანი, ძალიან დავაფასე. ყველას ვურჩევ რომ წაიკითხოს ეს წიგნი და უდიდეს სიამოვნებას მიიღებს. მე თვითონ, იუვენტუსის გულშემატკივარი ვარ 7 წლიდან და იტალიის ნაკრებსაც ვქომაგობ. რაც შეეხება სერიალებს, ბოლოს ნარკოსს და ჩერნობილს ვუყურე. იმდენი ფილმი ვნახე, რომ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მოკლედ, ასე ვატარებ დროს.

📋 პოპსპორტის ტექსტები პირლოზე

popsport: ბოლოს, მიმართე გულშემატკივრებს, რომლებიც სეზონის განახლებას ელოდებიან.

ცინცაძე: ფეხბურთელებს ყოველდღიური შეხება გვაქვს გულშემატკივრებთან და ეს ძალიან სასიამოვნოა. ბათუმში უყვართ ფეხბურთი. როდესაც დავრბივარ, ყველა იმას მეუბნება, რომ ერთი სული აქვთ როდის განახლდება ჩემპიონატი, რომ მოვიდნენ და გვიგულშემატკივრონ. დიდი მადლობა მათ ამისთვის: ქალაქის და ფეხბურთის სიყვარულისთვის.

📺 არქივი: გიორგი უგულავას ინტერვიუ მათე ცინცაძესთან [24.01.2020]

კომენტარები

ბოლო ამბები