Thumbnail
  • 'გაგვაფრთხილეს, რომ კუნძულის დატოვების უფლება არ გვაქვს'
  • ბექა ბურჯანაძემ ინტერვიუში ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა

გრან კანარიას ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე კანარის კუნძულებზე თვითიზოლაციაში იმყოფება და ესპანეთის ჩემპიონატის განახლებას ელის. შეგახსენებთ, რომ ACB ლიგა კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა, თუმცა, არსებობს ალბათობა, რომ ის ლას პალმასში განახლდეს, სადაც საშინაო შეხვედრებს ქართველის გუნდი ატარებს. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ბურჯანაძემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურთან ინტერვიუში ისაუბრა.

სამზადისი დერბისთვის და შეჩერებული ჩემპიონატი

14 მარტს გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფესთან პრინციპული მატჩი გველოდა და ამ დერბისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით. თამაშისთვის ყველა ბილეთი გაყიდული იყო და გუნდის ხელმძღვანელობამ ახალი დიზაინის ფორმებიც შეგვიკერა, რომლითაც პირველად სწორედ ტენერიფესთან უნდა გვეთამაშა. სამწუხაროდ, აღნიშნული შეხვედრას ჩატარება არ დაგვცალდა. 11 მარტს გავიგეთ, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო, მატჩი მაყურებლების გარეშე ჩატარდებოდა, მეორე თუ მესამე დღეს კი, მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ამგვარად, 12-13 მარტის შემდეგ ვარჯიშები შეწყდა და გუნდის ყველა წევრი სახლებში კარანტინში გადავედით.

პლეი ოფი კანარის კუნძულებზე 12 გუნდით?

20 აპრილს ონლაინ-კონფერენცია ჩატარდა, სადაც ესპანეთის პროფესიული საკალათბურთო ლიგის ხელმძღვანელობა ACB ლიგის გუნდების წარმომადგენლებს სეზონის შესაძლო გაგრძელება-დასრულებაზე ესაუბრა. 31 მაისს არის დედლაინი ანუ ბოლო ვადა, როცა უნდა გადაწყდეს, ჩემპიონატს რა ბედი ეწევა. შესაძლო სცენარებს შორის ყველაზე რეალურია, რომ ამ დროისთვის 12 საუკეთესო გუნდი კანარის რომელიმე კუნძულზე შეიკრიბოს და მაქსიმუმ 10 ივლისამდე ტურნირი დაასრულოს. ერთ-ერთი კანდიდატი ლას პალმასია და იმედია, მასპინძლად სწორედ ჩვენს ქალაქს შეარჩევენ. თუკი ესპანეთის ჩემპიონატს შინაურ არენაზე დავასრულებთ, წარმატების მიღწევის მეტი შანსი გვექნება.

გრან კანარიას პრობლემები და შანსები

სეზონის დასაწყისშიც და ალბათ ახლაც, სანამ თამაშები შეწყდებოდა, ჩვენი გუნდისგან უფრო მეტს ელოდნენ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ გრან კანარიაში მწვრთნელი და შემადგენლობის 95% შეიცვალა. ახალი წევრების შეთამაშება ადვილი არ იყო და ამისთვის არცთუ ცოტა დრო დაგვჭირდა. ბოლოს მართლა კარგად ვთამაშობდით და იყო შანსი, კიდევ უფრო მოგვემატებინა, ამიტომაც სეზონის შეწყვეტა ძალიან გვეწყინა. გუნდის მიზანს რაც შეეხება, თავიდანვე პლეი ოფში, ანუ 8 საუკეთესოს შორის მოხვედრა და რომელიმე ევროტურნირზე გასვლა იყო. ეს მიზანი ძალაში რჩება, თუმცა სეზონი თუ გაგრძელდა, როგორც აღვნიშნე, დიდი ალბათობით, პლეი ოფში 12 საუკეთესო ითამაშებს.

თორნიკე შენგელია და ბექა ბურჯანაძე

გაფრთხილება კალათბურთელებს: არ დატოვოთ კუნძული

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფრენები შეწყვეტილი არ იყო და მგზავრობა შეიძლებოდა, გუნდის წევრები გაგვაფრთხილეს, რომ კუნძულის დატოვების უფლება აღარ გვქონდა. შესაბამისად, ყველანი სახლებში ვართ, კარანტინის პირობებს მკაცრად ვიცავთ და ჩემპიონატის გაგრძელებას ველით. სავარჯიშო პროგრამაც გვაქვს, რომელიც გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელმა შეგვიდგინა. თორმეტივე კალათბურთელს ველო-ტრენაჟორი დაგვირიგეს, რათა ფიზიკური ფორმა შევინარჩუნოთ. სიმართლე გითხრათ, როდესაც ბურთთან შეხება არ გვაქვს, ძალიან ძნელია, ფორმიდან არ ამოვარდე, თუმცა მაქსიმუმს ვაკეთებ და ვცდილობ, კომპენსირება ფიზიკური ფორმის შენარჩუნებით მოვახდინო. თუკი სეზონი გაგრძელდა, თამაშებს მოუმზადებელი არ შევხვდები.

საქართველოში უფრო უსაფრთხოა

სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე და პატარა გოგონა აქ არ არიან. კორონავირუსმა სწორედ მაშინ იფეთქა, როდესაც საქართველოდან ესპანეთში წამოსვლას აპირებდნენ. მაშინ გული კი დამწყდა, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, მათი უსაფრთხოებისთვის, ასე სჯობდა. მათ გარეშე ძალიან მიჭირს, თუმცა, თბილისში უფრო დაცულები არიან და ესაა მთავარი. ისე, კანარის კუნძულებზე ისეთი საგანგაშო ვითარება არაა, როგორც მადრიდში, ბარსელონასა და კონტინენტური ესპანეთის სხვა დიდ ქალაქებში. სწორედ ამიტომაც გადაწყდა, რომ ესპანეთის ჩემპიონატის გასაგრძელებლად საუკეთესო ადგილი კანარებია, სადაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ნაკლები ინფიცირებულია. 

გართობა ონლაინ-ვიდეოთამაშებით

მე და დუდა სანაძე ინტერნეტის საშუალებით ყოველდღიურად ვთამაშობთ. ძირითადად Playstation-ის Call of Duty-ია ჩვენი ინტერესის სფერო და თამაშში ხშირად თორნიკე შენგელია და ვიქტორ სანიკიძეც გვიერთდებიან. ასე რომ, კომპიუტერული თამაშები საუკეთესო საშუალებაა იზოლაციაში დროის გასაყვანად. ცხადია, მაღაზიებში გასვლაც მიწევს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ვცდილობ, ერთ გასვლაზე მთელი კვირის სამყოფი პროდუქტი შევიძინო. თუ მარკეტში ადრიანად არ გახვედი, დღის მეორე ნახევარში დახლების უმეტესობა დაცარიელებულია. ეს ეხება ხორცის პროდუქტებს, ხილს, ბოსტნეულსა და სხვა ძირითადი მოთხოვნილების საქონელს.

'საქართველოს ნაკრებს უსაზღვრო პოტენციალი აქვს'

საქართველოს ეროვნული ნაკრები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს დიდი პოტენციალი გააჩნია. 2 ურთულესი მატჩი მოვიგეთ ისე, რომ არაერთი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა და თანაც, სატურნირო თვალსაზრისით სანერვიულო არაფერი გვქონდა. მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები ვართ და ევრობასკეტის საგზური განაღდებული გვაქვს. ასეთ ვითარებაში შვეიცარიისა და განსაკუთრებით სერბეთის დამარცხება ძალიან სასიხარულო იყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ არასდროს ვნებდებით და ყველა თამაშზე გასამარჯვებლად გავდივართ. ბედნიერი ვარ, რომ ამ მატჩებში ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვის საშუალება მომეცა.  

ევრობასკეტი

სამწუხაროდ, ევროპის ჩემპიონატმა 1 წლით გადაიწია, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ შინ ვთამაშობთ და იმედია, ევრობასკეტის ტრავმების გარეშე შევხვდეთ. სხვა მხრივ კი, ჩვენი პოტენციალი უსაზღვროა. მჯერა, საკუთარი ქომაგების თვალწინ მეტი შემართებით ვითამაშებთ და საქართველოს ვასახელებთ. ევროპის ჩემპიონატს მოუთმენლად ველი და ალბათ, ქართული კალათბურთის ყველა გულშემატკივარი ასეა.

ბურჯანაძე იზოლაციაში ვარჯიშობს და ესპანეთის ტოპ-კლუბებს კანარის კუნძულებზე ელოდება 🏀💪⛹‍♂🇪🇸 ☑ყველაზე რეალურია, რომ...

Posted by საქართველოს კალათბურთის ფედერაცია • Georgian Basketball Federation on შაბათი, 25 აპრილი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები