Thumbnail

ძაგნიძე ევროპის ნაკრებში – ქართველი მოჭადრაკე ერთა თასზე ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2524) გუნდურ ონლაინ-ტურნირში (“ერთა თასი”) ითამაშებს, სადაც მის გარდა მსოფლიოს უძლიერეს დიდოსტატებს ვიხილავთ.

უჩვეულო შეჯიბრი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, მათ შორის საჭადრაკო შეხვედრების ჩატარებაც შეუძლებელი გახდა.

ფიდე-ს ორგანიზებული ტურნირი 5-10 მაისს ჩატარდება და მასში აშშ-ს, ჩინეთის, ინდოეთის, რუსეთის, ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებები ითამაშებენ.

ძაგნიძე ევროპის გუნდის სათადარიგო მოჭადრაკეთა შორის მოხვდა პოლონელ იან-კშიშტოფ დუდასთან ერთად, ძირითადი ოთხეული კი ფრანგმა მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა, სომეხმა ლევონ არონიანმა, ჰოლანდიელმა ანიშ გირიმა და უკრაინელმა ანა მუზიჩუკმა შეადგინეს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მოჭადრაკემ მარტში შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართული ქალთა გრან-პრის მე-3 ეტაპი მოიგო, რისი წყალობითაც მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. 

ევროპის გუნდის კაპიტნის დასახელება ევროპის საჭადრაკო კავშირის ქართველ თავმჯდომარე ზურაბ აზმაიფარაშვილს ევალებოდა და მან არჩევანი ძველ მეგობარზე, მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა გარი კასპაროვზე შეაჩერა.

აღნიშნული 6 გუნდი ერთმანეთს წრიული სისტემით (10 ტური ორ წრედ) რაპიდში (25 წუთი+10 წამი თითოეულ სვლაზე) დაუპირისპირდება, 2 საუკეთესო კი 10 მაისს, ერთამანეთს ფინალში გაეჯიბრება.

შეხვედრები 4 დაფაზე წარიმართება და აუცილებელია, რომ ერთ-ერთი მონაწილე ქალი იყოს. მოთამაშეთაგან ყველაზე მხცოვანი 50 წლის ინდოელი ვიშვანათჰან ანანდია, უმცროსი კი 16 წლის ირანელი ალირეზა ფიროუზა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 180 ათასი დოლარი იქნება, ამასთან, თითო გუნდს მხოლოდ მონაწილეობისთვის 24 ათასი ერგება.

საჭადრაკო “ერთა თასი”

აშშ: ფაბიანო კარუანა, ჰიკარუ ნაკამურა, უესლი სო, ირინა კრუში. სათადარიგოები: ლენიერ დომინგესი, ანა ზატონსკიხი.

ჩინეთი: დინ ლიჟენი, ვან ჰაო, ვეი ი, ჰოუ იფანი. სათადარიგოები: იუი იანი, ცზიუ ვენცზიუნი.

ინდოეთი: ვიშვანათან ანანდი, ვიდიტ გუჯრატი, პენტალა ჰარიკრიშნა, ჰამპი კონერუ. სათადარიგოები: ადიბან ბასკარანი, ჰარიკა დრონავალი.

რუსეთი: იან ნეპომნიაშჩი, ვლადისლავ არტემიევი, სერგეი კარიაკინი, ალეკსანდრა გორიაჩკინა. სათადარიგოები: დმიტრი ანდრეიკინი, ოლგა გირია.

ევროპა: მაქსიმ ვაშიე ლაგრავი (საფრანგეთი), ლევონ არონიანი (სომხეთი), ანიშ გირი (ჰოლანდია), ანა მუზიჩუკი (უკრაინა). სათადარიგოები: იან კშიშტოფ-დუდა (პოლონეთი), ნანა ძაგნიძე (საქართველო).

დანარჩენი მსოფლიო: ტეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი), ალირეზა ფიროუზა (ირანია), ბასემ ამინი (ეგვიპტე), მარია მუზიჩუკი (უკრაინა). სათადარიგოები: ხორხე კორი (პერუ), დინარა სადუაკასოვა (ყაზახეთი).

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები