Thumbnail

პირველი პრეცედენტი! ნიდერლანდებში სეზონი დასრულებულად გამოცხადდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ნიდერლანდები პირველი ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო, საფეხბურთო სეზონი ვადაზე ადრე დასრულდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის სამეფო საფეხბურთო კავშირმა (KNVB) დღევანდელ სხდომაზე მიიღო, რომელიც ვიდეო-კონფერენციის საშუალებით წარიმართა.

გადაწყდა, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონი არ გამოვლინდება, სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფი გუნდები კი არ გავარდებიან. ჩემპიონთა ლიგაზე აიაქსი და ალკმაარი ითამაშებენ, ევროპის ლიგაში კი - ფეინოორდი, პსვ და ვილემ II.

KNVB იძულებული იყო ამ ნაბიჯზე საწულიყო, მას შემდეგ, რაც ნიდერლანდების მთავრობამ ქვეყნის ტერიტორიაზე პროფესიული საფეხბურთო ტურნირების ჩატარება 1 სექტემბრამდე აკრძალა.

უახლოეს დღეებში ნიდერლანდელები საკუთარ გადაწყვეტილებას უეფა-ს გააცნობენ და მისგან საჭირო რეკომენდაციებს მიიღებენ.

ცნობისთვის, იყო ვარაუდი, რომ ერედივიზიონის ჩემპიონად აიაქსი გამოცხადდებოდა, თუმცა, ამ აზრს, თავად ამსტერდამელთა გარდა, მხარს ფაქტობრივად არავინ უჭერდა.

საქმე ის გახლავთ, რომ 25 ტურის თავზე აიაქსს 56 ქულა ჰქონდა და ალკმაარს მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობით უსწრებდა, ამდენად, მათთვის საჩემპიონო სინის გადაცემა არასამართლიანად მოსჩანდა.

კომენტარები

ბოლო ამბები