Thumbnail

ყველა ჩემპიონატი არ განახლდება, 'ევრო 2020' რჩება - უეფას გადაწყვეტილებები

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

23 აპრილს უეფამ აღმასკომის სხდომა ვიდეოკონფერენციის სახით გამართა, რომელიც კორონავირუსის მსოფლიო პანდემიის პირობებში, მორიგი გადაწყვეტილებების მისაღებად შეიკრიბა.

უეფა კალენდარის ორ ვარიანტს ამუშავებს. პირველის მიხედვით ეროვნული პირველობების დასრულების შემდეგ განახლდება ევროთასები, მეორის მიხედვით - ტურნირები პარალელურ რეჟიმში ჩატარდება.

უეფა კვლავ მოუწოდებს ყველა ასოციაციას, რომ ყველა არსებული რესურსი გამოიყენოს, ტურნირების ჩასამთავრებლად, თუმცა უეფა უშვებს იმის ალბათობასაც, რომ ეროვნული ჩემპიონატები აღარ განახლდეს. ამისთვის ორი მიზეზია საჭირო:

1. ქვეყნის მთავრობის აკრძალვა სპორტული ღონისძიებების გამართვაზე.

2. მძიმე ეკონომიკური სიტუაცია, რომელიც სეზონის განახლების შემთხვევაში კლუბებსა და ასოციაციებს ფინანსურად მძიმე დარტყმას მიაყენებს.

ამ შემთხვევაში, უეფა მომდევნო სეზონის ევროთასების მონაწილეებს მხოლოდ და მხოლოდ სპორტული პრინციპით გამოავლენს, რომლის რეკომენდაციის საფუძველზე, ევროთასების საგზურების მფლობელებს კონკრეტული ასოციაცია დაასახელებს. 

უეფა უფლებას იტოვებს, მონაწილეების არასწორი პრინციპით გამოვლენის შემთხვევაში, ჩაერიოს. უეფა ასევე დასჯის იმ ასოციაციას, რომელიც ტურნირს ზემოთ ჩამოთვლილი ორი მიზეზის გარდა, სხვა მიზეზით გააუქმებს. 

ევრო 2020

უეფას აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2021 წლის ევროპის ჩემპიონატს მაინც ძველი სახელი დარჩეს - ევრო 2020. ეს გადაწყვეტილება იმის საფუძველზე მიიღეს, რომ ევროპის მომავალი ჩემპიონატი ტურნირის 60 წლისთავს მიეძღვნა, რომელიც 2020 წელს შესრულდა. 

ამასთან, ამ ბრენდით უკვე ბევრი პროდუქცია გამოვიდა, სახელის შეცვლა კი ორგანიზაციას ფინანსურად აზარალებს. 

ასევე გაირკვა, რომ U21 ევროს გადადებაზე 11 მაისს იმსჯელებენ, გადაწყვეტილებას კი 27 მაისს, უეფას მორიგ აღმასკომზე მიიღებენ. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიაა. 2.65 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგანაც 185 ათასი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები