Thumbnail
  • ამ დროისთვის, ქართველი მოჭიდავეების აქტივში 4 საგზურია
  • სალიცენზიო ფავორიტთა შორის ხინჩეგაშვილი და კენჭაძეც არიან

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ (UWW) ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის სალიცენზიო ბრძოლაზე ისაუბრა და ქართველი ფალავნებიც ახსენა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2020 წლის ნაცვლად 2021-ში გაიმართება და ხალიჩაზე, როგორც თავისუფალ, ასევე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ექვ-ექვსი წონითი კატეგორიის წარმომადგენლებს ვიხილავთ.

ამ დროისთვის, სხვადასხვა წონაში 8-8 მოჭიდავის (უფრო სწორად, ქვეყნის, რადგანაც ოლიმპიადაზე, შესაძლოა, ის ფალავანი სულაც არ გაემგზავროს, ვინც სამშობლოს ლიცენზია მოუტანა) ვინაობა ვიცით. ეს არის მოწინავე ექვსეული ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში გამართული 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატიდან და 2 ფალავანი პან ამერიკული თამაშებიდან.

ვინაიდან თითოეულ წონაში საუკეთესო 16 მოჭიდავეს ვიხილავთ, გამოსარკვევი კიდევ 8-8 ფალავანია: აფრიკა-ოკეანეთიდან (2), ევროპიდან (2), აზიიდანა (2) და მსოფლიო რეიტინგის (2) მიხედვით.

თავიდანვე ვთქვათ, რომ თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური წონები 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ია, ბერძნულ-რომაულში კი – 60, 67, 77, 87, 97 და 130 კგ.

საინტერესოა, რომ ამ დროისთვის საქართველოს 12 შესაძლებელიდან მხოლოდ 4 ლიცენზია აქვს და ჭიდაობის ორივე სახეობაში, ორ უმძიმეს კატეგორიაში.

ელიზბარ ოდიკაძე

თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს გასულ ჩემპიონატზე მოწინავე ექვსეულში ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ. მე-5) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ. 1-ლი) მოხვდნენ, ხოლო ბერძნულ-რომაულში – გიორგი მელია (97 კგ. მე-5) და იაკობ ქაჯაია (130 კგ. მე-3).

UWW-ს ვერსიით, ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვების კარგი შანსი კიდევ ორ ქართველ ფალავანს აქვს და ორივეს – თავისუფალ ჭიდაობაში.

65 კგ-მდე წონით კატეგორიაში ტოკიოს საგზურები უკვე ჯიბეში აქვთ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს – გაჯიმურად რაშიდოვსა (რუსეთი) და ბრინჯაო მედალოსან ისმაილ მუშუკაიევს (უნგრეთი).

ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებას ევროპიდან დარჩენილი საგზურებისთვის ბრძოლაში ფავორიტებად აზერბაიჯანელი ჰაჯი ალიევი და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მიაჩნია.

საინტერესოა, რომ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე (2016) ხინჩეგაშვილმა ალიევს მეოთხედფინალში მოუგო და მოგვიანებით ოქროს მედლის მფლობელიც გახდა, აზერბაიჯანელმა კი რევანშის აღება 2019 წლის ევროპულ თამაშებზე მოახერხა.

გასული მსოფლიოს პირველობის მე-2 რაუნდში ლადომ ხსენებულ მუშუკაიევთან წააგო.

UWW-ს აზრით, ტოკიოში გამგზავრების კარგი შანსი აქვს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპონატის ვერცხლის მედალოსან ავთანდილ კენჭაძესაც (74 კგ.), რომელმაც ყაზახეთში, მე-2 წრეში, მომავალ ბრინჯაოს მედალოსან ზელიმხან ხაჯიევთან (საფრანგეთი) წააგო.

სხვათა შორის, საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე დაღესტნელს მოგვიანებით დოპინგის მიღება დაუმტკიცდა და ოლიმპიადის საგზური, მის ნაცვლად, მე-6 ადგილზე გასულ პოლონელ კამილ რიბიცკის გადაეცა.

ავთანდილ კენჭაძე

ხსენებულ ფალავანთა გარდა, ევროპიდან ოლიმპიადის ლიცენზიები ფინალისტებმა ასლანბეკ სიდაკოვმა (რუსეთი) და ფრანკ ჩამიზომ გაინაღდეს.

ამგვარად, დარჩენილი კონტინენტური საგზურებისთვის, კენჭაძის კონკურენტები ტოგრულ ასგაროვი ან ხაჯიმურად გაჯიევი (აზერბაიჯანი), მურად კურამაგომედოვი (უნგრეთი) და აზამატ ნურიკაუ (ბელარუსი) იქნებიან.

სამწუხაროა, რომ ლიცენზიანტთა სიაში ვერ ვხედავთ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს – ბექა ლომთაძეს (61 კგ. თავისუფალი ჭიდაობა), ნუგზარ წურწუმიასა (55 კგ. ბერძნულ-რომაული) და ლაშა გობაძეს (82 კგ. ბერძნულ-რომაული), რომელთა წონებიც ოლიმპიადაზე წარმოდგენილი არ იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები