Thumbnail
  • ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩები ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართება
  • ჩრდილოეთ ირლანდიას ახალი მწვრთნელი დასჭირდება

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების თავკაცი მაიკლ ო'ნილი თანამდებობიდან მას მერე გადადგა, რაც შეიტყო, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩები სავარაუდოდ, ოქტომბერ-ნოემბერში გაიმართება.

ო'ონილს ჯერ კიდევ მარტში უნდა გამოეყვანა ჩრდილო ირლანდიის ნაკრები პლეი ოფის ნახევარფინალში ბოსნია/ჰერცეგოვინის წინააღმდეგ მატჩში. ო'ნილი საკლუბო და სანაკრებო საქმეს ერთმანეთს უთავსებდა, ის სტოკ სიტის თავკაცია, მაგრამ ოქტომბერში უკვე ახალი სეზონი იქნება დაწყებული და მას არჩევანის გაკეთება მოუწია. 

ო'ნილი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს 2011 წლიდან წვრთნიდა, მან გუნდი ევრო 2016-ზე გაიყვანა და ახლოს იყო 2018 წლის მუნდიალის ფინალური ეტაპის საგზურთანაც. 2019 წლის ნოემბერში სტოკ სიტიმ მაიკლ ო'ნილი მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშნა და სანაკრებო კარიერის გაგრძელების უფლებაც მისცა იმ პირობით, რომ ევრო 2020-ის შემდეგ (თუ ნაკრები გავიდოდა ევროპის ჩემპიონატზე), ის ეროვნული გუნდიდან წამოვიდოდა. კორონავირუსის მსოფლიო პანდემიამ კი ყველაფერი არია - ევროპის ჩემპიონატი სულაც 2021 წლისთვის გადავადდა, პლეი ოფი კი - სავარაუდოდ, ოქტომბერ-ნოემბრისთვის. 

სხვათა შორის, საქართველოს ნაკრების თავკაც ვლადიმირ ვაისს კონტრაქტი ეროვნულ გუნდთან კონტრაქტი მარტის ბოლოს ამოეწურა. 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. დიდი ალბათობით, პლეი ოფის ნახევარფინალი ბელარუსის ნაკრებთან თბილისში ოქტომბერში გაიმართება. თუ ნაკრები ფინალში გავა, მაშინ თბილისშივე ნოემბერში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მარტში პლეი ოფი ისე იყო დაგეგმილი, რომ მატჩებს შორის 4 დღე იყო, შემოდგომით კი ნახევარფინალსა და ფინალს შორის თითქმის ერთთვიანი პაუზა იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები