Thumbnail

ფეტელს სასაცილო პირობები შესთავაზეს! ფერარიში ალონსო დაბრუნდება?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფერარისა და სებასტიან ფეტელს შორის პირველმა მოლაპარაკებამ შედეგი არ გამოიღო
  • ინსაიდერის თქმით, სკუდერიამ გერმანელს სასაცილო პირობები შესთავაზა
  • არის შანსი, რომ ფერარიში ფერნანდო ალონსო ვიხილოთ

ფერარიში საქმე არცისე კარგადაა. არა მარტო კორონავირუსის გამო. ‘გაძეტა დელო სპორტის’ ცნობით, სებასტიან ფეტელმა სკუდერიას პირველ შეთავაზებაზე, კონტრაქტის გაგრძელებასთან დაკავშირებით, უარი თქვა. როგორც იცით, გერმანელს მოქმედი კონტრაქტი 2020 წლის ბოლოს უმთავრდება. სება ფერარიში 2015 წლიდანაა.

მართალია, ფეტელი სკუდერიაში დარჩენაზე უარს არ ამბობს, მაგრამ ეს კიდევ დიდხანს არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ შეთავაზებას დათანხმდება. იტალიურ მედიაში წერენ, რომ ფერარი ფეტელს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს - თანაც, ხელფასის განახევრებით. გერმანულმა Sport1-ს ერთ-ერთმა ინსაიდერმა განუცხადა, რომ წინადადება, რომლითაც ფერარიმ სებას მიმართა, მართლაც სასაცილო იყო.

ამ ცნობებს ამყარებს ის ფაქტიც, რომ ფეტელმა ერთ-ერთ ვიდეო-პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აქამდე ყოველთვის 3-წლიან კონტრაქტებს აფორმებდა და დასძინა: “გამოცდილი ნამდვილად ვარ, მაგრამ მოხუცი - ჯერ არა!”

რამდენიმე დღის წინ ფორმულა 1-ის ყოფილმა შეფმა ბერნი ეკლსტოუნმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ფეტელმა მაკლარენში გადასვლაზე უნდა იფიქროს, სადაც 2021 წლიდან რენოს ნაცვლად, მერსედესის ძრავებს გამოიყენებენ.

რიკარდო, საინსი თუ ალონსო?

რჩება კითხვა: რომელ პილოტზე ფიქრობენ სკუდერიაში ფეტელის შემცვლელად? სპეკულაციების თანახმად, ფერარის რამდენიმე კანდიდატი ჰყავს. მაგალითად, დანიელ რიკარდო, რომელსაც რენოსთან კონტრაქტი წლის ბოლოს უმთავრდება. ასევე იწერება კარლოს საინსზე, რომელიც 2021 წლიდან ასევე თავისუფალი იქნებოდა. ჩვენი იტალიელი კოლეგების ცნობით, ფერარის ახალბედა ანტონიო ჯოვინაცი მხოლოდ უკიდურესი შემთხვევის კანდიდატია.

ყველაზე საინტერესო კი ფერნანდო ალონსოს კანდიდატურაა! 38 წლის ესპანელი სკუდერიაში 2010–2014 წლებში გამოდიოდა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია (2005, 2006). როგორც ირკვევა, ალონსო ფერარიში დაბრუნებით დაინტერესებულია.

კომენტარები

ბოლო ამბები