Thumbnail
  • ბრაზილიის ნაკრებისა და რეალის ყოფილმა მცველმა მედიასთან ნეიმარზე ისაუბრა
  • 47 წლის ბრაზილიელმა ინტერიდან მადრიდის რეალში თავისი ტრანსფერიც გაიხსენა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა რობერტო კარლოსმა, რომელიც კარიერის საუკეთესო წლებში მადრიდის რეალში გამოდიოდა, ჟურნალისტებთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

რობერტო კარლოსმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მის თანამემამულე ნეიმარს, რომელიც ამჟამად პარი სენ-ჟერმენის ღირსებას იცავს, მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად გახდომა შეუძლია.

"ნეიმარი წესრიგშია. ის ბედნიერია და გოლებს იტანს. მოკრძალების გამოჩენა პსჟ-ში - ეს ის არის, რისი დანახვაც მინდა. მომავალში მას შეუძლია, მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდეს. ნეიმარი გენიოსია და ასევე არიან ადამიანები, რომლებიც მის ცხოვრებაზე ზრუნავენ. 13-იდან 27 წლამდე მე ძალიან კონცენტრირებული ვიყავი. რეალის ხელმძღვანელობა მეხმარებოდა, რათა მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე მეფიქრა".

ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ღირსებას 2010 წლიდან იცავს

ნეიმარი პსჟ-ის ღირსებას 2017 წლის აგვისტოდან იცავს, სადაც ბარსელონადან 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. 27 წლის თავდამსხმელმა პარიზელთა მაისურით ყველა ტურნირის 80 მატჩში ითამაშა, გაიტანა 69 გოლი და მიითვალა 39 საგოლე პასი. 

რობერტო კარლოსმა მილანის ინტერიდან მადრიდის რეალში გადასვლის ამბავიც გაიხსენა, რომელიც 1996 წლის ზაფხულს უკავშირდება. მაშინ ესპანელებმა იტალიელებს ტრანსფერში 4,8 მლნ აშშ დოლარი გადაუხადეს.

"ინტერში ფლანგზე მათამაშებდნენ. პრობლემა ის იყო, რომ პირველ შვიდ მატჩში ამდენივე გოლი შევაგდე. გადაწყვიტეს, რომ წინ უნდა მეთამაშა და ამის გამო ძალიან ვშფოთავდი. დაველაპარაკე ინტერის პრეზიდენტ მასიმო მორატის. ავუხსენი, რომ წინ თამაშს ვერ გავაგრძელებდი, რადგან სამ თვეში კოპა ამერიკა უნდა გამართულიყო. იმავე დღეს შეხვედრა მქონდა რეალის პრეზიდენტთან ლორენსო სანსთან. სულ რაღაც 10 წუთის შემდეგ დავტოვე ინტერი და გადავედი რეალში. იმ დროს ყველაფერი სწრაფად ხდებოდა", - ამბობს 47 წლის ბრაზილიელი. 

რობერტო კარლოსს სტანდარტული მდგომარეობიდან არაერთი გოლი აქვს გატანილი

რობერტო კარლოსი "სამეფო კლუბში" 2007 წლამდე გამოდიოდა. მცველმა რეალთან ერთად ესპანეთის ჩემპიონობა ოთხჯერ იზეიმა და ჩემპიონთა ლიგის სამი ტიტული მოიგო. ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კარლოსი 2002 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მანამდე - 1998 წელს კი ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.

კომენტარები

ბოლო ამბები