Thumbnail

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით, 11 აპრილს საქველმოქმედო მარათონი, "ქართული ჭადრაკი კორონავირუსის წინააღმდეგ" დაიწყო. ყველა მსურველს შეუძლია ვირუსთან ბრძოლის ფონდში მინიმუმ 100 ლარი გადარიცხოს და შემდეგ 3-პარტიან ონლაინმატჩში ისეთი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები გამოიწვიოს, როგორებიც არიან: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, ასევე - საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები.

10 დღის განმავლობაში 10 000 ლარზე მეტი შეგროვდა. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე ამბობს, რომ მარათონი გაგრძელდება.

popsport: რა გამოხმაურება მოყვა საქველმოქმედო მარათონს და როგორი შედეგებია ამ დროისთვის?

გიორგაძე: 20-მდე პირი ჩაერთო ამ აქციაში, რაც ძალიან სასიამოვნოა. შეგროვდა 10 000 ლარზე ცოტა მეტი და ეს თანხა გადაირიცხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში. 100 ლარი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მოყვარულ მოჭადრაკეს გამოეწვია სათამაშოდ პროფესიონალი, მაგრამ ბევრმა მათგანმა უფრო მეტი გადაიხადა. მთავარი ქველმოქმედებაა და მინდა თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო. 

popsport: ალბათ გაიმართა უკვე პარტიები და ვისთან თამაში სურთ ყველაზე ხშირად მოქალაქეებს?

გიორგაძე: ონლაინთამაშს ადაპტირება და შესაბამისი პროგრამების ცოდნა ჭირდება, რაც ცოტა გაუჭირდათ ნონა გაფრინდაშვილს და მაია ჩიბურდანიძეს. ამიტომ, ამ ეტაპზე, აღარ შევაწუხეთ ჩვენი ლეგენდარული მოჭადრაკეები. სამაგიეროდ, როდესაც ეს ყველაფერი გადაივლის და დაპირებისამებრ, ჩავატარებთ ერთობლივ საჭადრაკო სეანსს, იქ აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას - ითამაშებენ საქველმომედო აქციაში მონაწილე პირებთან და ხელმოწერებსაც დაარიგებენ. ასე რომ, ვინც თანხა გადარიცხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში, აუცილებლად ითამაშებს მაიასთან და ნონასთან. რაც შეეხება ონლაინპარტიებს, ნანა იოსალიანია აქტიურად ჩართული, მეც მომიწია თამაში და სხვა პროფესიონალ მოჭადრაკეებსაც.

popsport: ხომ არ დაფიქსირდა სენსაციური შედეგები?

გიორგაძე: მთავარი მაინც მონაწილეობაა და არა შედეგი. ამიტომ, რეზულტატს არ ვაქცევთ ყურადღებას. თუ თამაშის მონაწილეები ჩათვლიან საჭიროდ, თვითონ გააჟღერებენ შედეგს. ვფიქრობ, თუ მოყვარული მოიგებს პარტიას, საამაყოდ ექნება საქმე და ამას არც დამალავს.

popsport: საქველმოქმედო მარათონი 21 აპრილამდე გრძელდება?

გიორგაძე: თავიდან ასე იყო დაგეგმილი, მაგრამ მოთხოვნა არის და ამიტომ, არ შემოვიფარგლებით მხოლოდ 10 დღით. აქცია გაგრძელდება და ვისაც სურვილი ექნება მონაწილეობის, ნებისმიერ დროს შეუძლია ჩაერთოს. სიამოვნებით გავუწევთ ორგანიზებას საქველმოქმედო მატჩებს. 

popsport: ასეთი აქტიურობა ალბათ სტიმულია ჭადრაკის ფედერაციისთვის, რომ საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გამართოს...

გიორგაძე: ეს ჩვენი პირველი საქველმოქმედო აქცია არ არის. 2015 წელს, როდესაც თბილისში წყალდიდობა მოხდა, ჩვენ ერთობლივი თამაშის სეანსი ჩავატარეთ და მაშინაც შევაგროვეთ ფული ჩვენი ქალაქის დასახმარებლად. მაშინ ბევრი მსურველი გამოჩნდა, მათ შორის ყოფილი მოჭადრაკეები, რომლებმაც შემდეგ სხვადასხვა სფეროში გადაინაცვლეს. ამჯერად, ასე ერთად შეკრება არ გამოვიდა და ამიტომ, ავირჩიეთ დისტანციური თამაშის მეთოდი. როგორც აღვნიშნე, 21 აპრილს უნდა დასრულებულიყო მიმდინარე აქცია, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ საქველმოქმედო მარათონს და მომავალშიც მზად ვართ, ვიაქტიუროთ ამ მიმართულებით.

გია გიორგაძე - საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი

როგორ მივიღოთ მონაწილეობა

1. რეგისტრირდებით საიტზე www.chess.com. ეს არის ჭადრაკის ონლაინსივრცე და სოციალური ქსელი - ყველაზე პოპულარული და მრავალმომხმარებლიანი საიტი ჭადრაკის მოყვარულთათვის.

2. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში StopCov რიცხავთ მინიმუმ 100 ლარს.

3. მეილზე chesspoti@yahoo.com უკავშირდებით ონლაინტურნირების გვერდის ადმინისტრატორ დავით კოდუას. უგზავნით StopCov ფონდში გადარიცხული თანხის დამადასტურებელ ნებისმიერ საბუთს და მეილში წერთ, რომელ მოჭადრაკესთან რა ფორმატის მატჩის გამართვა გსურთ.

4. ელოდებით საპასუხო შეტყობინებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: დავით კოდუას (chesspoti@yahoo.com; 593 399 264 - ონლაინტურნირების გვერდის ადმინისტრატორი) ან სოფო ნიკოლაძეს (sophonikola@hotmail.com; 593 246 256 - ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური).

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთი ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები