Thumbnail
  • ესპანური პრესის ცნობით, ზიდანს პერესთან ურთიერთობა გაუფუჭდა
  • ამის მიუხედავად, რამდენიმე ფაქტორი ზიდანის სასარგებლოდ მეტყველებს
  • ზიდანის რეალიდან წასვლის შემთხვევაში, მისი გადაბირება იუვეს სურს

ესპანური პრესის ცნობით, ზინედინ ზიდანს ურთიერთობა გაუფუჭდა რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან და მისი მომავალი მადრიდში გარანტირებული არ არის. ეს ინფორმაცია დიდ და უფრო სანდო გამოცემებს ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუმცა, ფაქტია, რომ რეალი ესპანეთის თასიდან უკვე გავარდა, ჩემპიონთა ლიგაში სიტისთან პირველი მატჩი შინ წააგო, ხოლო ჩემპიონატში ლიდერობა ბარსელონას დაუთმო.

პერესი თავისი მწვრთნელების მიმართ ყოველთვის ძალიან კრიტიკულია და იოლად უშვებს მათ გუნდიდან, თუმცა ზიდანის შემთხვევა შესაძლოა განსხვავებული აღმოჩნდეს. ეს რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: ეს სეზონი რეალისთვის უფრო გარდამავალია და ზიდანს შესაძლოა უტიტულოდ დარჩენაც აპატიონ. გარდა ამისა, კორონავირუსით გამოწვეული პაუზის გამო, დიდი ალბათობით, ამ სეზონის გვიან დასრულების მერე შემდეგი სეზონი იმდენად მალე, სულ რამდენიმე კვირაში, დაიწყება, რომ კლუბები მწვრთნელების შეცვლას და ახალი პროექტის დაწყებას მაქსიმალურად მოერიდებიან. ამისთვის საკმარისი დრო მათ უბრალოდ არ ექნებათ.

ესპანური პრესის ცნობით, თუკი ზიდანსა და რეალის ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გაღრმავდა, ამ სიტუაციით სარგებლობა ტურინის იუვენტუსს სურს. ტურინში უკვე იციან კონფლიქტის შესახებ, ზიდანის გადაბირება კი დიდი ხანია სურთ.

კომენტარები

ბოლო ამბები