Thumbnail

'უეფამ ტონი შეარბილა' - ვან დერ სარს იმედი აქვს, რომ სეზონი აღარ განახლდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

უეფა 21 და 23 აპრილს ორ ვიდეოკონფერენციას აპირებს: სამშაბათს ევროპული ფეხბურთის ბოსები 55 წევრი ქვეყნის წარმომადგენლებთან ისაუბრებენ, ხუთშაბათს კი უეფას აღმასკომის 'სხდომაა'.

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი ვარსკვლავი ედვინ ვან დე სარი ირწმუნება, რომ უეფამ შეიცვალა დამოკიდებულება სეზონის განახლებასთან დაკავშირებით. 

სეზონის დასრულება კვლავ პრიორიტეტია, მაგრამ ჰოლანდიელის თქმით, უეფამ შეარბილა პოზიცია საშუალო და დაბალი დონის ევროპული პირველობების მიმართ. თუ აქამდე უეფა სეზონის ნაადრევად დასრულების შემთხვევაში, ამ ქვეყნის კლუბების ევროთასებიდან მოკვეთით იმუქრებოდა, ახლა ეს ორგანიზაცია თითოეულ ქვეყანას მეტ თავისუფლებას მიანიჭებს. ერთი რამ ცხადია - TOP 5 ევროპული ჩემპიონატი (პრემიერლიგა, ლა ლიგა, ბუნდესლიგა, სერია A და ლიგა 1) უნდა განახლდეს. 

სამაგიეროდ, ისეთი ლიგები, როგორიც ბელგიური ჟუპილერ ლიგაა, ან შოტლანდიური პრემიერლიგა, დიდი ალბათობით, საბოლოოდ შეწყდება. ბელგიაში ჩემპიონად ბრიუგე გამოცხადდება, ხოლო შოტლანდიაში - სელტიკი. სეზონის შეწყვეტა სურთ ჰოლანდიაშიც. 

ედვინ ვან დერ სარი: "უეფას წარმომადგენლებს ბევრი ვესაუბრე. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს შორის კარგი ურთიერთობაა. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიზანი უცვლელია - ერედივიზიე დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს დასრულებულად, რომ კლუბებმა თანხები მიიღონ". 

49 წლის ედვინ ვან დერ სარი ამსტერდამის აიაქსის სპორტული დირექტორია, მას კარიერის განმავლობაში აიაქსის, იუვენტუსის, ფულემისა და მანჩესტერ იუნაიტედის კარი დაუცავს. 

შეგახსენებთ, რომ ევროპაში ახალი კორონავირუსის პანდემიაა. მსოფლიოს მასშტაბით ვირუსით 2.3 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, 156 ათასი კი გარდაიცვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები